მთავარი,სიახლეები

„ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ“ – ზებრაზე გადასვლისთვის დაჯარიმებულები

05.04.2025
„ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? პროტესტს მაინც ვერ ჩაახშობენ“ –  ზებრაზე გადასვლისთვის დაჯარიმებულები

„ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. სულ რაღაც ერთ კვირაში ოპერაცია მიტარდება, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარკვეული მიზეზების გამო, ოპერაცია არ მიფინანსდება. ოჯახს ვეღარ მოვთხოვ ჯარიმის გადახდის ნაწილშიც დამეხმაროს, იმიტომ, რომ მთელი ჩვენ ერთობლივი რესურსი ამ ოპერაციის ხარჯზეა გადანაწილებული“, – გვეუბნება 24 წლის მარიამ საგინაძე ბათუმიდან. ის დიზაინერია და ატელიეში მუშაობს.

მარიამ საგინაძე ერთ-ერთია ბათუმში, 31 იანვრის აქციაზე იმ პირებს შორის, რომლებიც ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო დააჯარიმეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიამსაც 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია, როგორც მთელს ქვეყანაში. არავის არ აქვს დღეს იმის შესაძლებლობა, რომ 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდას საკუთარი სახსრებით, დამოუკიდებლად შეეჭიდოს. მით უმეტეს სტუდენტები და ახალგაზრდები. აი, მაგალითად ჩემს შემთხვევაზე რომ ვთქვა – ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, 5 000 ლარი პროფესიულად შემდგარი ადამიანებისთვისაც კი 2-3 თვის ანაზღაურებაა მინიმუმ…

ერთადერთი გზა რაც გვაქვს, მცდელობაა საჭირო თანხა სოციალური ქსელების დახმარებით შევაგროვოთ“, – ამბობს მარიამ საგინაძე.

მარიამ საგინაძე

ის ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეების დაჯარიმებით ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას ცდილობს, მაგრამ „აშკარად ტყუილად“.

„ცხადია, ახალგაზრდებისთვის ამხელად ჯარიმის დაკისრებით ჩვენს შეზღუდვას ცდილობენ. უნდათ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს განვითარებას, განათლების მიღებას… მათი გადადგმული ყველა ნაბიჯი მხოლოდ ერთეული ადამიანების გამდიდრებას, ერთეული ადამიანების ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს ყველაფერი საშინლად გვაზიანებს.

ცოტახნის წინ გავიგეთ, რომ ლიეტუვამ შეწყვიტა გაცვლითი პროგრამები. ეს სტუდენტებისთვის ძალიან დიდი დანაკლისია…

ყველანაირად ცდილობენ, რომ წინააღმდეგობაში იყვნენ ჩვენთან და არავის არ აინტერესებს, რა გვინდა და რატომ გვინდა ჩვენ, რადგან ყველაფერი ერთპიროვნულად წყდება და ოლიგარქების სურვილზეა დამოკიდებული მთელი ქართული ხელისუფლების ქმედებები“, – ამბობს მარიამ საგინაძე

იგი ამბობს, რომ 5 000 ლარი მინიმუმ ნახევარი წლის კვების ხარჯია მისთვის და მიუხედავად ამისა, არ აპირებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შეწყვეტას.

„ჩემი საპროტესტო განწყობა კიდევ უფრო გაიზარდა… ჩემმა თაობამ კარგად იცის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი. დამოუკიდებლობას შეჩვეული ადამიანი ვიღაცის დაქნეული თითის ჩარჩოებში ვერაფრით გამოემწყვდევა. შეუძლებელია. ბოლომდე ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის“.

მარიამ საგინაძის თქმით, მის ირგვლივ მყოფებზე აქციის მონაწილეების დაჯარიმებას არ უმოქმედია, თუმცა უშვებს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა იქონიოს უარყოფითი გავლენა აქციის სხვა მონაწილეების მუხტზე – „რა თქმა უნდა, მათი რიცხვი პროცენტულად ცოტა იქნება. გაცილებით მეტნი ვართ, ვინც ვერ შეგვაშინეს.

ულუკმაპუროდ ვერ დაგვტოვებენ, რადგან უამრავჯერ ვაჩვენეთ, თუ გადამწყვეტ მომენტებში რამდენად შეგვიძლია ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. არც ერთი სტუდენტი და სხვა მოქალაქე, ვინც ახლა დაჯარიმებულია, მჯერა, მარტო არ არის“, – გვეუბნება მარიამ საგინაძე.

მოქალაქის თქმით, მარტოს რომ მოუწიოს ჯარიმის გადახდა, მინიმუმ ოთხი თვე დასჭირდება – „ესეც იმ შემთხვევაში თუ ხელფასიდან ერთ თეთრს არ ავიღებ კვებისთვის, ტრანსპორტისთვის და ა.შ. ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ხელფასი რომ აიღო, სამსახურში უნდა მიხვიდე და წამოხვიდე. ამაშიც ფული გჭირდება.

ჯარიმის გადახდაც ამიტომ გადავწყვიტე – ანგარიშები არ დამიყადაღონ და ხელფასის აღება რომ შემეძლოს. სხვა შემთხვევაში არაფრით არ გადავიხდიდი და ამ ფორმითაც გავაძლიერებდი ჩემს პროტესტს. ერთადერთი საშუალება, რომ ჩემი გამომუშავებული ხელფასი ავიღო, საბანკო ანგარიშების ქონაა“, – ამბობს მარიამ საგინაძე საუბრის დასასრულს.

22 წლის ქეთი პაქსაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. ის ეკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.

„5 000 ლარით დამაჯარიმეს მეც ბათუმის აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ზებრაზე გადასვლისთვის.

ჯარიმის გადახდის არანაირი რესურსი არ მაქვს. უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს ვიხდი… მე კი ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ხელფასით სწავლის გადასახადის ნაწილობრივ გადახდას ვახერხებ. მოკლედ გეტყვით, ეს ჯარიმა ჩემი ძალებით გადაუხდელი ამბავია.

ვის აქვს 5 000 ლარი დღეს? ვერ გექნება და რამდენი უნდა იმუშაო, რომ იმ მინიმალური შემოსავლით, რაც გვაქვს ზოგადად ქვეყანაში და რამდენიცაა ჩვენი ხელფასები, დავაგროვოთ.

გვქონდა ფონდები და თუ რაიმე მოხდებოდა მსგავსი, გვეგულებოდა „ნანუკას ფონდი“, სხვა ფონდები და შეგვეძლო მიგვემართა, მაგრამ დააყადაღეს. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ისევ ხალხის დახმარების იმედია“, – გვეუბნება ქეთი პაქსაძე.

როგორ სტუდენტი ამბობს, უხეში დათვლით 5 000 ლარი მისთვის ნახევარი წლის სამყოფი ფულია საკვებისთვის და წვრილმანი ხარჯებისთვის.

„ჩემი ხელფასი 1300 ლარია. აქედან რაც მეტს გადავიხდი, მით უკეთესი, თუმცა უნივერსიტეტში ყოველთვიურად ვიხდი 500 ლარს. ქირით არ ვცხოვრობ მაგრამ, კომუნალურებს ვიხდი. ამისთვის მჭირდება 200 ლარამდე.

თუ ჩემი ხელფასით მომიწევდა ჯარიმის გადახდა, რაც დამრჩება, ეს 500 ლარი მთლიანად უნდა გადავდო ჯარიმისთვის და კვებისთვის და ელემენტარული რაღაცებისთვის აღარ დავიტოვო. ამას ვერ იზამ, როგორც არ უნდა მოინდომო და გამოდის, რომ მთელი ცხოვრება ჯარიმა უნდა ვიხადო და ამისთვის ვიმუშაო“, – გვიყვება ქეთი.

ქეთი პაქსაძე. ფოტო: ედო მჟავანაძე

მას ვკითხეთ, რამდენად შეძლებდა ოჯახი მის მხარდაჭერას და ჯარიმისთვის თანხის შეგროვებაში თანამონაწილეობას.

სტუდენტის თქმით, ოჯახი კი შეძლებდა მის დახმარებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაცას მოაკლებდნენ – „მაშინ ბანკში შესატანი ფული უნდა მომცენ, ან ახალი სესხი უნდა გააკეთონ და მსგავსად. სხვა შემთხვევაში – ვერა“.

ქეთის თქმით, ის აუცილებლად გააგრძელებს ბათუმის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და მისი საპროტესტო განწყობა დაჯარიმებით „ვერ მოკლეს“.

„სრულიად აბსურდია ეს ჯარიმები, როგორც სასამართლო პროცესები. თავად პროკურორებსაც, ოქმის შემდგენებსაც ეცინებოდათ ისეთი აბსურდული მიზეზით დაგვაჯარიმეს. არ ჰქონდათ რაიმე მტკიცებულება. ვიდეოებში ჩანს, რომ არავის ვუშლით ხელს და არ ვუზღუდავთ გადაადგილებას.

ყველა ვიდეოში, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა, ჩანს, როგორ გადავდივარ ზებრაზე, მაგრამ არავის ვუშლი ხელს. ვიმეორებ, არც მანქანებს, არც ქვეითებს და არც პოლიციას მათი საქმის შესრულებაში. ეს ჯარიმები რომ კანონიერი იყოს, ჩვენი რეაქცია სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ ყველა ეს ჯარიმა უსამართლოა.

დაჯარიმება გვაზიანებს, თავისთავად, მაგრამ არ აზიანებს ჩვენს საპროტესტო განწყობას. პირიქით – უფრო მეტ ჟინს გვაძლევს, რომ მეტად ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ ისე, რომ არაფრის არ შეგვიშინდეს“ – გვითხრა ქეთიმ.

სტუდენტი ამბობს, რომ იცნობს ბევრ დაჯარიმებულს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ვერ მუშაობენ სხვადასხვა მიზეზით, აქ აქვთ შემოსავალი და შესაბამისად, მათთვის ეს ჯარიმები კიდევ უფრო დიდი ტვირთია.

სტუდენტის თქმით, მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა ჯარიმის გადახდა, ის არის, რომ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას აპირებს არ უნდა დაყადაღება მასაც შეეხოს.

დაჯარიმებულთა შორისაა ბათუმის აქციების კიდევ ერთი მონაწილე – გოჩა სურგულაძე. მან ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლის პოსტი რუსული კანონის საპროტესტო აქციებისას დატოვა 2024 წელს და სტუდენტურ მოძრაობას შეუერთდა.

გოჩა სურგულაძე ახლა ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაშია დასაქმებული.

„ძალიან დიდი ტვირთია საზოგადოებისთვის 5 000 ლარის გადახდა. 500 ლარის გადახდაც ტვირთი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის…

უსამართლოა ჩვენთვის დაკისრებული ეს ჯარიმები და მათი გადახდა იქნება კაბალური. 5 000 ლარი დაახლოებით სამი თვის ხელფასია ჩემთვის. ძალიან გამიჭირდება ამ ჯარიმის გადახდა მარტოს.

ყველაზე დრამატული ისაა, რომ მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. მაქვს სამი საბანკო ვალდებულება, რაც დაახლოებით 1600 ლარია თვეში და სახელმწიფო მეუბნება, რომ 5 000 ლარი უნდა გადავიხადო მოსამართლის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის ვადაში, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ამიტომ მივმართე საზოგადოებას და ვთხოვე წვლილის შეტანა ჩემი ჯარიმის დაფარვაში.

თავს ვცნობ უდანაშაულოდ და ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ამ ჯარიმის გადახდა, როგორც მორალურად, ასევე, ჩემი პოლიტიკური ღირებულებებიდან გამომდინარე.

რომ არა ის ფაქტორი, რომ რეალურად ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს და მე დამტოვებდნენ ლუკმაპურის გარეშე – ამ ჯარიმას არ გადავიხდიდი. ეს არის მოქალაქეების კაბალურ პირობებში ჩაყენება. ვაპირებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციებში” – გვეუბნება გოჩა სურგულაძე.

გოჩა სურგულაძე. ფოტო: ედო მჟავანაძე

მისი თქმით, 5 000 ლარი მისთვის და მისი ოჯახისთვის დაახლოებით 5 თვის სამყოფი ფულია.

„სახელმწიფოს სურს, რომ გაგვაბოროტოს და რაღაც აგრესიულ ქმედებებს მივმართოთ, იმიტომ, რომ ჩვენი კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებით ცდილობს ფსიქოლოგიურად გაგვტეხოს და მეორე მხრივ, ცდილობს, დააშინოს სხვა მოქალაქეები, რომ აღარ ჰქონდეთ წინააღმდეგობა ამ ანტიდემოკრატიულ და ძალადობრივ პოლიტიკაზე, რომელსაც ის ახორციელებს მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე და საზოგადოების სხვა წევრებზე.

ჩემ შემთხვევაში და არამხოლოდ ჩემ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება გაიზარდა, უფრო ოპტიმისტია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იქნება, ბევრ ადამიანს სავარაუდოდ დაებლოკება ანგარიშები და ექნება ფინანსური შეზღუდვები, ვფიქრობ, ამ პროტესტს გავყვებით ბოლომდე, სანამ შედეგი არ დადგება – ჩატარდება განმეორებითი არჩევნები და გათავისუფლება ყველა პოლიტიკური პატიმარი.

მე არ ვაპირებ გაბოროტებას, ეს ნორმალურ საზოგადოებას არ ახასიათებს. ძალიან პრაგმატულად, თანმიმდევრულად, ისტორიული გამოცდილებებიდან გამომდინარე, გავაგრძელებ მშვიდობიან ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყოველდღიურად ჩადის არადემოკრატიულ, ანტიჰუმანურ ქმედებებს საზოგადოების წინააღმდეგ“, – გვითხრა საუბრის დასასრულს გოჩა სურგულაძემ.

  • რა ხდება? 

ბათუმში სასამართლომ პროევროპული აქციების 36 მონაწილე დააჯარიმა. სასამართლოს მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმები, ჯამში, 158 500 ლარს აღწევს. ამ ჯარიმების გადახდის შემთხვევაში სტუდენტები ულუკმაპუროდ რჩებიან.

ყველა სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და დაჯარიმებულებს გადაწყვეტილებებიც მალე ჩაჰბარდებათ.

იმის გამო, რომ ყველა ფონდი დაყადაღებულია, დაჯარიმებულებისთვის თანხას დაჯარიმებულები მოქალაქეები და, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები, ციალა ქათამიძე და მალხაზ ჭკადუა აგროვებენ.

პროევროპული აქციების დაჯარიმებულ მონაწილეთა დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

#GE38BG0000000162685131 – მიმღები ციალა ქათამიძე

#GE47TB7002743365100007 – მიმღები მალხაზ ჭკადუა

ამავე თემაზე: 

ბათუმში სტუდენტები ჯარიმის ფულს აგროვებენ – „ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, სწავლის უფლება წამართვეს“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: