„თავისუფლების მოედანის“ წარმომადგენელი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყადაღებას ეხმიანება ფეისბუქზე. ის თქმით, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დაყადაღება პროკურატურის მიერ, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უკვე ისჯება ადამიანის უფლებების დაცვა.
დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების უფლებებს. არასამთავრობების შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობოების განადგურების გადაწყვეტილება „პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა“ და ამ „პროცესის სრული საბოტაჟი“.
„არასამთავრობო ორგანიზაციები უამრავ ადამიანს ეხმარებოდნენ „ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დასაცავად.
დღეს “ოცნების” პროკურატურამ ამ ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა და საქმეები აღძრა, რომლებიც ამ ორგანიზაციების წევრების უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მარტივად რომ ავხსნათ, გიორგი ახობაძეს და თედო აბრამოვს რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და 8 თვე ციხეში ჰყავდათ უკანონოდ, სანამ “არასაკმარისი მტკიცებულებების” გამო გაათავისუფლებდნენ, თურმე ისინი არავის არ უნდა დაეცვა, რადგან ოცნების “ლოგიკით” ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი ყოფილა.
ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ისჯება მაშინ, როდესაც ამ უფლებებს სახელმწიფო არღვევს.
დამატებით ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს უნდა წარედგინა ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გაჩერებულიყო, ევროპასთან ურთიერთობა ასევე უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დგება.
ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები მზად არიან ყველა და ყველაფერი გაწირონ, უდანაშაულო ხალხი დააჯარიმონ და დააპატიმრონ, საქართველოს ინტერესები გაყიდონ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილმა სამუდამოდ შეინარჩუნოს ხელისუფლება.
არ შევეგუებით!“ – წერს სიმონ ჯანაშია.
დღეს, 27 აგვისტოს, პროკურატურამ დააყადაღა 7 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციების დაყადაღების საფუძველი გახდა ის, რომ ისინი „აქციებისთვის ყიდულობდნენ სათვალეებს, პირბადეებს“.
არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას, „ქართული ოცნების“ რეპრესიების წინააღმდეგ.






