მთავარი,სიახლეები

ბათუმში დაკრძალეს „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ორი ბავშვი

17.02.2025
ბათუმში დაკრძალეს „ოცნების ქალაქში“ დაღუპული ორი ბავშვი

დღეს, 17 თებერვალს, დაკრძალეს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭები, რომლებიც  წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ.

ბავშვები 15 თებერვალს დაიღუპნენ. თხრილიდან ამოყვანის შემდეგ ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩააგდო. ამ ღონისძიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო ტერიტორია.

15 და 16 თებერვალს, შემთხვევის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან დაახლოებული, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“, „აჭარა თაიმსის“, ტვ პირველის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.

ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფის გაღიზიანება გამოიწვია კითხვებმა, რომელსაც ჟურნალისტები „ოცნების“ წარმომადგენლებს უსვამდნენ მოუწესრიგებელ ტერიტორიასა და ტრაგედიასთან კავშირის შესახებ.

16 თებერვალს აჭარის მთავრობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა სამძიმრის ნიშნად მიიტანეს ყვავილები, რბილი სათამაშოები და სანთლები.

ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: