ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აპირებენ ქუჩაში კარავი გაშალონ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას მათ არ აძლევს.
ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია. მას აქციის მონაწილეებმა კითხვები დაუსვეს, თუ რატომ არ აძლევს ის კარვის გაშლის უფლებას მოქალაქეებს, რომელი კანონის საფუძველზე, თუმცა ბესელია კითხვებს არ პასუხობს.
„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „მოძალადე პოლიცია“, კანონი, კანონი!“ – ამ შეძახილებით ხვდება ხალხი პოლიციას, რომელიც მას გამოხატვის თავისუფლებაში ხელს უშლის.

პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს.
პოლიციამ ძალის გამოყენებით აიღო კარავი. აქციის მონაწილეები კარვის კონსტრუქციის ხელახლა აწყობას ცდილობენ.
„ესენი აძლევენ უკანონო ბრძანებებს ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს და აიძულებენ, რომ დაარღვიონ კანონი, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ ძალადობის გარეშე.
ბესელია არის აბსოლუტურად მატყუარა, არაპროფესიონალი პოლიციელი, მის ადმინისტრაციულ შენობაში იძალადეს ჟურნალისტზე, იძალადეს არაერთ ადამიანზე. აქ გამოსული კიდევ დაგვცინის, ნაცვლად იმისა, რომ მოერიდონ ადამიანების გაღიზიანებას.
ამათ არ შეუძლიათ დამცირების გარეშე, ბესელია ამ რეგიონში პროვოკაციისა და ძალადობისთვის არის ჩამოსული. ეს და მისი ხელის ბიჭი დგებუაძე ამ ქალაქში ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა და ისინი აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს“- ამბობს „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელიც ადგილზე აქციის გასაშუქებლად იმყოფება.
აქციაზე მიმდინარე მოვლენებს უყურეთ „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში:






