„ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქგვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ“ – ამ სათაურით აქვეყნებს „მითების დეტექტორი“ სტატიას, რომელშიც თავმოყრილი და გაანალიზებულია, თუ როგორ ცდილობდა „ოცნების“ პროპაგანდა მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას.
„ამაღლობელის დაკავებისთანავე მის წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია დაიწყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, პროსახელისუფლებო მედია, ანტიდასავლური/პრორუსული აქტორები და ანონიმური ანგარიშები იყვნენ ჩართულნი. თავდაპირველად, შეტევები მის პიროვნებასა და ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის ჩართვის შემდეგ კამპანია უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ნარატივში გადაიზარდა“ – წერს „მითების დეტექტორი“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში მზია ამაღლობელს არა მხოლოდ „დანაშაულის“ შესრულებაში სდებდნენ ბრალს, არამედ დასავლეთის ელჩებსა და ორგანიზაციებს საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევას და ორმაგი სტანდარტების გამოყენებას აბრალებდნენ.
„მითების დეტექტორის“ მონიტორინგის შედეგად, რომელიც მზია ამაღლობელის შესახებ ინფორმაციის შესწავლას 10 თებერვლიდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავდა, პროპაგანდის შემდეგი გზავნილები გამოვლინდა:
- თითქოს მზია ამაღლობელი მოქმედებდა მიზანმიმართულად, ოპოზიციისა და დასავლეთის დაკვეთით, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური არეულობის გამოწვევა და მეორე ფრონტის გახსნა სურს;
- თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასწრებით და ამ საქმის შეფასებით უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში;
- დასავლეთის ორმაგი სტანდარტი – ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციები დანაშაულს, რომელიც დასავლეთში მკაცრად ისჯება, საქართველოში ახალისებენ.
„მითების დეტექტორის“ თანახმად, ზემოაღნიშნულ გზავნილებს ავრცელებდნენ:
- „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, დავით მათიკაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კირცხალია, თორნიკე ჭეიშვილი, გიორგი სოსიაშვილი, ირაკლი ხელაძე.
- პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია და ჟურნალისტები: ზვიად ავალიანი (POSTV), ანუკი გუმბერიძე (ტელეკომპანია იმედი), ირაკლი ჩიხლაძე (ტელეკომპანია იმედი);
- „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ექსპერტები და სხვა: გია აბაშიძე, რამაზ საყვარელიძე, გელა ნიკოლაიშვილი (ერთიანი ნეიტრალური საქართველო), გურამ მაჭარაშვილი (ხალხის ძალა), დავით ჩიხელიძე (რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი), გოგა ხაინდრავა (რეჟისორი);
- პრორუსული/ანტილიბერალური აქტორები: ნიკოლოზ მჟავანაძე (სეზონი ტვ), სოსო შატბერაშვილი (მემარცხენე ალიანსი), სოსო მანჯავიძე (ერი მედია); გელა ზედელაშვილი (ასავალ-დასავალი); ჯაბა ხუბუა (ასავალ-დასავალი); ბესო ბარბაქაძე (საქართველო და მსოფლიო);
- ფეისბუკ გვერდები და ანგარიშები: „არა ნაცებს – არა დიქტატურას“, „მიხუნ ჰაუზენი“, დაათ ცაბაძე, Kakha Danelia, Boris Gedevani.
„მითების დეტექტორი“ წერს, რომ გარდა დისკრედიტაციის კამპანიისა, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური თუ დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა. დეზინფორმაციის კამპანია მოიცავდა როგორც მზია ამაღლობელის საქმის სიმძიმის გადამეტებულად წარმოჩენას, ასევე საერთაშორისო კომენტარების მანიპულაციურ გაშუქებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მანიპულაციის და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულნი იყვნენ ტელეკომპანიები: „იმედი“ და POSTV, ანონიმური ანგარიშები ფეისბუქზე და ფეისბუქგვერდები, გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტომასალა.
იხილეთ ვრცლად: ქართული ოცნება, ანონიმური ფეისბუქ-გვერდები და ანტიდასავლური აქტორები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ






