ჟურნალისტ სულხან მესხიძის ინფორმაციით, მას ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ხელი დაარტყეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს სხდომა. ამ დროს სხდომაზე იმყოფებოდნენ საკრებულოს და მერიის თანამშრომლები. არც ერთ მათგანს, არც საკრებულოს თავმჯდომარეს და არც სხვას, ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.
„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ თვითმხილველმა მოქალაქემ, რომელიც ასევე არ შეუშვეს საკრებულოს საჯარო სხდომაზე, პოლიცია გამოიძახა, თუმცა უშედეგოდ, პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ის დაახლოებით 11:30 წუთზე ხელვაჩაურის საკრებულოს შენობაში მივიდა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, მას საჯარო სხდომა უნდა გაეშუქებინა, თუმცა დაცვის სამსახურმა შენობაში გადაადგილება შეუზღუდა:
„არ განმიმარტეს, თუ რატომ არ მიშვებდნენ საკრებულოს სხდომაზე, დაგველოდეთ, დაგველოდეთო. 12 საათს აკლდა 2 წუთი, როცა შემიშვეს საკრებულოს სხდომაზე. დარბაზში დავაფიქსირე, რომ სურათი იყო იგივე, რაც ბოლო პერიოდშია საკრებულოს სხდომებზე. სხდომათა დარბაზი გადავსებული იყო მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით. ძლივს შევედი. ამით საკრებულოს ზღუდავს მედიის შესვლას სხდომათა დარბაზში.“
ჟურნალისტი შეეცადა ვიდეოკადრებზე აესახა ის ვითარება, რაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში დახვდა. სწორედ ამ დროს მას მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურადაც იძალადეს მასზე.
„ჩავრთე კამერა და მერიის თანამშრომლებს ვკითხე, თუ რის გამო ესწრებიან ისინი საკრებულოს სხდომას, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ დღის წესრიგის მიხედვით რა საკითხები განიხილება. მათ ამ კითხვებზე არ ჰქონდათ პასუხი, რაც იყო ახსნა იმისა, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილს მიზანმიმართულად ითვისებენ, რომ მოქალაქეებს დასწრების საშუალება არ მიეცეთ“.
ამ კითხვების მოსმენის შემდეგ რამდენიმე პირი ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა:
„სიტყვიერი დაპირისპირების დროს პირად სივრცეს არღვევენ, ძალიან ახლოს მოაქვთ სახე, გიყვირიან აგრესიით, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მომმართეს და მომთხოვეს, კამერა გამეთიშა და კითხვები არ დამესვა“.
სულხანი გვიყვება, რომ კამერა არ გათიშა და მოვალეობის შესრულება გააგრძელა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება:
„რამდენჯერმე დამარტყეს მოულოდნელად, შემდეგ უკვე ხელების გადაგრეხის მეთოდით, საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გამომაგდეს. ვიცი, რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები იყვნენ, ვინც ხელი დამარტყა. ამ ყველაფერს უყურებდა საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. გამაგდეს და დარბაზში დატოვეს მხოლოდ აჭარის ტელევიზია.
არანაირი გაფრთხილება არ მიუციათ იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მე აგრესიით მომმართავდნენ. როცა დავრჩი გარეთ მარტო, დაცვის სამსახური ჩადგა კართან, რომ შიგნით არ შევსულიყავი, მე ვაკაკუნებდი კარებზე და ვითხოვდი, რომ გაეღოთ. რამდენიმე წუთში გააღეს კარი და შევედი სხდომაზე. როცა შევედი საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართე, ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორებას ხედავდით, რატომ არ მოახდინეთ რეაგირება, რატომ შემეზღუდა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება-მეთქი. თენგიზ ირემაძემ პასუხი ვერ გამცა და ისევ ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომაგდეს გარეთ. ამის შემდეგ უკვე აღარ შემიშვეს შიგნით.“
ჟურნალისტი ამბობს, რომ მასზე ძალადობას აჭარის ტელევიზია იღებდა და ელოდება, როგორ გააშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ფაქტს:
„ჟურნალისტმა მთხოვა ფაქტის შეფასება, რაც განხორციელდა ჩემ მიმართ, მაგრამ უარი ვუთხარი იმის გამო, რომ აჭარის ტელევიზიას არ ვენდობი. თუმცა კადრები გადაღებული აქვთ და ველოდები, მაინტერესებს როგორ გააშუქებენ. რას იტყვიან იმ უკანონობაზე, რაც ნახეს და გადაიღეს.“
საინტერესოა, რომ საჯარო სხდომაზე, სადაც საკრებულოს და მერიის ათეულობით თანამშრომელი იმყოფებოდა, პროტესტი ერთ პირსაც არ გამოუხატია იმის გამო, რაც მათ თვალწინ მოხდა. თვითმმართველობის კოდექსი პირდაპირ ავალდებულებს ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც თვითმმართველობის ორგანოში მუშაობს, სხდომის საჯაროობის უზრუნველყოფას და, ზოგადად, თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხების საჯაროობის უზრუნველყოფას. მეტი პასუხისმგებლობა კი ამის შესასრულებლად, რა თქმა უნდა, საკრებულოს თავმჯდომარეს, თენგიზ ირემაძეს აქვს. როგორც ჩანს, მას ეს კოდექსი კარგად არ შეუსწავლია, თუ შეისწავლა და სხდომის საჯაროობაზე არ ზრუნავს, ის უბრალოდ არ ასრულებს იმ მოვალეობებს, რისთვისაც აირჩიეს.
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს სავარაუდოდ არც დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა ესმის კარგად. იმედია, ის მაინც იცის, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ვიყავი მარტო და მთელი სისტემა დამიპირისპირდა მე, როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად. დავრჩი მარტო ამ აგრესიის წინაშე. მობილურზეც ხელი დამარტყეს, რითაც ვმუშაობ და რაც ჩემთვის არის სამუშაო კამერა. ამის შემდეგ ვიდეოგადაღებაც შეწყდა, სრულყოფილად ვერ ჩავწერე, ხელის დარტყმის დროს მობილური ტელეფონი რომ არ დაცემულიყო ძირს, წონასწორობა დავკარგე.“
„ბათუმელებმა“ სცადა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირება. ის ტელეფონს არ პასუხობს, ვესაუბრეთ მის თანამშრომელს, რომელიც დაგვპირდა, რომ დაგვიკავშირდება, როგორც კი გადასცემს ხელმძღვანელს, რომ მისგან განმარტებას ველოდებით. თენგიზ ირემაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ.
თუ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, განმარტებას გააკეთებს, აქვე გამოვაქვეყნებთ.
სულხან მესხიძის ინფორმაციით, ის გამოერიდა ტერიტორიას უსაფრთხოების მიზნით და აპირებს მიმართოს ყველა შესაძლებლობას რეაგირებისთვის.