მთავარი,სიახლეები

„ნუ მივატოვებთ, რადგან რუსია. ისინი ჩვენთან ერთად აქციაზე დგომისთვის დაიჭირეს“ – რეზო კიკნაძე

14.08.2025
„ნუ მივატოვებთ, რადგან რუსია. ისინი ჩვენთან ერთად აქციაზე დგომისთვის დაიჭირეს“ – რეზო კიკნაძე

თბილისში საპროტესტო აქციებზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე, სინდისის პატიმრის რეზო კიკნაძის წერილი გამოქვეყნდა მისსავე ფეისბუქის გვერდზე.

რეზო კიკნაძე წერს, რომ ამ ადამიანების უფლებებიც ისევე უნდა დავიცვათ, როგორც სხვა სინდისის პატიმრების.

„დიქტატურა ყველგან დიქტატურაა და მასთან მებრძოლი ყველგან ერთნაირად დასაფასებელია“- წერს რეზო კიკნაძე.

წერილის შინაარს გთავაზობთ უცვლელად:

„ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება რუსების და ყველაფერი რუსულის მიმართ.

ახლა კი რატომღაც მგონია, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებს, ვინც ჩვენთან ერთად აქციაზე დგომის გამო დაიჭირეს და რაღაცები ჩაუდეს (და დარწმუნებული ვარ, რომ ჩაუდეს), ბოლომდე გაწირავენ.

იფიქრებენ – ამათ მაინც არავინ მიაქცევს ყურადღებას, ვინ ჰყავს მომკითხავიო და სამაგალითოდ დავსაჯოთო, თან პროპაგანდისთვისაც გამოვიყენოთო. იმედია, ვცდები.

გთხოვთ, ჩვენ ნუ მივატოვებთ, ნუ ვიფიქრებთ, რომ რუსია და მერე რა. ისევე დაუდექით, როგორც ჩვენ გვიდგახართ.

დიქტატურა ყველგან დიქტატურაა და მასთან მებრძოლი ყველგან ერთნაირად დასაფასებელია.

ანასტასია ზინოვკინა დააკავეს თბილისში, საპროტესტო აქციაზე.

რა აზრი აქვს ჩემს ბრძოლას, თუ უსამართლოდ გაიწირება ვინმე, თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქე. სამართალი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.

თან ეს ხალხი იქაც იბრძოდა, როგორც შეეძლო – პუტინის რეჟიმს ებრძოდნენ. იქ ვეღარ გაჩერდნენ, განიდევნენ და მერე ჩვენთანაც სცადეს ხალხის გვერდით დამდგარიყვნენ დიქტატურის წინააღმდეგ. სულ არ ევალებოდათ.

მათი ბევრი თანამემამულე, სამწუხაროდ აქაა და სულ ფეხებზე ჰკიდიათ, რა ხდება. ესენი კი ყოველღამე ფიზიოლოგიურებით და პირბადეებით მოდიოდნენ და მოწამლულ დემონსტრანტებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ.

ჩემი აზრით, ისინიც ისეთივე კარგი ადამიანები არიან, როგორც დანარჩენები.

გთხოვთ, არ გავატანოთ, არ ჩავაყლაპინოთ“ – წერს სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე.

პოსტი ფეისბუქზე გამოქვეყნებულია დღეს, 14 აგვისტოს.

სინდისის პატიმრები/ არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი

ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული რუსეთის მოქალაქეები არიან. ისინი შეყვარებულები არიან. ანასტასია პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა და ხშირად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში რუსეთშიც. ამის გამო ის სამშობლოშიც არაერთხელ დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როცა მობილიზაციის საფრთხე არტიომსაც შეეხო, მათ რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს. ისინი საქართველოში 2024 წლის ზაფხულში ჩამოვიდნენ, აქედან კი სხვა ქვეყანაში აპირებდნენ გადასვლას. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდნენ, პროევროპულ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი დემონსტრაციებისას რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს ყავით და ჩაით უმასპინძლდებოდნენ და ასე ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ საქართველოს პროევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეებისთვის.

ანასტასია და არტიომი 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. როგორც ჰყვებიან, პოლიციელები პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ დააკავეს აქციებში მონაწილეობის გამო.

ანასტასია ზინოვკინა ამბობს, რომ პოლიციელებმა სექსუალურად შეავიწროვეს და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც.

ანტონ ჩეჩინი საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. ფოტოგრაფიითა და ნუმიზმატიკით გატაცებული 26 წლის ანტონი ციმბირის ქალაქ ბარნაულიდანაა. საქართველოში გაიცნო მომავალი მეუღლე, მანჩო სამხარაძე. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს.

ამავე თემაზე:

ციმბირიდან „ოცნების” ციხეში — ანტონ ჩეჩინის საქმე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: