მთავარი,სიახლეები

„არ გადასცეთ სადიგოვი აზერბაიჯანს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი ანრი ოხანაშვილს მიმართავს

12.02.2025
„არ გადასცეთ სადიგოვი აზერბაიჯანს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი ანრი ოხანაშვილს მიმართავს

145 დღეა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი ციხეში შიმშილობს. როგორც ჟურნალისტის უფლებადამცველები ამბობენ, სადიგოვის შიმშილობა არის პასუხი მის მიმართ ორი ავტორიტარული ხელისუფლების [აზებაიჯანის და საქართველოს] მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე.

ჟურნალისტი 3 აგვისტოს დააკავეს თბილისში. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა.

ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, კი მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

აფგან სადიგოვმა შიმშილობა 2024 წლის 21 სექტემბერს დაიწყო. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე იმყოფება.

10 თებერვალს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც იცავს აფგან სადიგოვის ინტერესებს, გაავრცელა ინფორმაცია მოშიმშილე ჟურნალისტის შესახებ.

„მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. მათივე თქმით, აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების დაკარგვის ეპიზოდები,“ – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა ცალკე სახალხო დამცველს, ცალკე იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრია.

საქართველოს სახალხო დამცველს მოუწოდეს, რომ შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილისადმი მიმართვას, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს ანრი ოხანაშვილს, აფგან სადიგოვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან და ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შინაარსისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, ამის შესაძლებლობას ანრი ოხანაშვილს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის“ შესახებ კანონი აძლევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამს შეადგენს, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: