„ბაღიდან ბავშვი უნდა გამოეყვანა. პოლიციელებს შეეხვეწა თურმე – ბავშვს გამოვიყვან, სახლში დავტოვებ და ჩემი ფეხით მოვალ პოლიციაშიო, მაგრამ არ გაითვალისწინეს, დააკავეს და პირდაპირ თბილისში წაიყვანეს გორიდან“, – „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული ვახო ფიცხელაურის მეუღლე თეო ბზიშვილი „ბათუმელებთან“ მისი მეუღლის დაკავების დეტალებს იხსენებს.
33 წლის ვახო ფიცხელაური ტელეფონების ხელოსანია. გორში, ნაქირავებ ფართში მაღაზია ჰქონდა გახსნილი და 6 ოქტომბრამდე, სანამ დააპატიმრებდნენ, იქ მუშაობდა.
პატიმრობის მეოთხე დღეს, 10 ოქტომბერს, ვახო ფიცხელაურმა შიმშილობა გამოაცხადა.
„2025 წლის 6 ოქტომბერს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა „პოლიციელებმა“ ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს ჩემზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება მხოლოდ იმის გამო, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ მის დასაცავად.
მაშინ როდესაც სახელმწიფო არის ჩემთან მიმართებაში დამნაშავე, არაფერს არ აკეთებენ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამოსაძიებლად და აღსაკვეთად.
დღეს მე ვიმყოფები უკანონო და უსამართლო ტყვეობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას და გამოვაცხადო შიმშილობა“, – წერია ვახო ფიცხელაურის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
მობილური ტელეფონების ხელოსანი ვახო ფიცხელაური ოჯახის მთავარი მარჩენალია. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი – 4 წლის ლუკა და 2 წლის თომა.
„ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით. პროტესტში რამდენიმე წელია რაც არის ჩართული. 2021 წლიდან. მისი მიზანი განცხადებული აქვს – უნდა, რომ საქართველო იყოს თავისუფალი და ევროპული ოჯახის წევრი.
28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ ის ცნობილი განაცხადი გააკეთა, ვახოც და მეც ავდექით, ჩავიცვით და ქუჩაში გავედით,“- ამბობს „ბათუმელებთან“ ვახო ფიცხელაურის მეუღლე თეო ბზიშვილი.
თეო ბზიშვილის თქმით, ვახო ფიცხელაური არაერთხელ გახდა „ქართული ოცნების“ სამართალდამცავი სისტემის სამიზნე, ერთხელ გაიტაცეს კიდეც. მისი გატაცების საქმე კი ამ დრომდე გამოძიებული არაა, არც დამნაშავეები დასჯილან.
„მე და ვახოს, ჩვენი ორი შვილით, ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო დაგვეტოვებინა ჩვენი ქვეყანა და წავსულიყავით რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. გვქონდა შემოთავაზება, რადგან თავისი აქტივიზმის გამო ვახო გაიტაცეს 26 იანვარს და სასტიკად გაუსწორდნენ. ეს შემთხვევა დღემდე არ არის გამოძიებული. მაგრამ არ წავედით ქვეყნიდან,“- ამბობს თეო ბზიშვილი.
ვახო ფიცხელაური ოჯახს მობილურების შეკეთებით არჩენდა. ხელობით იხდიდა სასესხო ვალდებულებებსაც, შვილების აღზრდაშიც აქტიურად იყო ჩართული.
ვახო ფიცხელაურის მეუღლე განსაკუთრებით ნერვიულობს მის შიმშილობაზე, რადგან მას ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს. შიმშილობა კი ამ პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს.
„სხვადასხვა დაავადება აქვს. ფეხები სტკივა. ერთი დაავადების გამო სისხლს კარგავს. სულ ამბობდა, რომ მიხედავდა თავს, მაგრამ ვერასდროს მოიცალა საკუთარი თავისთვის. ახლა შიმშილობა დაიწყო, რაც განსაკუთრებით მძიმეა მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის,“ – ამბობს თეო ბზიშვილი.
ოფიციალური ბრალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს, პროკურატურამ ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარუდგინა.
ვახო ფიცხელაურს 9 ოქტომბერს მოსამართლე ნანა შამათავამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.






