მთავარი,სიახლეები

„მიკროავტობუსი ისეთი გრაფიკით დადის, სამსახურში ვაგვიანებთ“ – რაზე წუხან სოფელ მახოში

05.04.2025 •
„მიკროავტობუსი ისეთი გრაფიკით დადის, სამსახურში ვაგვიანებთ“ – რაზე წუხან სოფელ მახოში

ხელვაჩაურის სოფელ მახოში ამბობენ, რომ მათ სოფელში დაახლოებით ორი თვეა მუნიციპალური მიკროავტობუსი დაინიშნა ბათუმის მიმართულებით, თუმცა ადგილობრივებისთვის ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი მოუხერხებელია.

აქ ამბობენ, რომ მახოს და სოფელ ონტოფოს მცხოვრებლებს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე სოფელ ონტოფოდან გამოდის, ჩაჰყავს მგზავრები ბათუმში და შემდეგ მიდის მახო-დავითაძეებში მგზავრების ასაყვანად.

ადგილობრივების მთავარი წუხილი ის არის, რომ ვინც ბათუმშია დასაქმებული და სამუშაო დღეს დილის 9-10 საათზე იწყებენ, მიკროავტობუსის ასეთი გრაფიკის გამო სამსახურში აგვიანებენ და ეს, შესაძლოა, სამსახურის დაკარგვის მიზეზიც კი გახდეს.

36 წლის ირაკლი მსხალაძე ამბობს, რომ ამ თემაზე ადგილობრივებმა ყველა შესაბამის ორგანოს მიმართეს, თუმცა არაფერი შეცვლილა.

„რაც ეს ახალი „მარშუტკები“ გამოვიდა, მთელი სოფელი ვითხოვთ, რომ ერთი მიკროავტობუსი გამოგვიყონ, რომელიც ადრიან დილით გავა სოფლიდან ბათუმისკენ.

ავტოტრანსპორტში განგვიმარტეს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა და სოფლის გამგებელმა ერთობლივად უნდა მიმართონ ბათუმის ავტოტრანსპორტს, რომ გამოგვიყონ ტრანსპორტი, რითაც ვისარგებლებდით ადგილობრივი მოსახლეობა.

ახლა ერთი მიკროავტობუსი გვემსახურება ორ სოფელს. ეს „მარშუტკა“ ჩვენგან დაახლოებით 9:30 საათზე გადის და ვერავინ ვერ ვასწრებთ სამსახურში მისვლას.

მე სასტუმროში ვმუშაობ. 9 საათზე მეწყება სამსახური. დილის შვიდ საათზე ვდგები და ფეხით და 2 კილომეტრს ფეხით გავდივარ ხიდამდე, წვიმაა, დარი თუ ქარი. ჩემი თანასოფლელებიც ამ მდგომარეობაში არიან, ყველას სამსახური ადრე იწყება.

თუ დავაგვიანებ, საყვედურს მივიღებ. 4 შვილი მყავს, მრავალშვილიანი მამა ვარ და აუცილებლად მჭირდება სამსახური.

ამის გამო, ფარული, მწვავე ანთება ავიკიდე. უამრავი წამალი და ნემსი გამომიწერა ექიმმა.

ბევრჯერ ვიყავით მერიაში ჩასული, ვთხოვეთ, მაგრამ არანაირი რეაგირება არა. ამას ნებისმიერი ადამიანი დაგიდასტურებთ სოფელში“, – ამბობს ირაკლი მსხალაძე.

მოქალაქის თქმით, დღესაც ესაუბრა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს, ომარ დუმბაძეს – „მარშუტკების“ ჩამოყვანის მეორე ეტაპს დაველოდოთ და ამის შემდეგ, ახალ მარშუტკას დაგინიშნავთო“.

როგორც ირაკლი მსხალაძე გვიყვება, 10 დღის წინ სოფლის სხვა მკვიდრებთან ერთად ხელვაჩაურის მერიაშიც იყვნენ მისულები:

„მერიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიგვიღო და იმედი მოგვცა, რომ უახლოეს პერიოდში გადაჭრიდა ჩვენს საკითხს, დაგვიკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

…თუ არ უნდა გააკეთო, არც უნდა დაჰპირდე ადამიანს. ორი თვეა ეს პრობლემა გვაქვს. თებერვლის ბოლოს მოვითხოვეთ. ჩვენს სოფელში მერის წარმომადგენელმა მითხრა, რომ შემდეგი გრაფიკით იმოძრავებდა მიკროავტობუსი: დილით პირველ რეისზე გავიდოდა 08:00 საათზე, შემდეგ თერთმეტზე, მერე 15:00 საათზე და ბოლო რეისი ექნებოდა 18:30-ზე. დიდი სიხარულით გავავრცელე ეს ინფორმაცია. შემდეგ რომ დავრეკე ამბის მოსაკითხად, მიზეზად დაასახელა, რომ მძღოლი არ ჰყავდათ. ახლა მძღოლი გვყავს და „მარშუტკები“ არ გვაქვსო. მიზეზები ასეთია“, – გვითხრა ირაკლი მსხალაძემ.

ტრანსპორტის პრობლემაზე ვესაუბრეთ სოფლის კიდევ ერთი მკვიდრს, ნინო დავითაძეს.

„ჩვენი მოთხოვნაა რომ გამოგვიყონ მიკროავტობუსი, რომელიც სოფლიდან პირველ რეისს დილით ადრე, რვა საათზე გააკეთებს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ის გაჭირვება არ აქვს ამ მთავრობას, რომ ერთი მიკროავტობუსი გამოგვიყოს ცალკე. თანაც, ჩვენ დიდი სოფელი გვაქვს.

მიხვალ მერთან და დაგპირდება, მაგრამ გამოიხედავ, რომ ყველაფერი სხვანაირადაა. არჩევნების დროს მოვლენ, გეტყვიან – „ჩვენ ასე დაგეხმარებით…“ და ამ დროს, ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოგვიყვეს?!

უნდა ნახოთ სოფლიდან, რვა საათზე რამდენი ადამიანი მოდის ფეხით… ყველას მანქანა არ გვყავს, ყველა მანქანით ვერ ვივლით. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის. მთელს სოფელს ეს პრობლემა აქვს“, – ამბობს ნინო დავითაძე.

მოქალაქის თქმით, არსებული მიკროავტობუსის საღამოს გრაფიკი მოსახლეობისთვის მისაღებია, რადგან ბოლო რეისი ბათუმიდან სოფლისკენ 20:00 საათზეა და ამ დროისთვის მუშაობა დასრულებული აქვთ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკის შეცვლის მოთხოვნით ნინოც იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში – „განცხადებაც დავწერეთ… ისევ დავწერთ. აზრი არ აქვს ახლანდელი გრაფიკით ამ მიკროავტობუსის სიარულს, სულ ცარიელი დადიან. მძღოლებიც ამას ამბობენ.

მე ხან ფეხით ჩამოვდივარ ბათუმში, ხან, ვინმე თუ შემხვდა, იმას გამოვყვები… ასე ვართ გაწვალებული“, – ამბობს მოქალაქე.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს დაუკავშირდა ამ თემაზე კომენტარისთვის, თუმცა კითხვებზე პასუხი სტატიის მომზადების პროცესში ვერ მივიღეთ. ხელვაჩაურის მერიდან კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

________________

ფოტოზე: ბათუმის ხედი სოფელ მახოდან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: