ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ბათუმობა 2025“-ზე მომღერლების ჰონორარებში 109 ათასი ლარი დაიხარჯება

29.04.2025
„ბათუმობა 2025“-ზე მომღერლების ჰონორარებში 109 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბიუჯეტიდან 109 ათას 60 ლარის გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. დამატებით 113 ათას 975 ლარი კი ღონისძიების ორგანიზებაში დაიხარჯება.

„ბათუმობის“ ჩატარებას ბათუმის მერია 3-4 მაისს, ბულვარში, საზაფხულო თეატრთან გეგმავს.

ბათუმის კულტურის ცენტრი აღნიშნულ თანხას უტენდეროდ, პირდაპირი წესით დახარჯავს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

ბათუმობა 2025“-ზე დაგეგმილი კონცერტის მონაწილეები / წყარო: შესყიდვების პორტალი

„ქალაქ ბათუმის კულტურის ცენტრს 2025 წლის 3 და 4 მაისს გათვალისწინებული აქვს ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ, სახალხო დღესასწაული ,,ბათუმობა 2025″-ის აღნიშვნა და დღესასწაულის ფარგლებში კონცერტის ორგანიზება.

ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს.

ღონისძიებების მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საჭირო მომსახურებების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები ვერ განხორციელდება“ – წერს ბათუმის კულტურის ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზების ხარჯებს – კულტურის ცენტრს ხელშეკრულებები ჯამში 113 ათას 975 ლარზე აქვს გაფორმებული. აქედან 87 500 ლარზე შპს „ბეტა პრინტთან“ და 26 475 ლარზე შპს „ჯითი ჰოლდინგთან“

„ბათუმობა 2025″ ორგანიზებაზე კულტურის ცენტრს ტენდერები ჰქონდა გამოცხადებული.

ფოტოზე: „ბათუმობა 2024“ – ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ნიკოლოზ წულუკიძე. ფოტო: ბათუმის მერია/facebook

ამავე თემაზე: 

„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: