„მესამე კვირაა ციხეში არც კუთვნილ პაემანს მინიშნავენ. არც ბლოკნოტი და კალამი შემოდის, ვერც ციხის მაღაზიაში ვყიდულობ. საეჭვოდ დაემთხვა ახალი დირექტორის დანიშვნას“- განაცხადა თავის სასამართლო პროცესზე 2 ოქტომბერს პოეტმა, სინდისის პატიმარმა, ზვიად რატიანმა.
რატომ დატოვეს პოეტი კალმისა და ფურცლის გარეშე ციხეში და ხომ არ არის ეს ზვიად რატიანის მიმართ ერთგვარი ანგარიშსწორება? – ამ თემაზე ზვიად რატიანის ადვოკატს, მარიამ პატარიძეს ვესაუბრეთ.
„ბათუმელებთან“ საუბრისას მარიამ პატარიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს შეზღუდვა სასჯელაღსრულების დაწესებულების ახალ ხელმძღვანელობას უკავშირდება.
„სავარაუდოდ ახალი ხელმძღვანელობიდან გამომდინარეობს იმიტომ, რომ ზვიადის მეუღლეს წინათაც ჰქონდა მცდელობა, რომ შეეგზავნა მაისური, რომელსაც აწერია, – „კალამი დუმილის წინააღმდეგ“, ლიტერატურული ფესტივალიდან იყო ეს მაისური და არ შეაგზავნინეს.
ასევე, არ შეაგზავნინეს ბლოკნოტი და პასტა, რომელიც არაფრით გამორჩეული არ ყოფილა, ჩვეულებრივი კალამი იყო. შესაძლოა რაღაც თვითნებურ შეზღუდვასთან გვქონდეს საქმე, რადგან რამდენადაც გავიგე, ეს არ ეხება მხოლოდ ზვიადს და მსგავსი ტიპის ნივთების შეტანას სხვებსაც უკრძალავენ“ – ამბობს ადვოკატი.
რას ნიშნავს „თვითნებური?“, შესაძლოა რომელიმე ცალკეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს და არა რაიმე ოფიციალური ბრძანება? – ვკითხეთ ადვოკატს.
„როგორც ჩანს. შინაგანაწესში რომ იყოს რაიმე ცვლილება შეტანილი, არა მგონია. უბრალოდ, ფაქტია, რომ მაგალითად, 10 დღის წინ და ორი კვირის წინ თუ შესაძლებელი იყო რაღაც მაისურის თუ ბლოკნოტის და კალმის შეტანა, ახლა აღარ შეიძლება.
დღესაც იყო ზვიადის მეუღლე ციხეზე და არც ახლა მისცეს ამ ნივთების შეგზავნის უფლება.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ორშაბათს, 6 ოქტომბერს ოფიციალურად მივწეროთ ციხის დირექტორს მოვთხოვოთ ახსნა-განმარტება, თუ რასთან დაკავშირებით არის ეს შეზღუდვა და ვნახოთ რას გვიპასუხებენ. ოფიციალური პასუხი ჩვენ ამ დროისთვის არ გვაქვს“ – ამბობს მარიამ პატარიძე.
ადვოკატის თქმით, მან ზვიად რატიანი 25 სექტემბერს მოინახულა, თუმცა კალმის და ბლოკნოტის შეზღუდვაზე მაშინ მას არაფერი უთქვამს. „როგორც ჩანს, ბოლო ერთი კვირის ამბავია, ასეთი შეზღუდვები“ – ამბობს ის.
„ზვიადი საუბრობდა, რომ მას კალმის და ბლოკნოტის შეძენის საშუალება არც ციხის მაღაზიაში მისცეს. მაშინ როცა სხვებს შეუძლიათ ციხის მაღაზიაში ყიდვა. შესაბამისად, ეს შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობა“ – ამბობს მარიამ პატარიძე.
მისი თქმით, ამ საკითხზე პენიტენციური სამსახურიდან მიღებულ პასუხს, აუცილებლად გაასაჯაროებენ.
„ბათუმელები“ დღეს დაუკავშირდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ჰკითხა, თუ რა მიზეზით არ ეძლევა პოეტ ზვიად რატიანს კალმის და ბლოკნოტის შეძენის უფლება.
პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათ ამ საკითხზე ამომწურავი პასუხი გამოქვეყნებული აქვთ, თუმცა, პენიტენციურის განცხადებაში საუბარია მხოლოდ ოჯახის წევრებთან პაემნით სარგებლობაზე და არცერთი სიტყვა არ არის კალმის ან ბლოკნოტის შეძენის შეზღუდვაზე.
ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის 208-ე დღეს მიმდინარე აქციაზე, სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მას 353 პრიმა მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ზვიად რატიანის თქმით, პოლიციელზე გარტყმული სილა იყო სიმბოლური და პროტესტი იმ უსამართლობაზე, რასაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
ზვიად რატიანის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. მომდევნო და დიდი ალბათობით ბოლო სასამართლო სხდომა 9 ოქტომბერს, 17 საათზეა ჩანიშნული.






