მთავარი,სიახლეები

ივანიშვილი: „ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება“

30.05.2012
ივანიშვილი: „ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება“

„ბატონო ბიძინა, თქვენი განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაუაზრებელმა ქმედებამ გამოიწვია რუსეთის კიდევ უფრო გაუაზრებელი ქმედება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ ამ სიტუაციაში ქართულ მხარეს და მას მიიჩნევთ, როგორც ომის ინიციატორს?“- “ინტერპრესნიუსის” და “პალიტრა ტივი-ს” რეპორტიორის, ვასილ გაფრინდაშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:

„პირველ რიგში მე მოვიშველიებ ტალიავინის [კომისიის] დასკვნას, მეორეც – მე წამოვიღე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ -საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა.

ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება.

მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ, პროცესი როგორ ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, ლიახვის სოფლები იბომბებოდა ოსეთის მხრიდან გაუგებარი ფორმირებებისაგან. ჩემი აზრით, სააკაშვილს უნდა დაეცვა ეს სოფელი, თითოეული მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა მდგომარეობა. სააკაშვილმა ჩაიდინა აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს ფიქსირდება ყველგან, გარდა იმ სამი არხისა, რომელიც მე ჩამოვთვალე [რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი].

მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

სააკაშვილი გვარწმუნებს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო საქართველომ. გარდა იმისა, რომ ადამიანებს მეხსიერება არ დაუკარგავთ, ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია.

მახსენდება ჯორჯ ორუელის „1984“, ფიქრის პოლიცია. ქართველი ხალხის ზომბირებას აპირებენ. განა არ გვახსოვს ლომაია როგორ გმოძღვრავდა ლევიტანივით, ეს სოფელი ავიღეთ და ამ სოფლებს ასახელებდა. განა ამის შემდეგ არ წამოვიდა ის დიდი აგრესია რუსეთისგან?! ჩვენ სიმართლეს უნდა შევხედოთ. ნუ ცდილობენ ქართველი ხალხის მოტყუებას და დაბნელებას.

მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. სამი ხსენებული არხი სამი დღის განმავლობაში, ამაზე ჩემი განცხადების გამო, ჩემი კრიტიკის გარდა არაფერს აკეთებდა. ასე იყო სიტუაცია. ჩვენი მეხსიერების წაშლას და ჩვენ ზომბირებას ისინი ვერ მოახერხებენ თუმც ამის მცდელობა აქვთ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: