სახალხო დამცველის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანი დააკავეს. დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
სახალხო დამცველის ცნობით, ორმა დაკავებულმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა.
„სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“-აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.
უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე – 1481.
თბილისსა და ბათუმში მოსახლეობის საპროტესტო აქციები 132-ე დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
__________________
ფოტოზე: პროტესტი რუსთაველზე. ფოტო: ნეტგაზეთი






