რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო პროვოკაციები არის არა დამთხვევების სერია, არამედ საერთო სქემის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის და, ზოგადად, ნატოს ქვეყნების მზადყოფნის შემოწმებას – განაცხადა 29 სექტემბერს, ვარშავაში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„რუსეთს სურს ჩვენი სიმტკიცის გამოცდა და შფოთვის დათესვა. ეს საშიშია და საჭიროა მკაფიო და ერთსულოვანი პასუხი“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ყოველთვის ფხიზლადაა, მზადაა მოქმედებისთვის და იცავს თავისი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს“.
ვადეფულმა მოკავშირეებს მოუწოდა დრონების საწინააღმდეგო ზომების შემუშავების, საფრთხეებზე უფრო სწრაფი რეაგირების და ალიანსის ფარგლებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროპის დასაცავად“, – განაცხადა მინისტრმა.
„დოიჩე ველე“ მიუთითებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ევროპაში გახშირდა ინციდენტები რუსული დრონებისა და ნატოს საჰაერო სივრცეში შეჭრილი თვითმფრინავების მონაწილეობით. ორი კვირის წინ, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეიჭრა, რომელთაგან ზოგიერთი ალიანსის ძალებმა ჩამოაგდეს. მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა რუმინეთში.
დანიასა და ნორვეგიაში ბოლო დღეებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია აეროპორტებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის თავზე დრონების ფრენების შესახებ.
ასევე, ესტონეთმა რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ეს ქმედებები მოსკოვის პროვოკაციებად შეაფასა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.






