მთავარი,სიახლეები

დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო პოლიცია აქტივისტის დაჯარიმებას ითხოვს

11.02.2025
დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო პოლიცია აქტივისტის დაჯარიმებას ითხოვს

სამოქალაქო აქტივისტს თამარ კურატიშვილს, ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო ედავებიან.

თამარ კურატიშვილმა ამის შესახებ შეტყობინება დღეს, 11 თებერვალს მიიღო.

ბათუმის პოლიციის დეპარტამენტმა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის 2025 წლის 24 იანვარს გაუგზავნა წერილი, სადაც დეპარტამენტი მერიას სწერს, რომ ეგზავნებათ საქმის მასალები და ითხოვენ, ბათუმის მერიამ თამარ კურატიშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყოს.

სტენსილის შინაარსი ასეთია: „ირაკლი #ვაფშეარვიცნობ ბესელიას დგებუაძე გილოცავ ნათლისღებას“.

პოლიცია ასევე სთხოვს მერიას, აცნობოს აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობის ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობის მიხედვით, დაჯარიმების შესახებ ბათუმის მერიამ, კონკრეტულად კი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოს უნდა გადაუგზავნოს. ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

„ბათუმელები“ აღნიშნულ სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, არის თუ არა დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება აღნიშნულ საქმეზე. მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე მოგვაწვდიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: