მთავარი,სიახლეები

“რასაც კეთილდღეობად გვტენიან: ის კორუფცია, ოლიგარქია და ნეპოტიზმია” – ნინო ხარატიშვილი

12.02.2025 •
“რასაც კეთილდღეობად გვტენიან: ის კორუფცია, ოლიგარქია და ნეპოტიზმია” – ნინო ხარატიშვილი

მწერალი ნინო ხარატიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს უკანასკნელი 30 წლის არცერთი დღე არ ყოფილა „ნორმალური“. და რომ ის, რასაც მმართველი პოლიტიკური ძალა მოსახლეობას მშვიდობად ასაღებს, „ან ანარქია, ან სამოქალაქო, ან რუსეთთან ომი, ან კრიმინალების მმართველობა, ან მავთულხლართები და ოკუპაციაა“.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ ნინო ხარატიშვილის მოსაზრებას.

„ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მარწუხები უფრო და უფრო მჭიდროთ მოუჭირონ საზოგადოებას და ქვეყანას: ევროპისგან სრული იზოლაცია, მთლიანად რუსულ ბაზარზე გადასვლა, დემოკრატიული სტრუქტურების გამიზნული მოსპობა, ეკონომიური კრიზისის საშიშროებაც კი „იარაღად“ მიაჩნიათ საკუთარ ხელთ: ჰგონიათ, რომ ბოიკოტი ვერ გაგრძელდება მარად, რომ ყველა ვერ დაკარგავს სამსახურს და ხალხს მოუწევს შეგუება და უკან დახევა.

რომ ადამიანებს მოენატრებათ „ნორმალური“ ცხოვრება… და აი ზუსტად ეს მათი შეცდომა მგონია ნამდვილ „იარაღად“, რომელიც ოღონდ ჩვენს ხელთაა:

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანელი ნაცისტები შეიჭრნენ უკრაინაში, ეგონათ, რომ წამში დაიმორჩილებდნენ მოსახლეობას, შიშით და ტერორით დაამყარებდნენ მათთვის სასურველ წესრიგს და ვერ გაითვალისწინეს, რომ იქამდე 19 წლიანმა საბჭოთა წყობამ და ტერორმა ხალხი ისე გამოწვრთნა, რომ ნაცისტები მათთვის “ნედლი სიო” აღმოჩნდნენ, იქამდე მძვინვარე საბჭოთა „ქარბუქის“ ფონზე. ვეღარანაირი სისასტიკე და მეთოდი ვეღარ გააკვირვებდა მათ: 19 წლის მანძილზე ეს ხომ ამ ადამიანების „ნორმალური“ ყოფა იყო.

საქართველოს უკანასკნელი 30 წლის არც 1 დღე არ ყოფილა „ნორმალური“.

და ამიტომ ისინი რის იმედზეც არიან, რომ ხალხს „ნორმალური ყოფა“ მოენატრება, აქვე განვმარტავ, რომ ის არ არსებობს! და ზუსტად მისი არსებობისთვის ვიბრძვით ახლა!

რასაც ისინი „ნორმად“ გვასაღებენ – სხვა არაფერია ვიდრე: კლდის წვერზე სიარული, ბაგირზე ცეკვა…

რასაც კეთილდღეობად გვტენიან: ის კორუფცია, ოლიგარქია, ტურბოკაპიტალიზმი და ნეპოტიზმია და ვინც ამას ვერ კადრულობს: უკიდეგანო გაჭირვება.

რასაც მშვიდობად გვასაღებენ: ან ანარქია, ან სამოქალაქო, ან რუსეთთან ომი, ან კრიმინალების მმართველობა, ან მავთულხლართები და ოკუპაციაა.

რასაც სამართლად ყიდიან: ელიტების ფარფაშია და რიგითი მოქალაქის ყველა უფლებების ყოველდღიური დარღვევა.

და უკრაინელების და ფაშისტების არ იყოს: ყველაფერგამოვლილ და ნანახ ხალხს, რომელსაც ზუსტადაც, რომ ნორმალური და ღირსეული ყოფა სურს: ვეღარ ჩაუდებ კანფეტს პირში და ვეღარ დააშინებ სისატიკის ახალი ფორმებით: იმიტომ, რომ ის სისატიკე ვერანაირად ვერაა ახალი: უბრალოდ ძველის გამეორებაა.

და ეს ტრაგიკული „იარაღი“ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენს ხელთაა: ხალხის, რომელმაც სიბნელე, შიმშილი, სიცივე, დევნა, ანარქია,  ძალადობა და ომები გამოიარა.

ჩვენ შეიძლება ტრავმები გაგვიღვიძონ, მაგრამ ტრავმაგადატანილ ადამიანებს დიდი გამძლეობაც უვითარდებათ, რასაც ფსიქოლოგები „რეზილიენსს“ ეძახიან.

ამას უნდა დავეყრდნოთ ახლა. ამას უნდა ჩავეჭიდოთ: პერიოდულად შემოჩენილ ნიჰილიზმთან გასამკლავებლად.

ჩვენ გადავრჩით მაშინ და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაბადია ამისთვის საჭირო უნარები, რომლებიც შეგვიძლია გავუზიაროთ სხვასაც და დავიცვათ კიდეც ისინი, ვისაც არ მოსწევია ამ ყველაფრის გამოვლა. ყველა ჯოჯოხეთს, თუ რაღათქმაუნდა მას გადაურჩი: აქვს ის „პლიუსი“ რომ იცი, რომ ისიც კი არაა საბოლოო და იქაურ კუპრსაც შეიძლება დააღწიო თავი.

ამ ბოლო თვეების მანძილზე ყველა 90-იანის ტრავმა გაცოცხლდა და კიდევ ბევრი გაცოცხლდება. მაგრამ ამან არ უნდა გაგვიკეთოს პარალიზება: ჩვენ გავუძელით მაშინ და გავუძლებთ ახლაც. და ამ „ტკბილ მოგონებებს“ როცა გადავხედავთ, კიდე 1 საიმედო ამბავიც ამოგვიტივტივდება: ყველა იმ ეპოქის შემქმნელი, ყველა იმ ძალადობის ავტორი, ყველა ის კრიმინალი და უღირს ყოფაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსი თუ მაფიოზი ახლა სადაა?

კი ბატონო…

ხო ადრე თუ გვიან ამათაც იგივე ბედი ელით…” – წერს ნინო ხარატიშვილი.

ნინო ხარატიშვილი გერმანულენოვანი ქართველი მწერალია. მიღებული აქვს არაერთი პრემია, მათ შორის გერმანული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მისი პიესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იდგმება, ხოლო ნაწარმოებები სხვადასხვა ენაზე არის ნათარგმნი.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: