მთავარი,სიახლეები

მთავარი თემა ისევ დგებუაძის ლოყაა – რა ხდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

30.05.2025
მთავარი თემა ისევ დგებუაძის ლოყაა – რა ხდებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

„არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“ – ასეთი გზავნილით დატოვა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა მზია ამაღლობელმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი დღეს, 30 მაისს, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე.

30 მაისი, მზია ამაღლობელის გზავნილი – „არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ“

მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის დაწყებამდე. 30 მაისი, 2025 წელი

დღეს, 30 მაისს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინეს. ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა, რომელიც 11 იანვრის აქციას „ლაივში“ აშუქებდა, დეტალურად უამბო სასამართლოს, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები იმ ღამეს, როცა მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. სხდომაზე მისი გადაღებული ვიდეოებიც აჩვენეს.

თუმცა, მთავარი ამბავი ისევ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ლოყის დაზიანების საკითხი იყო.

დღეს სასამართლო სხდომაზე  ქირურგი-იმპლანტოლოგი თათია ანდღულაძე სასამართლოს დეტალურად, თითქმის 3 საათის განმავლობაში, უხსნიდა, რომ იმ კადრების მიხედვით, რომელიც მან ადვოკატების თხოვნით გააანალიზა, მზია ამაღლობელის სილის გაწვნის შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსს არ შეიძლებოდა ლოყა სტკენოდა და არც დაზიანება მიუღია.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი. 30 მაისი, 2025 წელი

მოწმე თათია ანდღულაძე

გამოკითხვამდე თათია ანდღულაძემ სასამართლოს უთხრა, რომ  სახის არეში ტკივილის შეფასების ოცწლიანი გამოცდილება აქვს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას, ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასა, პაციენტს [ირაკლი დგებუაძეს] ხელი უნდა წაეღო მტკივნეულ ადგილას. ერთმნიშვნელოვნად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა“ – უთხრა სასამართლოს ქირურგმა.

მან ასევე განმარტა, რომ ტკივილის მიყენების შემთხვევაში ზიანი აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოხატული, რადგან სახეზე თავს იყრის ყველაზე წვრილი კაპილარები და ამიტომაც ზემოქმედება უფრო ხილულად ჩნდება:„შეიძლება ფეხი იტკინოთ და ეს გარეგნულად არ გამოიხატოს, მაგრამ სახის შემთხვევაში ასე არ არის.“

ამის შემდეგ პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ვიდეოს ჩვენება კიდევ ერთხელ მოითხოვა. მან კონკრეტულ კადრზე გაამახვილა ყურადღება და მოწმეს ჰკითხა, ნიშნავს თუ არა დგებუაძის „სახის შეჭმუხვნა“ ტკივილს, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის რეფლექსია:  „ეს არის თავდაცვის, აცილების რეფლექსის მიმიკა“ – განმარტა მან.

რადგან პროკურორისთვის  პასუხი არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, მოწმემ კიდევ უფრო მარტივად ახსნა:  „ქარიშხალში მოხვედრილხართ? – დაახლოებით ასეთია, შევისწავლე ეს კადრი“.

თათია ანდღულაძემ სასამართლოს ასევე განუმარტა, რომ როდესაც ტკივილის შეფასებაზე საუბრობს ის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს ეყრდნობა. მან რამდენჯერმე აუხსნა საზოგადოებას, როგორ იკვლევენ და მართავენ ექიმები ტკივილს, როგორც სუბიექტურ განცდას.

მოსამართლე ნინო სახელაშვილი

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყის დაზიანებასთან დაკავშირებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ხილული დაზიანება მას არ აღენიშნებოდა. ამიტომაც ქირურგი ამ საკითხს ვრცლად არ შეეხო:

„ჩვენი განხილვის თემად რჩება მხოლოდ ფიზიოლოგიური რეაქციები. ანუ სილის გაწვნის დროს რა ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს, ეს არის მიმიკა და მოტორული რეაქცია ერთდროულად. ეს ყველა ჩვენგანს გამოუცდია. ვიდეოში ვხედავთ, რომ ბატონ ირაკლის სილის გაწვნის შემდეგ აღენიშნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რეაქცია – ეს არის თავდაცვა. დააკვირდით კადრში, უკან იხევს, ეს თავდაცვაა და ესეც თანდაყოლილია, თუმცა არის შეძენილიც, რაც სპორტსმენებს აქვთ ყველაზე კარგად განვითარებული, განსაკუთრებით ბოქსიორებს.

ამ ვიდეოში პაციენტს არ აღენიშნება ფიზიოლოგიური რეფლექსები, არ იკვეთება არცერთი მათგანი, გარდა თავდაცვისა. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა.“

სხდომაზე შეეხნენ ლოყის გაწითლების საკითხსაც. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მოწმეს ჰკითხა: რადგანაც არ გვაქვს ქსოვილოვანი დაზიანება [ექსპერტიზის დასკვნით], შესაძლებელია თუ არა იმის დაშვება, რომ ტკივილი მართლაც იყო ნაკლებია თუ არა.

ქირურგმა განმარტა: „თუ პაციენტს აქვს ჩივილები, გაწითლებული მქონდა, ჩალურჯებული მქონდა, როგორც წესი ასეთი ქსოვილოვანი დაზიანებები არ ქრება ასე მარტივად სახის არეში, იმიტომ, რომ სახის არეში ძალიან ბევრი ნერვი, სისხლძარღვები, კაპილარებია თავმოყრილი. … ნერვი მუშაობს პრინციპით – ყველაფერი ან არაფერი და რას ნიშნავს ეს?  – იგულისხმება, რომ თუ მეტკინა სახის არეში, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა დაზიანება“. 

ქირურგმა ასევე ახსნა, რომ დგებუაძის სახეზე, თუ მას მართლაც ეტკინა, ფიზიკური კონტაქტი [სილის მტკივნეული გაწვნა] აუცილებლად დატოვებდა კვალს:

„იმ ტიპის კანზე, როგორიც ბატონ დგებუაძეს აქვს, ფერკმრთალი და ნაზი, კაპილარების ქსელი ძალიან სწრაფად გააქტიურდება და გაწითლდება, მაგრამ ის აუცილებლად დატოვებს კვალს“ – თქმა მან.

ქირურგმა ასევე განმარტა, რომ ვიდეოში დგებუაძეს სიწითლე არ აღენიშნება და მისი კანის სტრუქტურა ერთგვაროვანია.

სახის სიწითლის განხილვის შემდეგ დარბაზიდან შეძახილებით რამდენიმეჯერ გამოეხმაურენ პროკურორს – „ეტკინა თუ ეწყინა?“ – შემდეგ თავადვე უპასუხეს ამ კითხვას, ბოლოს თავად დაადგენთ, რომ ეწყინა და ფიზიკური დაზიანება არ მიუღიაო. 

ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ლოყის სიწითლის და ლოყის ტკივილის საკითხი მზია ამაღლობელის საქმეში ფაქტობრივად გადამწყვეტია.

დღეს სასამართლო სხდომაზე დაკითხეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილიც.

ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე

პროკურორმა გოგეშვილმა მანანა ქველიაშვილს რამდენჯერმე ჰკითხა, მოისმინა თუ არა პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ან შეძახილები აქციაზე 2025 წლის 11 იანვარს, როცა მანანა ქველიაშვილი აქციას აშუქებდა. პროკურორს ასევე აინტერესებდა, იცნობდა თუ არა მზია ამაღლობელი  ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან

სხდომას ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, აქტივისტები, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

დღეს, 30 მაისს, სხდომას ესწრებოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, ის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჩამოვიდა ბათუმში და დღეს სხდომაზე მზიას მხარდამჭერი პლაკატებით მივიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია.

აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

„მათ გაყიდეს საქართველო საერთაშორისო დიქტატორის, პუტინის დაკვეთით“- განაცხადა აფგან სადიგოვმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლო დარბაზში.  აფგან სადიგოვი პროტესტის ნიშნად 161 დღე შიმშილობდა ქართულ ციხეში. იგი 17 აპრილს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

სხდომის დასრულების შემდეგ მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები ელოდნენ პენიტენციური სამსახურის მანქანას, რომლითაც მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაჰყავთ

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს ნესტან ცეცხლაძის სხდომათა დარბაზში დაშვებასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არაერთხელ გავაფრთხილე და შეუძლია გაასაჩივროს განკარგულებაო.

მზია ამაღლობელის შემდეგი სასამართლო პროცესი გაიმართება 2025 წლის 9 ივნისს, 13 საათზე.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, 30 მაისი, 2025 წელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: