მთავარი,სიახლეები

რა გადაწყვიტა მოსამართლემ “ნინო ქათამაძის, ცირამუას, მთივლიშვილის და სხვების საქმეზე”

10.02.2025 •
რა გადაწყვიტა მოსამართლემ “ნინო ქათამაძის, ცირამუას, მთივლიშვილის და სხვების საქმეზე”

დღეს, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია 9 ადამიანი – მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვისთვის და კიდევ ბანერის გაშლისთვის: „თავისუფლება მზიას“.

მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.

ხმაურიანი პროცესი რომ იქნებოდა, ეს სხდომის დაწყებამდე ეტყობოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ფოიეს. „უსამართლო სასამართლო – ხალხის ძალის გეშინოდეთ“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ – ისმოდა მოქალაქეების შეძახილები.

მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე – ეს ცნობილი ადამიანები აღმოჩნდნენ დღეს განსასჯელის სკამზე.

„მე მოსამართლე ციცინო მოსიძე ვარ…“ – ყრუდ გაისმა მოსამართლის ხმა დარბაზში, სადაც დამსწრეთა სიმრავლეს მანდატურები ვეღარ აუდიოდნენ…

მოსამართლის დარბაზში შემოსვლის შემდეგ კარი დაიხურა. მოქალაქეების ნაწილი პროცესს მიღმა დარჩა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირებმა კანონი დაარღვიეს – აქცია გაუმართეს მოსამართლეს საცხოვრებელ სახლთან.

აქცია 2025 წლის 24 იანვარს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილს გაუმართეს – მოსამართლეს, რომელმაც შიმშილობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არც კი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

სამართალდარღვევის ოქმი კი, შსს-ს წარმომადგენლებმა შემთხვევიდან 10 დღის თავზე შეადგინეს, მას შემდეგ, როცა „ოცნების“ პარლამენტმა კანონი მოსამართლის სახლთან აქციების გამართვაზე 15-დღიანი ადმინისტრაციული პატომრობა 60 დღემდე გაზარდა; ასევე მოსამართლეს შეუძლია ამ მუხლით სამართალდამრღვევად მიჩნეული პირი 5 ათასი ლარით დააჯარიმოს.

„თავისუფლება მზიას“- შუამდგომლობის დაწყებამდე ეს უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ანა ჩაფიძემ. ის მოსამართლე ციცინო მოსიძემ შეაჩერა: „საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვართ მიტინგზე“, – თქვა მან.

„ამას აპროტესტებდნენ ეს ადამიანები იქ, მეც ვუერთდები ამ მოთხივნას,“- უკან არ დაიხია ადვოკატმა და ამას დარბაზშიც მოჰყვა შეძახილი: „თავისუფლება მზიას“.

ადვოკატმა ანა ჩაფიძემ მოსამართლეს საქმისწარმოების შეწყვეტა იმ არგუმენტით მოსთხოვა, რომ მუხლი, რომლითაც პასუხისგებაში მიცემულ პირებს ასამართლებენ, კონსტიტუციური არ არის და მოსამართლეს შეუძლია მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

„…შეიკრიბნენ პროტესტის მიზნით მოსამართლის სახლის წინ, მეგაფონით და ტრანსპარანტებით გამოხატავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას,“ – მიმართა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა და დასძინა, „ვიდეო მტკიცებულებებიც იქნა მოპოვებულიო“.

„მან ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი დატოვა უკანონო პატიმრობაში… ჩვენ გვქონდა თან მზიას ბანერი, ყველგან თან დაგვაქვს უკვე… ორი პოლიციელი მოვიდა, არაფერი უთქვამთ,“ – ტრიბუნასთან დადგომა ამჯობინა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

„ისინი [პოლიციელები] მოვიდნენ ბოლო 10 წუთის განმავლობაში,“ – წამოიძახა ნინო ქათამაძემ და შეაწყვეტინეს, ჯერ არ არის თქვენი რიგიო.

„უკაცრავად, არ ვიცი აქაური წესები“- მოსამართლეს გახედა მუსიკოსმა.

„25 წელია მასწავლებელი ვარ და ვცდილობ, კანონი არ დავარღვიო… იურისტმა, ვისთანაც გავიარე კონსულტაცია, მანაც არ იცოდა ამ მუხლის შესახებ,“ – უთხრა მოსამართლეს ლადო აფხაზავამ.

„ჩემი ხმა ეკუთვნის 690 ათას სოციალურად დაუცველს, უფასო სასადილოების რიგში რომ დგანან ახლა,“ – ახსნა-განმარტების ნაცვლად მანიფესტით მიმართა მოსამართლეს ნინო ქათამაძემ.

„ჩემი ხმა ეკუთვნის დევნილებს, 30 წელია წამებაში რომ ამოვხადეთ სული… იმ ემიგრანტ დედას ეკუთვნის, მთელი თვეა არ მიძინია, ჩვილი დავტოვე ჩემი შვილიო…

ჩემი ხმა ეკუთვნის დედებს, ვისი შვილებიც უკანონოდ დაიჭირეს, მაგრამ ჩვენი ხმა არავის ესმის, ქალბატონო მოსამართლევ!“ – ნინო ქათამაძის ამ სიტყვებზე დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მოსამართლემ კი, ცნობილ მუსიკოსზე თვალის არიდება სცადა:

„საქმის ირგვლივ,“ – უთხრა მოსამართლემ ნინო ქათამაძეს.

მუსიკოსმა ნინო ქათამაძემაც თქვა, რომ არ იცოდა, მოსამართლის სახლთან შეკრება თუ დასჯადი იყო:

„მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ გავჩერდები, მზიას სჭირდებოდა ჩვენი ხმა და ჩვენ ვთქვით, რომ მოსამართლე უსამართლოა“, – მოსამართლის წინ იდგა ისევ ნინო ქათამაძე.

დარბაზში ტაშის დაკვრა სცადეს. მოსამართლემ ცალი ხელის აწევით ანიშნა დამსწრეებს სიჩუმისკენ და მუსიკოსს მიუბრუნდა:

„მე არ ვაფასებ იმ მოსამართლეს, თუ რა გადაწყვიტა,“- თქვა მოსამართლე ციცინო მოსიძემ.

„მე ჩემს დამოკიდებულებაზე გიყვებით,“ – მიმართა მოსამართლეს ნინო ქათამაძემ.

ადვოკატების განმარტებით, აქცია მოსამართლის სახლთან მოსამართლის კრიტიკის ფარგლებში უნდა დავინახოთ, მოქალაქეები კი, ქუჩაში შეიკრიბნენ, საჯარო სივრცეში, რაც სამართალდარღვევა ვერ იქნება.

ადვოკატმა ანა ჩაფიძემ ყურადღება კონსტიტუციის 21-ე მუხლზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც შეკრების და პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის „ბლანკეტური ჩანაწერი“ კი – მოსამართლის სახლთან შეკრების შეზღუდვაზე –  ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავარ კანონს – კონსტიტუციას.

„არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, – მიმართა ადვოკატებს მოსამართლე ციცინო მოსიძემ. მან უარი თქვა ამ სამართლებრივი ნორმის კონსტიტუციურობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა. ამ შემთხვევაში საქმის განხილვა შეწყდებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს კი უნდა ეთქვა, რამდენად კონსტიტუციურია სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც მოსამართლის სახლთან ტრანსფარანტის გაშლისთვის შესაძლოა 60 დღით დაგაპატიმრონ.

მოსამართლეს არ განუმარტავს, რა დასაბუთებით მიაჩნია მას ასეთი კანონი კონსტიტუციურად.

მოსამართლემ მოწმის სახით დაბარებულ პოლიციელებსაც მოუსმინა.

„იცოდით, რომ მოსამართლე  ცხოვრობს ამ მისამართზე?“- ჰკითხა პოლიციელს, დავით დვალიშვილს.

„დიახ, იქ ცხოვრობს,“ – უპასუხა შსს-ს წარმომადგენელს პოლიციის ხელმძღვანელმა პირმა.

„თქვენი იქ გაჩერების მიზანი რა იყო?“ – პოლიციის ხელმძღვანელ პირს ამჯერად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა მიმართა და იმას გაუსვა ხაზი, რომ პოლიციელებს მათთვის არ უთქვამს, რომ შეკრება უკანონო იყო.

„2 წუთზე მეტი ხანი იქ არ გავჩერებულვარ…“ – პასუხისგებაში მიცემულ პირებს გადახედა სამართალდამცველმა.

„იმ 2 წუთის განმავლობაში რატომ არ მოგვიწოდეთ?“ – პოლიციის ხელმძღვანელ პირს ჩააცივდა გელა მთივლიშვილი.

„უკვე იშლებოდით, დასრულებისკენ იყო…“ – დაბნეულობა დაეტყო პოლიციის ხელმძღვანელ პირს.

„10 დღე რატომ დაგჭირდათ ოქმის შესადგენად?“ – მიუბრუნდა სამართალდამცველს გელა მთივლიშვილი.

„მთავარია, ვადები არ დამირღვევია… ბევრი საქმეც არის,“ – უხერხულობა დაეტყო პოლიციელს.

„მე თვითონ დავინახე, რამდენი ფოტო გადაგვიღეთ, მერე ტელეფონზე საუბრობდით… რატომ არ მოდით და არ გვითხარით, კანონს არღვევთ და დაისჯებით ამ და ამ მუხლითო?“- პოლიციელს ლადო აფხაზავამაც დაუსვა შეკითხვა.

„ვის ვესაუბრები, ის გაინტერესებთ?“ – სერიოზული სახით მიუბრუნდა მასწავლებელს პოლიციელი. დარბაზში უკმაყოფილო რეპლიკები გაისმა. დამსწრეებს ისევ სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსამართლემ: „სიწყნარე დარბაზში“.

„ის ქალბატონი პანდუსზე რატომ ზის საერთოდ?“- მეორე სართულის ლოჟას გახედა მოსამართლემ.

„თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა,“ – დარბაზის დატოვებამდე რეპლიკა მიაძახა ბათუმელმა სტუდენტმა ლარა ქარცივაძემ მოსამართლეს.

„მისი პირადობა დაიტოვეთ, დაჯარიმდება,“ – მანდატურებს გასძახა მოსამართლემ.

„თქვენ იქ იყავით 15 წუთი, ჩვენ დაახლოებით ნახევარი საათი და არ მოგიმართავთ ჩვენთვის, ესაა სიმართლე,“ – პოლიციის უფროსს ადგილიდან მიმართა ნინო ქათამაძემაც.

გამოკითხვის ბოლოს მოსამართლემ მოწმე პოლიციელი ცრუ ჩვენების პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა.

კიდევ ერთმა პოლიციელმა, გიორგი ნაჭყებიამ კი, თქვა, რომ აქციაზე ბანერიც იყო გაშლილი, ჟურნალისტებიც იქ იყვნენო.

„მიმდინარეობას შევესწარი, მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალე, ჩავრეოდი, იშლებოდნენ…,“ – განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ.

„რამე ზიანი მოჰყვა ამ აქციას?“- იკითხა ადვოკატმა ანა ჩაფიძემ.

„არ შევსწრებივარ, ვინმე მოსამართლის სახლთან მისულიყო, მაგალითად, და კარებზე ბრახუნი დაეწყო… დაკეცეს ბანერი და წავიდნენ,“ – ადვოკატს გამოხედა მოწმემ.

„ბატონი დავითი (წინა მოწმე, რომელიც პოლიციის ხელმძღვანელი პირია) თუ მეუღლესთან საუბრით იყო დაკავებული, თქვენ რატომ არ მოხვედით ჩვენთან?“ – ჰკითხა პოლიციელს ლადო აფხაზავამ.

„ეს სუბორდინაციის დარღვევა იქნებოდა, ის უფროსია“ –  ჩაილაპარაკა პასუხად პოლიციელმა.

„მაიორი ხართ“ – პოლიციელი გამოიჭირა ადვოკატმა ვალერი თედორაძემ.

„არ უთქვამს მაიორი ვარო,“ – ჩაერთო დიალოგში მოსამართლე.

„ვკითხულობ პატაკებს, ვეცნობი დეტალურად,“ – გაცხარდა ადვოკატმა და პოლიციელმაც დაადასტურა, რომ პოლიციის მაიორია.

„მე თქვენ გამარჯობაც გითხარით მაშინ,“ – რეპლიკით მიმართა პოლიციელს ნინო ქათამაძემ.

მოსამართლეს თავისი კოლეგის – მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის ვიდეო ჩანაწერიც აჩვენეს.

„საიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ მე 2007 წლიდან ვმუშაობ და გადახდისუნარიანი ვარ? ამ ინფორმაციაზე წვდომა საიდან გაქვთ?“ – შსს-ს წარმომადგენლებს ჰკითხა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

„გვაქვს ამის რესურსი,“- უპასუხა ჟურნალისტს შსს-ს წარმომადგენელმა და იქვე აღნიშნა, რომ ამ მონაცემებს იმიტომ აგროვებენ, რომ დადგინდეს, პირი ჯარიმას გადახდას შეძლებს თუ ვერა.

„ტროტუარი მოსამართლეს ეკუთვნის?“- გაბრაზება დაეტყო ნინო ქათამაძეს. შსს-ს წარმომადგენელმა კი, მუსიკოსს უთხრა, რომ კანონით „მოსამართლის სახლთან“ აქცია არ უნდა ტარდებოდეს.

„რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს, შსს-ს რა რეაგირება ჰქონდა ამაზე?“- იკითხა ისევ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

„არ ვივი, ვერ გეტყვით, შეიძლება იმ დროს საერთოდ არ ვმუშაობდი შსს-ში,“ – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.

„ჩვენზე ამუშავდა ეს მუხლი,“ – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.

ტაში დაუკრა დარბაზმა ფსიქოლოგ მაია ცირამუასაც. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ორ კადრს ვერ ივიწყებს: რის გამო დააკავეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და მეორეს მხრივ, ქვაფენილზე წაქცეული ბიჭი, რომელსაც პოლიციელები ურტყამდნენ.

“საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეთ”,- რამდენჯერმე სცადა მაია ცირამუას შეჩერება მოსამართლემ.

“ეს იყო ჩვენი პროტესტის საფუძველი, როცა შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის საჩივარი არც კი განიხილა მოსამართლემ”,- უთხრა მოსამართლეს მაია ცირამუამ.

ადვოკატმა ვალერი თედორაძემ კი, კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება: “კანონში არ წერია მოსამართლის სახლთან არ შეიძლება შეკრებაო, იქ წერია მოსამართლის საცხოვრებელ ადგილასო… მოსამართლის სახლის ეზოში კი, არავინ შესულა,”- დასძინა ვალერი თედორაძემ.

პაექრობის ბოლოს შსს-მ პასუხისგებაში მიცემული პირების დაჯარიმება მოითხოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: