Batumelebi | ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით – Batumelebi
RU | GE  

ვინ შევა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით

21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ექვსი ადგილი მაჟორიტარებს ეკუთვნით, სადაც 8 ოქტომბერს არჩევნებზე გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – ბარიერი ვერც ერთი პარტიის კანდიდატმა ვერ გადალახა. შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება. დარჩენილ 15 მანდატს კი გადაინაწილებენ პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ამ დროის მონაცემებით უმაღლეს საბჭოში შედიან „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო“ და “პატრიოტთა ალიანსი“.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2016 წლის 9 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამომრჩეველთა პროპორციულად ხმების 44, 91 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ეს მონაცემები პარტიას უმაღლეს საბჭოში რვა ან ცხრა კანდიდატის შეყვანის შესაძლებლობას მისცემს. „ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველია ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ის უკვე გამარჯვებულია.

საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძეც. ახლა მას მიეცემა შესაძლებლობა აკონტროლოს მთავრობა, თუმცა როგორ გააკეთებს ამას და რამდენად პრინციპული იქნება ყოფილი კოლეგების მიმართ, ეს მომავალში გამოჩნდება.

უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლებს ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. უმაღლესი საბჭოს წევრი გარანტირებულად გახდება ასევე, ცოტნე ანანიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ყოფილი მოადგილე და პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლებს ასევე დავით თედორაძე, საკრებულოს წევრი, რომელმაც პოლიტიკური გემოვნება არჩევნებამდე ცოტა ხნის წინ შეიცვალა და „პატრიოტთა ალიანსიდან“ „ოცნებაში“გადავიდა. უმაღლეს საბჭოში შესვლას შეძლებს ვლადიმერ მგალობლიშვილიც, აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე. მან ეს თანამდებობა „ოცნების“ სიის გასაჯაროვების შემდეგ დატოვა.

უკვე არსებული მონაცემებით, დავით ბაციკაძე მათ შორისაა, ვინც წინა მოწვევის საბჭოს წევრიც იყო და ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც მოახერხა შესვლა. ის წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში [2012-1016] კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ კონსერვატორების კვოტით შევიდა, ახლა კი „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობდა არჩევნებში.

პროპორციულ სიაში მერვე ნომერია ნინო ჩხეტია, პოლიტიკური თოქ-შოუს ყოფილი წამყვანი აჭარის რადიოში, ამ დროის მონაცემებით უმაღლეს საბჭოში შესვლის შანსი მასაც აქვს. ჯერჯერობით ვერ დგინდება შეძლებს თუ არა უმაღლეს საბჭოში შესვლას „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეცხრე ნომერი გიორგი მანველიძე. მით უფრო ნაკლებია „ოცნების“ მეათე ნომრის ნატალია ზოიძის უმაღლეს საბჭოში შესვლის შანსი. თუ ეს ასე მოხდა, უმაღლესი საბჭოს ეს მეორე არჩევნები იქნება, როცა ნატალია ზოიძეს საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად ხმების მცირე რაოდენობა დააკლდა.

სახელისუფლებო პარტიის შემდეგ მიღებული ხმების 29,63%-ით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია პროპორციული სიით უმაღლეს საბჭოში ხუთი წევრის შეყვანას შეძლებს, რაც მათ ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მიხედვით, უმაღლეს საბჭოში გარანტირებულად შევა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, ის სიაში პირველია. უმაღლესი საბჭოს წევრი გახდება ბოლო მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძეც. სიის მესამე ნომერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი გია აბულაძე, ის პარალელურად პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმის 70-ე ოლქში, თუ მან მაჟორიტარული ოლქი ვერ მოიგო, პროპორციული სიით უმაღლეს საბჭოში მაინც შევა. „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით შევა უმაღლეს საბჭოში ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი და პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი დიასამიძე. სიაში მეხუთეა ელგუჯა ბაგრატიონი – ქობულეთის საკრებულოს წევრი და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 68-ე ოლქში.

ამომრჩეველთა ხმების 6,08 პროცენტი მიიღო „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულმა მოძრაობამ“. ამ მონაცემებით ის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიის პირველი ნომრის, გიორგი ცინცქილაძის შეყვანას შეძლებს.

პროპორციული სიის პირველ ნომერს დავით თარხან-მოურავს შეიყვანს უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსიც“, რომელმაც წინასწარი მონაცემებით ხმების 5,71% მოაგროვა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს მაჟორიტარულ ოლქებში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს. ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში საჭიროა მეორე ტურის ჩატარება, რადგან ვერც ერთი სუბიექტის კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.

აჭარაში არჩევნებზე მივიდა 162 076 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 52,5%-ია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი