კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

საადრეო მანდარინის სამრეწველო ბაღები აჭარაში

16.10.2016 • 5765
საადრეო მანდარინის სამრეწველო ბაღები აჭარაში

მანდარინის კრეფის სეზონი აჭარაში აქტიურ ფაზაში ნოემბრის დასაწყისიდან შევა, ნოემბრის ბოლოს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 45 ფერმერს საადრეო ჯიშის მანდარინის ნერგებს დაურიგებს. საადრეო მანდარინის სამრეწველო დანიშნულების სადემონსტრაციო ბაღები ჯამში 7 ჰექტარზე გაშენდება. ფერმერულ მეურნეობებში მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების [მათ შორის მოცვის, თხილისა და კაკლის] ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა სამინისტროს წელს 1 131 954 ლარი დაუჯდება.

ფერმერები კომისიამ გაზაფხულზე შეარჩია. თითოეული მანდარინს 1000-2500 კვ/მ ფართობზე გააშენებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მათ ნერგებს უფასოდ დაურიგებს, ხოლო შესაბამის სასუქებსა თუ სხვა საჭირო მასალებს, 50%-იანი თანადაფინანსებით გადასცემს. არ გამოჩნდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც 3-5 ათასი კვ/მ და მეტ ფართობზე გააშენებდა მანდარინის ბაღს.

საადრეო მანდარინის ნერგები გამოყვანილია ჩაქვში, „აგროსერვის ცენტრში“, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის ა[ა]იპია. აქ სადემონსრტრაციო ბაღში ციტრუსებს 2012 წლიდან აკვირდებიან.

„აგროსერვის ცენტრის~ დირექტორის, გოჩა ბერიძის განცხადებით, ცენტრში 65 ჯიშის ციტრუსია, აქედან 20-მდე საადრეო მანდარინია; მათ შორის ძირითადია – 11: „ამათგან გამორჩეულია 5 ჯიში, რომლებმაც ჩვენთან გამოავლინეს ასეთი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისება – ადრე მოვიდა მოსავალი… საადრეო მანდარინი ჩვენთან შემოდის სექტემბრის მეორე დეკადაში. ზუსტი დრო არ ახასიათებს, დამოკიდებულია ამინდზე. მანდარინს სჭირდება როგორც სითბო, ასევე სიცივეც, რომ გაყვითლდეს. მაგალითად, წელს ადრე მოვიდა მოსავალი, წინა წელს უფრო გვიან. გარდამავალი პერიოდი მაქსიმუმ 10-15 დღეა“.

„აგროსერვის ცენტრში“ აცხადებენ, რომ ამჯერად 8 ათასამდე საადრეო მანდარინის ნერგი აქვთ გასაყიდი, საიდანაც 7 ათასს [ჯიში: ტიახარა უნშიუ] სამინისტრო შეიძენს. ერთი ძირის ფასი 2-2,5 ლარია.

„ფერმერს შეუძლია მოვიდეს და ადგილზე დაათვალიეროს, გაეცნოს ჯიშებს და შეარჩიოს მისთვის სასურველი ციტრუსი… საადრეო ხარისხობრივად არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივს, იდენტურია თითქმის. ფერმერი, ვისაც სამრეწველო დანიშნულებით უნდა გააშენოს ბაღი, ერთი ჯიშის ნერგს დარგავს. სახლისთვის თუ უნდა, დარგავს რამდენიმე ძირს და მანდარინი სექტემბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე ექნება“, – ამბობს გოჩა ბერიძე. მისივე თქმით, ნორმალური მოვლის პირობებში საადრეო ჯიშები გამართლებულია.

გოჩა ბერიძის თქმით, ყინვაგამძლეობითაც საადრეო ჯიშები მედეგია, რადგან ბოლო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ დაბალი ტემპერეატურა დაფიქსირდა: -3 და -7-იც და ამ კუთხით მანდარინთან მიმართებაში პრობლემა არ შექმნილა.

გოჩა ბერიძის თქმით, სამრეწველო დანიშნულების ბაღი რომ გაშენდეს, მინიმუმ 100-დან 300-ძირამდე უნდა დაირგოს და კონკრეტული გათვლები შემდეგ გაკეთდეს; რამდენიმე ძირით ეკონომიკურ ეფექტს ვერ მიიღებ და ვერც გათვლებს გააკეთებ.

რაც შეეხება მოსავლიანობას, გოჩა ბერიძე ამბობს, რომ მცენარე ნაყოფს 3-4 წლის ასაკიდან იძლევა და სრულ მსხმოიარობას 7 წლის ასაკში აღწევს: „ორი წელია დავიწყეთ ნერგის გაყიდვა, ახლა ვერავის ვერ ვკითხავთ რა შედეგი აქვს – ეს იქნება არარეალური. „აგროსერვის ცენტრშიც“ ერთი ძირის სრული მოსავლიანობა რამდენია ვერ გეტყვით, რადგან აქ ნერგები 4 წლისაა და ახლა იძლევა ნაყოფს. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, მოსავლიანობის კუთხით პრობლემა არ იქნება“.

რაც შეეხება ნაყოფის ტრანსპორტირებასა და შენახვას, გოჩა ბერიძე ამბობს, რომ ამას საზღვრავენ როცა არის საგვიანო ჯიში და საჭიროა მოსავლის დასაწყობება, ვინაიდან არის დიდი რაოდენობით: „საადრეო მანდარინთან მიმართებაში პირიქით, მოთხოვნაა დიდი და მას შენახვა/დასაწყობება არ დასჭირდება. შენახვის პრობლემა არ იქნება არც ექსპორტირების დროს. ამ დროს ბევრ ქვეყანაში არ მოდის ციტრუსი, ანუ, ზოგადად, არ არის ჭარბი რაოდენობა მსოფლიო ბაზარზე… აი, ნოემბერში, მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე ჭარბი რაოდენობითაა მანდარინი. ახლა, თუ მთელი მსოფლიო გადაერთვება საადრეოზე არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე არ დგას საკითხი, რომ საადრეო მანდარინის შენახვა გახდება აუცილებელი. ამიტომ შენახვის ხარჯების ბიზნესგეგმაში გათავალისწინება არაა აუცილებელი. 10-15 წლის შემდეგ სხვა რეალობა შეიძლება დარჩეს, თუმცა შემდგომშიც, თუ ახლა ერთი კილოგრამი ღირს 1,5-დან 3-ლარამდე, შეიძლება ჩამოვიდეს 1,5 ლარზე, მაგრამ საგვიანოს რომ 40-50 თეთრად ყიდი, ამაზე გაცილებით ძვირი მაინც იქნება. ანუ ყველა შემთხვევაში მოგებულია ფერმერი“.

აჭარაში საადრეო მანდარინის სამრეწველო დანიშნულების დიდი ბაღები დღეს არ არსებობს. რა მოსავალიც მოდის, იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გააქვთ, ძირითადად, სომხეთში. რამდენიმე ტონა საადრეო მანდარინის გატანა, სამინისტროს ინფორმაციით, წელს რუსეთშიც იგეგმება. საქართველოში საადრეო მანდარინის იმპორტიც ხორციელდება, ის, ძირითადად, თურქეთიდან შემოაქვთ.

გოჩა ბერიძის თქმით, აჭარაში ოქტომბრის ბოლოსთვის საადრეო მანდარინი მთლიანად მოილევა, ე.წ. საგვიანო კი წელს ადრე შემოვა – 5-20 ნოემბრის შუალედში.
„აგროსერვის ცენტრში“ აცხადებენ, რომ „დღეისათვის რეგიონს სამრეწველო დანიშნულების ერთადერთი მანდარინის ჯიში – ფართოფოთლოვანი უნშიუ შემორჩა. ციტრუსების საადრეო ჯიშები კი, რეგიონის მეციტრუსეებს საშუალებას მისცემს მოწეული ციტრუსი შემოდგომის ცვალებადი ამინდის დადგომამდე უდანაკარგოდ აიღონ და რეალიზაცია გაუკეთონ“.

ფერმერების ჩართულობით სამრეწველო დანიშნულების სადემონსტრაციო ბაღებს სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: