მთავარი,სიახლეები

„თუ რუსეთი იმას მიიღებს, რაც უნდა, ეს უკრაინით არ დამთავრდება“ – ფინეთის პრეზიდენტი

28.02.2025
„თუ რუსეთი იმას მიიღებს, რაც უნდა, ეს უკრაინით არ დამთავრდება“ – ფინეთის პრეზიდენტი

„რუსეთმა ეს ომი დაიწყო, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ტერიტორიების მითვისება 2008-ში დაიწყო საქართველოზე თავდასხმით და შემდგომ 2014-ში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებით.

საბოლოოდ დღეს აქ ვართ, რომ აღვნიშნოთ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავი, თუმცა ომი ფაქტობრივად 11 წელი მიმდინარეობდა 2014 წლის შემდეგ“, – თქვა უკრაინის მხარდამჭერ სამიტზე, 24 თებერვალს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.

სტუბმა თავის გამოსვლაში სახელმწიფოს სამ ფუნდამენტზე – დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა.

„ფინეთში ზუსტად გვესმის, თუ რისი გავლა გიწევთ. ჩვენ რუსეთთან 1340 კმ-ის საზღვარი გვაქვს. 1939 წლის ნოემბერში რუსეთი დაგვესხა თავს, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე და ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ორ საარსებო ომში ვიბრძოლეთ.

პირველი ზამთრის ომი იყო, მხოლოდ 105 დღეს გაგრძელდა და ჩვენ ხაზის შენარჩუნება შევძელით. მეორე ომის გაგრძელება იყო, რომელიც თითქმის 1100 დღე გაგრძელდა და ამის გავლა ახლა თქვენ გიწევთ.

არსებითად ეს ომი ჩემთვის უკრაინაში სახელმწიფოებრიობის არსებობაზეა და ეს სახელმწიფოებრიობა სამკუთხედზეა დამყარებული.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გვეგონა, რომ ამ სამ ფუნდამენტს, რაც არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ყველა პატივს სცემდა.

მეორე მსოფლიო ომში ფინეთი იძულებული იყო სტალინთან მშვიდობაზე დათანხმებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან მშვიდობაზე დათანხმება მოგვიწევს. მაგრამ მშვიდობას, რომელზეც ჩვენ დავთანხმდით, აღნიშნული 3 პრინციპიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა – დამოუკიდებლობა.

ჩვენ ვიყავით ერთადერთი ქვეყანა საბჭოთა კავშირის მეზობლად, რომელმაც ნამდვილი დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლო. მაგრამ ჩვენ სუვერენიტეტი დავკარგეთ – არ შეგვეძლო გადაგვეწყვიტა რომელ კლუბში გვინდოდა გაწევრიანება. ფინეთმა ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1995 წელს შევძლო. ჩვენ ტერიტორიის 10% დავკარგეთ, მათ შორის, ის ადგილებიც, სადაც ჩემი ბებია-ბაბუა და მამა იყვნენ დაბადებული.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამას ვამბობ, არის ის, რომ მხარდაჭერა, რომელსაც ფინელი ხალხისგან და ამ მაგიდასთან ყველასგან იხილავთ, არის იდენტობისა და ისტორიული გამოცდილების მხარდაჭერა.

სამიტი

ჩემი მთავარი სათქმელია, რომ გარკვეული გაუგებრობა არსებობს იმაზე, თუ რა ხდება აქ.

ცხადია, რუსეთმა ეს ომი დაიწყო, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ტერიტორიების მითვისება 2008-ში დაიწყო საქართველოზე თავდასხმით, შემდგომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებით. საბოლოოდ ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ გავიხსენოთ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავი, მაგრამ ომი ფაქტობრივად 11 წელი მიმდინარეობდა 2014 წლის შემდეგ.

ბევრს არ ესმის, რომ ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. არამედ ეს ასევე ევროპას, აშშ-სა და საერთაშორისო სამართალსაც და საბოლოო ჯამში, ეს მსოფლიო წესრიგსაც ეხება.

თუკი ჩვენ ახლა რუსეთს უფლებას მივცემთ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდა, სხვა სიტყვებით – უკრაინის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა, მაშინ მხოლოდ უკრაინა არ წააგებს. ევროპა წააგებს, დასავლეთი წააგებს და აშშ-ც წააგებს.

ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა ერთი რამ, პუტინის ნდობა არ შეიძლება. არ შეიძლება პუტინთან შეთანხმების დადება. რადგან ეს ფაქტობრივად ნიშნავს შეთანხმებას ჩინეთთან. მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება, ასევე ვამბობ, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც უკრაინა ამ ომში სრულად გაიმარჯვებს, უკრაინისთვის იმ მხარდაჭერის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ დასაწყისიდან ვაძლევთ.

ასევე ვიტყვი, რომ თუ რუსეთი ახლა იმას მიიღებს, რაც უნდა, მენდეთ, ეს უკრაინით არ დამთავრდება.

ვიცით, რომ პუტინი გააგრძელებს, რადგან მისი გონება იმპერიალიზმისა და ინტერესთა სფეროებისგან შედგება. ამიტომ, თავისთავად ცხადია, რომ ფინეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს სადამდეც ეს საჭიროა.

ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით რიგით მეხუთე დონორი ვართ. თუმცა, ნება მომეცით, დავამთავროთ იმის თქმით, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გარკვეულწილად დავიკარგეთ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები მოვისმინეთ.

მჯერა, რომ ინიციატივა უნდა დავიბრუნოთ. ვგულისხმობ იმას, რომ რაღაც კონკრეტული უნდა იდოს მოლაპარაკების მაგიდაზე. ნება მომეცით, გამოვიდე წინადადებით, რომელზეც თქვენ გესაუბრეთ და მაგიდასთან ბევრთან განვიხილე – ეს სამშვიდობო გეგმა არ არის, მაგრამ პროცესის მონახაზია და ეს პროცესი ჩემი აზრით, სამ ფაზად მიმდინარეობს.

პირველი ფაზა რეალური ცეცხლის შეწყვეტამდეა. ეს არის ფაზა, როდესაც მაქსიმალურ წნეხს შემოვიღებთ რუსეთზე. მათ შორის, სანქციებს, გაყინული აქტივების გამოყენებას და ცხადია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. ეს ასევე არის შესაფერისი დრო, როცა ევროპელმა ლიდერებმა უსაფრთხოების მხრივ მოწყობაზე უნდა ილაპარაკონ. რა თქმა უნდა, წინ უკრაინა უნდა გაუძღვეს.

თქვენ ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე გამოცდილი სახმელეთო ძალა გყავთ, მაგრამ საჭიროა იყოს ევროპისგან მხარდაჭერა და უნდა იყოს თანადგომა აშშ-სგან. ეს ყველაფერი უნდა მოხერხდეს, სანამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა იქნება ეს აღდგომისთვის თუ სხვა დროს, არ ვიცით.

მეორე ფაზა ცეცხლის შეწყვეტის ფაზაა. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ორი რამის დანერგვას: პირველი – ეს არის მოლაპარაკება სამშვიდობო პროცესის, რეალური დღის წესრიგისა და მეთოდის შესახებ, რადგან არ არსებობს სამშვიდობო პროცესი, არ არის დღის წესრიგი, არ გვაქვს მეთოდები და მეორე არის ნდომის შესაქმნელი ზომები, რაც აქ ახსენეს: პატიმრების გაცვლა, გატაცებული ბავშვების დაბრუნება და ა.შ.

მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მესამე ფაზა, რომლისგანაც ჩვენ ძალიან შორს ვართ ახლა.

ეს არის რეალური სამშვიდობო პროცესი და ამ შემთხვევაში საუბარია ტერიტორიაზე, რეკონსტრუქციასა და სანქციების მოხსნაზე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, რაც პირობითია, ვფიქრობ, გარკვევით უნდა ვუთხრათ რუსებსა და ყველა დანარჩენს, რომ რამდენიმე საკითხი სრულად მოლაპარაკებების მაგიდის მიღმაა.

პირველი ევროკავშირის წევრობაა. რუსეთი არ იღებს გადაწყვეტილებებს ევროკავშირის წევრობაზე, ამას ევროკავშირი აკეთებს.

მეორე, ეს NATO-ა. რუსეთი არ წყვეტს ნატოს წევრობის საკითხს, ამას თავად ალიანსი წყვეტს.

მესამე, ეს უკრაინის თავდაცვაა.

რუსეთი არ წყვეტს რა აქვს უკრაინას განლაგებული საკუთარ საზღვართან.

მეოთხე, ევროპული მოწყობა უსაფრთხოების მხრივ ან წესრიგი. ამაზე რუსეთი არ იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ უკვე გვაქვს ევროპული უსაფრთხოების წესრიგი და ამას გავაგრძელებთ. ეს ყველაფერი განიხილება.

ასევე მჯერა, რომ დღეს ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ პუტინმა ეს ომი წააგო იმ გაგებით, რომ ჩვენ ევროპულ უკრაინას ვიხილავთ. საბოლოოდ უკრაინას ნატოში ვნახავთ. ჩვენ ვნახეთ ერთიანი ევროკავშირი და იმედია. უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური ალიანსიც გრძელვადიან პერიოდში. ასეთ დღეს, ვფიქრობ, დროა, გზა გავკვალოთ უკრაინის გამარჯვებისთვის.

დიდება უკრაინას!“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: