თითქმის ყოველ საღამოს ჯემალ კახიძე ადლიის დასახლებიდან ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლომდე, რამდენიმე კილომეტრიან გზას ველოსიპედით გადის, თან აქვს საქართველოს დროშა ან ტრანსპარანტი გზავნილით ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ის ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა, მისი ბრძოლის მთავარი მოტივაციაა ქვეყანა რუსეთის გზას არ დაადგეს.
ჯემალი მეზღვაური, ინჟინერ მექანიკოსია. როცა დამსაქმებელმა დაურეკა, ბევრი არ უფიქრია, უარი უთხრა – ახლა სამშობლოს ვჭირდები და აქ უნდა ვიყოო.
„ვაპირებდი წასვლას. შემოთავაზება მქონდა გასულ წელს, უარი ვთქვი, ძალიან ინტენსიურად ვიყავი ამ ყველაფერში ჩართული და ამიტომ. ზაფხულში, სხვა სააგენტოში მომიწია მისვლა, საბუთების კეთება და მივიღე შემოთავაზება მეორედაც. სასაცილო დამთხვევა იყო, როცა დამირეკეს, საპროტესტო კარავში მეძინა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ვუპასუხე, რომ ქვეყნის გადასარჩენად აქციებში ვიღებ მონაწილეობას და უარს ვამბობ-მეთქი. მადლობა და უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვროსო – ასე მისურვეს. მესამე წელია არ წავსულვარ გემზე, ძალიან რთული იქნება თავიდან დაწყება. ამ ინდუსტრიაში არ სჭირდებათ დიდი ხნით წასული კადრი“.

ფოტო: ტარიელ ცეცხლაძე
ჯემალი პროტესტში ჩაერთო და აქტივისტად იქცა 2018 წლიდან, როცა ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნების საკითხი დადგა დღის წესრიგში:
„ეს დაიწყო ბულვარის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვით, ასევე „ამბასადორის“ პროექტის წინააღმდეგ. ერთ-ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი ვიყავი, „რივიერას“ პროექტს როცა ამტკიცებდნენ. ინტენსიური წნეხი რეჟიმისგან დაიწყო რუსული კანონით, მას შემდეგ ყოველდღიურობად იქცა ჩვენი პროტესტი. მომიწია მეზღვაურობის პროფესიისთვის თავის დანებება. არ იყო დრო ფულის კეთების, ქვეყნის გადარჩენის დრო მოვიდა – არანაირ ფულს, ქონებას და შრომას აზრი არ აქვს, თუ ამათ შერჩებათ ეს ქვეყანა და საბოლოოდ დამყარდება დიქტატურა.“
გვიყვება, რომ „პირველი გაბრაზება და ამ ბრაზის პროტესტით გამოხატვა“ სწორედ საჯარო სივრცეების წართმევას უკავშირდებოდა:
„2010 ან 2011 წელი იყო, ავტობუსით ვმგზავრობდი და ფანჯრიდან დავინახე აკვაპარკის მიმდებარედ ბულვარის ტერიტორია შემოეღობათ, სადაც ახლა სასტუმრო „გრანდ გლორიაა“. გავბრაზდი, ვერ ვუჯერებდი თვალებს, როგორ შეიძლება ბულვარი მოეღობა ვიღაცას და მშენებლობა დაეწყო ? – დავიწყე კვლევა, როგორ მოხდა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება. მწვანე სივრცე, რომელიც უნდა ყოფილიყო ხალხისთვის, წაგვართვა ვიღაც მდიდარმა და ეს მერე გავიგე.“
ჯემალმა გაგვიზიარა მოსაზრება იმაზეც, რატომ არ სთხოვენ პასუხის მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილების მიმღებს და აგრესია ძირითადად „მდიდარ მყიდველს“ მიემართება:
„არ ვიცით, არ შეგვიძლია, ვერ ვახერხებთ ან უბრალოდ ვერ ვხვდებით, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები… რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. ისიც პრობლემაა, რომ მდიდარი ბიზნესი ხარბია და არ აქვს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა – კიდევ უფრო მეტად გამდიდრება და მეტის ხელში ჩაგდება უნდა. ვერ ვხვდებით, რომ მთავარი ამ ამბავში არის ის, ვინც ხელისუფლებაშია.“
ჯემალი ამბობს, რომ თანდათან უფრო ცხადი ხდება მისთვის და სხვებისთვისაც, რომ აქ საქმე კორუფციასთან გვაქვს:
„რომ არ იყვნენ კორუფციულ გარიგებებში ამ ადამიანებთან, ამ კომპანიებთან, დეველოპერებთან, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვინც ხელისუფლებაშია, ის კი არ ებრძვის ამ ურბანულ კატასტროფას, რაც ქალაქშია, გარიგებაში არიან, ერთმანეთს ბინებს აძლევენ, ფულებს ურიცხავენ, შემოწირულებებს აკეთებენ, ყველაფერი ვიცით.
ფინელი ქალი გავიცანი, ჭადრაკის ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას. ამბობს, რომ ფინეთშიც არის კორუფცია, მაგრამ ისეა შენიღბული, რომ ამის გამოსავლენად საჭიროა პროფესიონალიზმი. აქ ორი დღის სეირნობით მიხვდა, რომ ყველგან „ორბი“ აშენებს და შეიძლება დასკვნის გამოტანა – კორუფციაში ხართ ჩაფლულიო. კუნძულების მშენებლობას იწყებენ, ამას თავზე გადასულობაც აღარ ჰქვია, სხვა სიტყვა უნდა მოვიფიქროთ.“

295-დღიანი პროტესტის შემდეგ ჯემალი ცდილობს პერიოდულად ძალები აღიდგინოს, რომ პროტესტში დარჩეს:
„ძილის წინ არ ვფიქრობ. ვცდილობ შევზღუდო ცუდი ინფორმაცია, რაც ყოველდღიურად ხდება. კრიმინალი, ძალადობა, ხელისუფლების ახალი კანონი, ცუდი განცხადება, მსოფლიო ამბები, ეს ყველაფერი ისე შემოედინება, რომ ვხვდები, უნდა შევზღუდო, მაგრამ მაინც შემოდის და ამის გადახარშვა მიჭირს. ამიტომ, ძილის წინ ვცდილობ, გავთიშო ტელეფონი. მეორე დღეს არ ვგეგმავ. კერძო სახლში ვცხოვრობ, უამრავი საოჯახო საქმეა. ვცდილობ მაქსიმალურად ვიყო ჩართული. სამუშაო დღეებში აქციის მერე ძალიან გვიან მივდივარ სახლში და ფაქტობრივად, ვერაფერს ვახერხებ“.
ჯემალი დედასთან ერთად ცხოვრობს, დები დაოჯახდნენ და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, მამა ადრე გარდაეცვალა, მაშინ ჯემალი 3 წლის იყო. მამაზე მიყვება:
„ტრაგიკულად დაიღუპა, ავტოავარიით. მანდარინი ჰქონია წაღებული გასაყიდად. საჯარო მოხელე იყო, სახელმწიფო ქონების მმართველი ხელვაჩაურში. ბევრს მიყვებოდნენ მასზე და ვიცი, რომ სამსახურის მანქანაზე უარი თქვა, საწვავის ფული რომ არ დაეხარჯა, ხალხს უჭირსო. დადიოდა ავტობუსით, როცა 7 ლარი იყო მისი ხელფასი. გვყავდა შინაური საქონელი, რომლითაც უფრო ვირჩენდით თავს, ვიდრე მამაჩემის ხელფასით. როცა გესმის ეს ამბები, ფიქრობ, აი, როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე. არანაირი პრემია არ აუღია, შავი გზებით არ მიუთვისებია არაფერი“.
ჯემალი გვიყვება, რომ დედა ნერვიულობს, როცა ის აქციაზეა, რაზეც პასუხობს, რომ თავადაც უნდა შეუერთდეს აქციებს.
„იმედს“ აღარ ვუყურებთ, მაგრამ სახლში მაინც ისმის ინფორმაცია, რაც მოდის პროპაგანდისტული არხებიდან. სხვა წყაროს რომ არ მოვუსმინო, იმ აზრზე გადავალ ალბათ, „იმედზე“ რასაც ამბობენ: ასე ძლიერია პროპაგანდა. მქონდა საუბარი დედასთან, რომ აქციაზე გამოვიდეს – ისიც ფიქრობს, რომ კორუმპირებულები და წასასვლელები არიან, მაგრამ ფიქრობს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. მასზე მაინც მოქმედებს პროპაგანდა – აზრი არ აქვს, პოლიტიკა ბინძური საქმეა, მაინც არაფერი გამოსწორდება. ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ ჩვენი პრობლემებით ვიყოთ მოცული. ჩემს აზრს თავს ვერ მოვახვევ, მაგრამ ელემენტარულზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ცუდი და კარგი უნდა გავარჩიოთ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“.
ჯემალსაც უფიქრია იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ აქციაზე დააკავებენ:
„დედას ხუმრობით ვეუბნები, სანამ არ დამაკავებენ, მანამ აქციაზე ალბათ არ გამოხვალ-მეთქი. ამას ჩემს დებსაც ვეუბნები. რა თქმა უნდა, ნერვიულობენ. მაქსიმალურად ვცდილობ არ მოვყვე ხათაბალაში, რომ არ მივაყენო ტკივილი და არ ვანერვიულო ადამიანები, რომლებიც ჩემს ზურგს უკან დგანან. მიფიქრია, რა რეაქცია ექნებათ სხვებს, რა ნაბიჯებს გადადგამენ. შეიძლება მხარი დამიჭირონ, ალბათ 60% მხარდამჭერი, 40% გამკრიტიკებელი მეყოლება.“
პერიოდულად ცდილობს პროტესტს ახალი ფერები შემატოს, გასული წლის ბოლოს აქციის მონაწილეებისთვის საკუთარ ბაღში დაკრეფილი ციტრუსი მიჰქონდა, შემდეგ ჩაის დამზადება დაიწყო, დაახარისხა და დაურიგა ყველას, ვინც თანამოაზრედ მიაჩნია. ამბობს, რომ მოსწონს, როცა სხვებზე ზრუნავს.
„ვფიქრობ, ზრუნვა მცირედითაც ძალიან მნიშვნელოვანია და სიკეთის მომტანი. პატარა სიკეთეებით ხდება ბოროტების განეიტრალება. თან გადამდებია ეს ყველაფერი.
თბილისში იყო კახელი ბიჭი, ატმები, ვაშლები, ყურძენი რომ დაარიგა. მეც ვიფიქრე, ჩვენთან მანდარინია და თან მაქვს, რატომაც არა. მანდარინის სეზონი ხომ ნოემბერი, დეკემბერია… შემდეგ ვიფიქრე, ამდენი ველური მაყვალია ჩემს ბაღჩაში, პიტნა მაქვს, მანდარინის ყვავილებიც… გავარკვიე, რომ ყვავილებისგანაც შეიძლება ჩაის დამზადება, ჟოლოს ფოთლები, გვირილა – 60-მდე პაკეტი ჩაი გავაჩუქე“.
„ეს ფსკერია“ – ერთი სიტყვით ასე აფასებს ჯემალი საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას:
„ვიბრძვით ელემენტარულისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა გაუმჯობესდეს… არ არსებობს ისე, რომ მთავრობა შეიცვლება და უცებ ყველაფერი უკეთესად იქნება, მაგრამ რაც გვაქვს, იმაზე უკეთესი მაინც იქნება. დავიღლები, დავისვენებ, მოვიკრებ ძალებს. ახლა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ვერ დავდივარ აქციაზე.
ოთხი წლის წინ პოლიციელმა ესროლა ახალგაზრდას და დღემდე გამოუძიებელია ეს საქმე, რამდენიმე თვის წინ, ორი ბავშვი დაიღუპა და უბედური შემთხვევააო. იმერეთში სოფლები დაიბზარა, მოსახლეობა გახიზნულია, ხალხმა სახლები და ქონება დაკარგა, მთელი ცხოვრება დაენგრა და ამაზე არავინაა პასუხისმგებელი. ელოდებიან, როდის წალეკავს ეს ყველაფერი ადამიანებს, როდის იქნება მსხვერპლი და მერე იტყვიან, სტიქიური უბედურება იყოო. როგორ შეიძლება, ადამიანი ამ ყველაფერს დანებდე და თქვა, რომ ვცადე, აზრი არ აქვს და რა ვქნა“.
უსამსახუროდ დარჩენილს დანაზოგი შემოელია, ამიტომაც მეზღვაურს სამსახური „ხმელეთზე უნდა ეპოვა“:
„მეზღვაურობას რომ დავანებე თავი, სახლს ვარემონტებდი. ფინანსურად გამიჭირდა, დანაზოგი, რაც მქონდა, ყველაფერი წაიღო რემონტმა. დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაცია „პერიფერიაში“, რაც არ არის ჩემთვის სამსახური, ოჯახია, კომფორტის ზონაა, რომელმაც ბევრი მასწავლა. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია, ვინც აქციაზე დადის, ვინც გულწრფელია, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვის და ადამიანურ ფასეულობებს იზიარებს. ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში დიდი წვლილი ამ სამსახურსაც მიუძღვის“.
ჯემალის თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ:
„რუსეთში ხარ, მეტი რაღა გინდა. ის გინდა, რომ პუტინი მოვიდეს და დაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? – არა, არ უნდა დავანებოთ თავი ბრძოლას. ვინც არ უნდა მოვიდეს, რაც არ უნდა კარგი იყოს, მაინც უნდა ვიყოთ კრიტიკულები. პოლიტიკოსები უნდა ემსახურონ ხალხს და არა ვიღაც მდიდარი ადამიანების კერძო ინტერესს.
უფრო მეტი მინდა, ვიდრე რუსეთში არ ყოფნა – ამდენი სოციალურად დაუცველი არ უნდა იყოს, ამდენი დევნილი, უსახლკარო, მოშიმშილე. მშრომელ ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს. ყველას უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება. ეს არის, რაც მინდა“.
ჯემალისთვის ფასადურია „ოცნების“ მთავრობის განაცხადი, კორუფციასთან ბრძოლაზე:
„ეს არის პოპულისტური ნაბიჯები, თითქოს ვიღაცას ებრძვიან. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანში გამოუშვებენ მათ, შეიძლება მალევე და ვერც გავიგოთ. თუ გავიგებთ, ეს ისევ ჟურნალისტების დამსახურება იქნება. მაგრამ კრიტიკული მედია, რომელიც ამ ბრძოლაში ჩართულია, როდემდე გაუძლებენ ამხელა წნეხს? – თუნდაც თქვენზე, „ბათუმელებზე“ რამხელა წნეხია. 624 მილიონი დოლარის გათეთრებაო… ამდენი ხანი თეთრდებოდა? – თანაც, სუს-ს ხომ ახალი ბოსი ჰყავს, სპეცოპერაცია ჩაატარა, ნახეთ, რა მაგრად გააკეთაო. თვითრეკლამის, თვითტკბობის, ეგოების თამაშებში არიან შესულები.
არჩევნებში მისვლას აზრი არ აქვს, ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ. ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს, ბოიკოტი არჩევნებზე და დიახ რევოლუცია იქნება საბოლოო ეტაპი. სხვანაირად არაფერი შეიცვლება. კომისიებით, ოპოზიციონერების დაპატიმრებით, დაშინებით, ვაჭრობით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობით… მზია ამაღლობელს ორი წელი მიუსაჯეს არაფრის გამო, ჯანმრთელობის პრობლემა – შეიძლება საერთოდ ვეღარ დაინახოს. ეს არის საშინელება, ანუ ძალით მივყავართ იქამდე, რომ მაინცდამაინც რევოლუციით შევცვალოთ. სხვა გზას არ გვიტოვებენ.






