„ერდოღანი არ ელოდა ასეთ მუხტს… ამიტომაც, ხელისუფლებამ ცოტა მუხრუჭს დააჭირა ფეხი,“ – გვიყვება თურქოლოგი ქამრან ოსმანლი. მისი დაკვირვებით, ერდოღანი ყველაზე მეტად ამდენი სტუდენტის ქუჩაში გამოჩენას არ ელოდა, თუმცა ბუნდოვანია, რა შეიძლება იყოს სტამბულის ქუჩებში დაწყებული წინააღმდეგობის შედეგი.
ქამრან ოსმანლი მიიჩნევს, რომ ერდოღანი არჩევნებამდე 3 წლით ადრე ცდილობს თადარიგის დაჭერას და მთავარი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას იმ დროს, როცა გეოპოლიტიკურად თურქეთის შიდა პოლიტიკური პროცესისთვის მაინც და მაინც არ სცალიათ.
რამდენად გამოუვა ეს ერდოღანს? – „ბათუმელები“ თურქეთის საპროტესტო აქციებზე თურქოლოგ ქამრან ოსმანლის ესაუბრა:
- ბატონო ქამრან, რა ეტაპზეა სტამბულის საპროტესტო მოძრაობა? საპროტესტო აქციებს ერდოღანი „ძალადობრივ მოძრაობად“ მოიხსენიებს, აკავებენ ასეულობით ადამიანს, მათ შორის, ჟურნალისტს…
როგორც ხშირად ხდება, ხელისუფლება თურქეთშიც ცდილობს შექმნას ისეთი დღის წესრიგი, რომ ოპოზიციური ფლანგი გამოაჩინოს, როგორც აგენტები, მტრები და ასე შემდეგ. ეს ბევრ ქვეყანაში გამოცდილი მეთოდია.
ოპოზიციამ კი, მოსახლეობას მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ ერდოღანის პარტიასთან ღიად დაკავშირებულ ბიზნესს, არ შეიძინონ მათი საქონელი. ეს ბოიკოტი ერთი დღით იყო გამოცხადებული – 2 აპრილს. შემდეგაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს, თუმცა როცა ციფრები შეადარეს, ნახეს, რომ ერდოღანს მოუხერხებია თავისი მომხრეების მობილიზება.
წინააღმდეგობის პროცესში ძირითადად ახალგაზრდები აქტიურობენ, ისინი არიან ყველაფრის სათავეში. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, სადაც დასმული იყო შეკითხვა: რამდენად ეფექტურია, თქვენი აზრით, ოპოზიციის მოქმედება ამ ვითარებაში? გამოკითხულთა 60%-მდე ამბობდა, რომ ოპოზიცია სუსტია, ვერ უმკლავდება მოძრაობის გამოწვევებს და კრიზისიდან ვერ გამოდის.
- როგორ მოხერხდა თურქეთში ოპოზიციის დასუსტება?
არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. ბევრი ოპოზიციური პარტია ძალიან გამოცდილია, მათ შორის, არიან 100-წლიანი პარტიები. თურქეთისთვის ბოლო წლებში შეიძლება არა, მაგრამ განსაკუთრებით გასული საუკუნის 80-90-იან წლებში საპროტესტო ტალღა უცხო ხილი არ არის. ფაქტია, რომ ოპოზიცია ვერ უმკლავდება ამ პროტესტის გამოწვევებს და ნდობა მის მიმართ შემცირებულია.
არსებობს შიდა პარტიული დაპირისპირებაც. ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, რა სურთ, უნდა ჩაუდგნენ თუ არა პროტესტს სათავეში. იგივე „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ [ექრემ იმამოღლუს პარტია] არსებობს ქილიჩდაროღლუს [პრეზიდენტობის კანდიდატი 2023 წლის არჩევნებზე] გუნდი, რომელიც ოზგურ უზელს და იმამოღლუს ეწინააღმდეგება და ძველი სტატუს-კვოს შენარჩუნება სურს. ქილიჩდაროღლუ ამბობს, რომ კანდიდატი არ ვარო, თუმცა ჩანს, რომ კულუარებში რაღაცები ხდება.
დღეს ტარდება „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ ყრილობაც და ირჩევენ თავმჯდომარეს. სულ სამი კანდიდატია. განსაკუთრებული რამ თუ არ მოხდა, ალბათ ისევ ოზგერ უზელი გახდება თავმჯდომარე.
ცხადია , ოპოზიციის მოთხოვნა არის იმამოღლუს გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რაც ამ ეტაპზე არარეალური ჩანს.

ქამრან ოსმანლი
- ძლიერდება, თუ სუსტდება საპროტესტო ტალღა თურქეთში, რა პერსპექტივა ჩანს ამ გადასახედიდან?
ძირითადად სტუდენტებზეა დატვირთვა და ისევ ძლიერია საპროტესტო მუხტი, თუმცა ამ აქციაზე გამოსულები მაინცდამაინც ყველა იმამოღლუს ამომრჩეველი არ არის. თუ დააკვირდით აქციებზე აჩვენებდნენ რუხი მგლების სიმბოლოს, რაც მიანიშნებს, რომ ნაციონალისტები არიან. აქციაზე ჩანან ჩადრიანი, მორწმუნე ქალებიც. შესაბამისად, ფართო სპექტრია.
რთული მდგომარეობაა ზოგადად, რადგან განსხვავებულია საგარეო ვითარება. როგორც იცით, ევროკავშირი თურქეთის საპროტესტო აქციებსა და იმამოღლუს დაკავებაზე მხოლოდ რამდენიმე განცხადებით შემოიფარგლა: მაკრონის განცხადება იყო იმის თაობაზე, რომ თუ თურქეთს ევროკავშირის წევრობა სურს, არ უნდა დააკავოს ოპოზიციის ლიდერი. აშშ-დან იყო განცხადება, რომ ეს თურქეთის შიდა საქმეა… აქედან ის ჩანს, რომ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ განსაზღვრა ეს მოცემულობა თურქეთში, ვიდრე სხვა რეალობამ.
- აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რუბიოც შეხვდა თურქეთის პრემიერს. რა გაირკვა ამ შეხვედრით?
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აშშ-ს და თურქეთს შორის ამ ეტაპზე არის სანქციების მოხსნა, რაც თურქეთს აქვს დაწესებული, ასევე, F 35-ების პროგრამაში დაბრუნება და S400-ების საკითხის მოგვარება, რომ ეს მოშორდეს თურქეთის ტერიტორიიდან, გასხვისდეს და ასე შემდეგ.
აშშ ცდილობს, თურქეთის გავლით მოაგვაროს პალესტინის საკითხი. სირიაც დღის წესრიგშია თავისთავად.
კოლექტიური დასავლეთისთვის ერდოღანი არის უფრო სტაბილურობის სიმბოლო, განსაკუთრებით ამ მოცემულობაში, როცა თურქეთი ნატოს მეორე ჯარია და რეგიონში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. ამ დროს, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკური კინკლაობისთვის ნაკლებად სცალიათ. მათ სჭირდებათ კონკრეტული ლიდერი.
- ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საფრთხეს ხედავს დასავლეთი? რით განსხვავდება იგივე იმამოღლუს ხედვები ერდოღანის პოლიტიკისგან უსაფრთხოების კუთხით?
როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში სტატუს-კვო სჭირდებათ. მათთვის ერდოღანი მისაღებია და ეს ეხება, როგორც რუსეთ-უკრაინის ომში თურქეთის ჩართულობას, ასევე ევროკავშირის ხედვას უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაზე, რაც თურქეთის გარეშე შეუძლებელია.
ოპოზიცია კი, ამ კონტექსტში ზოგადად იმას ამბობს, რომ თურქეთის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. სხვა საგარეო პრიორიტეტი რა არის, რა ნაბიჯებია საჭირო და ასე შემდეგ, ისინი არ ასახელებენ და ესეც ოპოზიციის სუსტი მხარეა. იგივე 2023 წელს, როცა თურქეთში ოპოზიცია სატრანსპორტო მაგისტრალზე საუბრობდა „თურქების გზა“, იგივე „თურქული გზა“, რომელიც ნიშნავდა თურქეთიდან გზის გაჭრას ცენტრალურ აზიაში, გზა უნდა გაჭრილიყო საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით, თუმცა მათ რუკაზე მიუთითეს ირანი, რამაც ნაციონალისტები გააღიზიანა. ქილიჩდაროღლუმ ამის გამოც დაკარგა გარკვეული ხმები.
- იმამოღლუს ადვოკატიც დააკავეს. ბევრისთვის ეს და რეპრესიების გააქტიურება აჩვენებს იმას, რომ ერდოღანი მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებს. ეს ასეა?
ის ადვოკატი მალევე გაათავისუფლეს, ისევე, როგორც ჟურნალისტები და აქციაზე დაკავებული სხვა პირები. ხელისუფლება ცდილობს, არ მიიღოს კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება. ფაქტია, რომ ერდოღანი არ ელოდა ასეთ მუხტს. ხელისუფლებაში ეგონათ, საზოგადოების მცირე ნაწილი გამოვა და ამით შემოიფარგლება ოპოზიციაო, თუმცა ძალიან ძლიერი მუხტი დაინახეს განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. ამიტომაც, ხელისუფლებამ ცოტა მუხრუჭს დააჭირა ფეხი.
მე არ ვიცი, როგორ განვითარდება ეს პროცესი. არის ვერსია, რომ შიდა კულუარებში მიმდინარეობს ვაჭრობა, მათ შორის, იმამოღლუს განთავისუფლებაზე.
მიტინგები არ არის პერმანენტული. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებდა, მოდით, ყოველ შაბათს გავიდეთ აქციაზეო. საინტერესოა, რატომ აკეთებენ ამას.
- რატომ აწყობდა ერდოღანს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება ამ ეტაპზე?
ერდოღანის პარტია განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება საზოგადოების განწყობებს. ერდოღანის მთავარი ოპონენტია ექრემ იმამოღლუ და მანსურ იავაში, ანუ ანკარის მერი, რომლის მიმართაც ასევე გაუჩნდა გამოძიებას კითხვები კონკრეტული კონცერტების ჩატარებასთან დაკავშირებით. იმამოღლუ რომც გამოუშვან ციხიდან, ის მაინც ვეღარ მოახერხებს არჩევნებში მონაწილეობას, რადგან დიპლომი გაუბათილეს.
არჩევნების ჩატარებასაც ახლა არავინ აპირებს. არჩევნები უნდა ჩატარდეს 2028 წელს, თუმცა თუ იმამოღლუს საკითხი თავიდან მოიშორეს და აღარ იქნება საპროტესტო ტალღა, ერდოღანს ახლაც ჰყავს ბირთვი – მინიმუმ 25-30 %, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მესამედი, რომელიც რაც უნდა მოხდეს, მაინც ერდოღანს დაუჭერს მხარს. დანარჩენი ხმები კი, დამოკიდებულია, მათ შორის, ეკონომიკაზე, იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ვალუტის კურსის სტაბილურობის მიღწევას.
2028 წლის არჩევნებზე ერდოღანს წესით ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა, მან პრეზიდენტობის ყველა ვადა უკვე გამოიყენა, მაგრამ შესაძლებელია კონსტიტუციის შეცვლა, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ან 2027 წელს რიგგარეშე არჩევნებს ჩაატარებს. არსებობს ეს ერთგვარი „ხვრელი“, რომელიც შეიძლება ერდოღანმა გამოიყენოს, რადგან რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, მას ლეგიტიმურად შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა.
_____________________________
მთავარი ფოტო: 2025 წლის მარტი – სტამბული, ოპოზიციის საპროტესტო აქცია. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო






