მთავარი,სიახლეები

„ვაღიარებ დანაშაულს“ – ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვეს

15.10.2025 •
„ვაღიარებ დანაშაულს“ – ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვეს

დღეს, 15 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლუკა კურტანიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა.

ლუკა კურტანიძეს, „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარსა და ვეტერან სპორტსმენს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის 29 ივლისს შეუფარდა.

ლუკა კურტანიძე ქობულეთში დააკავეს 2025 წლის 27 ივლისს – მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, რომ ვეტერანი სპორტსმენი მას ფიზიკურად პოლიციელების თვალწინ გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს კურტანიძე ფიზიკურ თავდასხმას ქალზე. მის შეჩერებას რამდენიმე კაცი ცდილობს. კადრებშივე ჩანს, რომ ადგილზეა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. აქვე ისმის მიქაცაძის ხმა, რომელიც პოლიციელს ეკითხება, რატომ არ აკავებენ მოძალადეს. გარდა ამისა, ქალი ამბობს, რომ პოლიციელმა მისი ტელეფონიდან წაშალა ძალადობის ამსახველი ვიდეო.

ელდარ [ლუკა] კურტანიძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი: ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია [126-ე პრიმა მუხლი]; ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება [11 პრიმა 187-ე] – საუბარია ყოფილი ცოლის, ხათუნა მიქაცაძის ავტომანქანაზე და დამცავი ორდერის დარღვევა [11 პრიმა 381-ე მუხლი] – ლუკა კურტანიძეს ყოფილ ცოლთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.

დღეს, 15 ოქტომბერს, სასამართლო სხდომა დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლე ნინო სახელაშვილი და ლუკა კურტანიძე თითქმის ერთდროულად გამოჩნდნენ სასამართლო დარბაზში.

„არჩევნების მშვიდობიანად დასრულებას გილოცავთ,“- სხდომის დასაწყისშივე თქვა ლუკა კურტანიძემ, დარბაზს მოავლო თვალი და დაამატა: ციხეებში შეცვლილია ვითარება, ადამიანის უფლებებს იცავენ და ეს მახარებსო.

ლუკა კურტანიძემ დღევანდელ პროცესზე ყოფილ ცოლზე ძალადობა დაადასტურა. ბრალდების ამ ნაწილში „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი თავს დამნაშავედ მიიჩნევს (სსკ-ის 126-ე მუხლი).

პროკურატურას ლუკა კურტანიძის მიმართ  უკვე 4 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი: ძალადობას, სხვისი ნივთის დაზიანებას და შემაკავებელი ორდერის დარღვევას ამჯერად საკუთრების უფლების დარღვევა (სსკ-ის 11-160) მუხლი დაემატა.

ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა, ორი მტკიცებულების გარდა, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ და დასაშვებად მიჩნევა მოითხოვა.

მოსამართლემ აქ ბრალდებულ კურტანიძეს გადახედა და უთხრა, რომ არსებითი განხილვის სხდომებზე მოსამართლე მოწმეებს ვერ მოუსმენს და უკვე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებას – მაგალითად, გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას –  სასამართლოს განხილვის რომელიმე ეტაპზე სადავოდ ვეღარ მიიჩნევს.

რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების შეცვლას, პროკურორმა დავით კირჩხელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ახალი გარემოება არ გამოვლენილა და ლუკა კურტანიძე პატიმრობაში უნდა დარჩეს.

ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა კი ხაზი გაუსვა ლუკა კურტანიძის სპორტულ მიღწევებს, ასევე ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ – მაშინ არ დამალულა და ახლა სად მიიმალებაო.

ადვოკატმა ისაუბრა იმაზეც, რომ ლუკა კურტანიძეს ყოფილ ცოლთან ქონებაზე სამოქალაქო დავა აქვს: ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლს ნაჩუქარი ქონების დაბრუნებას სთხოვს.

ადვოკატმა ბრალდებულის გათავისუფლება 50 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა.

ამ თემაზე:

რა ხდებოდა ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესზე ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: