ბათუმი,სიახლეები

მორატორიუმი ჰიდროპროექტების წინააღმდეგ

30.05.2012 • 1640
მორატორიუმი ჰიდროპროექტების წინააღმდეგ

ავტორი:ცაგო კახაბერიძე
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგები გიგანტური ჰესების და ყველა ტექნიკური ობიექტის აშენებას, რომლებიც ანადგურებენ საქართველოს ბუნებას, სიწმინდეებსა და არქეოლოგიურ ძეგლებს; იწვევენ მოსახლეობის მასობრივ აყრას სამკვიდრებელი ადგილიდან. მოვითხოვ, შეწყდეს დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა“ – ამ შინაარსის განცხადებაზე ხელმოწერით საქართველოს მოქალაქეები მინისტრის მიერ ხელმოწერილ ჰიდროპროექტების განხორციელების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ფეისბუქის გვერდზე, სადაც გარემოს დამცველმა ორგანიზაციებმა და ამ საკითხით დაინტერესებულმა ადამიანებმა ჰესების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს, ნათქვამია: „ამ პროექტების განხორციელების შედეგად წყლის ქვეშ აღმოჩნდება სულ მცირე 2000 ჰექტარი მიწა, მათ შორის ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა.

გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგის და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება აქ არსებული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც საგანგაშოდ დაზიანებულ სასიცოცხლო სივრცეს და დააჩქარებს ეკოლოგიურ კატასტროფას საქართველოში“.

„მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელის, მანანა ქოჩლაძის თქმით, ამ ხელმოწერებით ისინი ცდილობენ, დაანახონ საქართველოს მთავრობას, რომ „ადამიანები, რომლებიც ახალი ჰიდროპროექტების წინააღმდეგ გამოდიან, ეს არ არის რაღაც კასტა, ეს უფრო ფართო წრის განწყობაა და არ არის აუცილებელი, რომ ყველანი ენერგეტიკოსები ვიყოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ მოქალაქეების აზრი იყოს, პირველ რიგში, გათვალისწინებული. ამ მოქალაქეებს წყალქვეშ ცხოვრება რომ არ უნდათ, ეს მგონი, არ არის სადავო“.

როგორია გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ახალი ჰიდროპროექტები განხორციელდება? ბუნებაზე ზემოქმედებით გამომწვევი მიზეზების შესახებ გარემოს დამცველი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე მანანა ქოჩლაძე ამბობს: „ისინი, უბრალოდ, ასრულებენ დავალებას, რომელსაც ხელისუფლება ან პარტია უბრძანებს; ერთ მაგალითს მოვიყვან ამის დასადასტურებლად – 14 ოქტომბერს განცხადებით მივმართეთ სამინისტროს დარიალიჰესთან დაკავშირებით, რომელიც შენდებოდა გარემოს დაცვითი ნებართვის გარეშე. ზუსტად ერთი თვის თავზე გვიპასუხეს, რომ ამ პრობლემას მიხედავდნენ, 27 ნოემბერს კი მინისტრმა გასცა გარემოს დაცვითი ნებართვა პროექტზე“.

განცხადება, რომელზეც მოქალაქეები ხელს აწერენ, „მწვანე ალტერნატივას“ ვებგვერდსა (www.greenalt.org) და ამავე ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზეა განთავსებული. მოქალაქეს, ვისაც ჰიდროპროექტების წინააღმდეგ საკუთარი პოზიციის გამოხატვა სურს, შეუძლია ხმა ელექტრონულად მისცეს, ან ამობეჭდოს სპეციალური ბლანკი, მოაწეროს ხელი და შემდეგ დასკანერებული სახით უკან დაუბრუნოს ორგანიზაციას, მეილზე ან ფოსტით.

ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების შემთხვევაში, ამ კამპანიის ორგანიზატორები აქციებს მოაწყობენ. „მწვანე ალტერნატივა“ დარიალიჰესის მშენებლობის უკანონოდ დაწყების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს.

ბოლო პერიოდში პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებით, 2012 წელს საქართველოში 30-მდე ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, მათ შორის ისეთი გიგანტური ჰესები, როგორიცაა ხუდონის ჰესი, ნენსკრას ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი, ჭოროხის ჰესების კასკადი, დარიალი ჰესი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: