მთავარი,სიახლეები

„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ხვალ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრთან აქცია გაიმართება

27.02.2025
„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ხვალ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრთან აქცია გაიმართება

„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 28 თებერვალს, დღის 4 საათზე თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან შეიკრიბებიან [მიხეილ გახოკიძის 14], სადაც თემურ ქათამაძე უკვე 42 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეა. „ოცნების“ მთავრობა მის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს.

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერ აქციას სტუდენტები აანონსებენ.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს. მისი თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და თურქეთის მოქალაქეა. იგი 2012 წლიდან ბათუმში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს უშედეგოდ.
ვიდრე სასამართლო მუჰაჯირების შთამომავლის ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს, თემურ ქათამაძემ ლტოლვილის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შსს-მ უარი თქვა. ამჯერად თემურ ქათამაძე შსს-ს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრში მაქსიმუმ 3 თვის ვადითაა მოთავსებული, თუმცა, როგორც საიას იურისტი მარიამ გაბროშვილი განმარტავს, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შსს-მ შეიძლება ვადის გახანგრძლივება ითხოვოს.

თემურ ქათამაძე შიმშილობის 30-ე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს გამოკვლევებზე, თუმცა მალევე დააბრუნეს იზოლატორში. ექიმებმა მისი კლინიკაში დატოვება საჭიროდ არ ჩათვალეს. თემურ ქათამაძე ექიმების ამ დამოკიდებულებასაც აპროტესტებს და დროებითი განთავსების ცენტრში სხვა ექიმების მომსახურებაზე უარს ამბობს.

„სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ – ამბობს თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

მთავარი ფოტო:  მაქსიმე ბაქრაძე

ამ თემაზე:

ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ – პეტიცია

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: