უწყვეტი პროტესტის 63-ე დღეს ბათუმში აქციის მონაწილეების ჯგუფმა ღამე კარვებში გაათია პროტესტის ნიშნად.
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც კარავში ათევენ ღამეს, ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა ითხოვენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტროტუარზე, ჯერ მოზრდილი კარავი განათავსეს, თუმცა ეს კარავი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და ფაქტობრივად, გაიტაცა.
ამის შემდეგ აქციაზე უფრო მსუბუქი კონსტრუქციის ორი კარავი მიიტანეს და გაშალეს პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად.
წუხელ აქციასთან ახლოს მდებარე ქუჩებზე ორჯერ გამოჩნდა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, თუმცა ისინი აქციის მონაწილეებს არ მიახლოებიან.






