სიახლეები

ბიოლის ფონდი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

15.01.2025
ბიოლის ფონდი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”, – ამის შესახებ ნათქვამია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.

“ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მრავალი წელია თანამშრომლობს მზია ამაღლობელთან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან. ქალბატონი მზია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და საქმისადმი ერთგულებით.

„ბათუმელები“/“ნეტგაზეთი“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოში მედიისა და დემოკრატიის განვითარების კუთხით. ის 20 წელზე მეტია, მკითხველს სთავაზობს მაღალი პროფესიული სტანდარტით შექმნილ მედიამასალას, მოქალაქეებს აწვდის ობიექტურ ინფორმაციას და თანმიმდევრულად აშუქებს ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

განსაკუთრებით დასაფასებელია „ბათუმელების“, როგორც რეგიონული მედიასაშუალების, მუშაობა აჭარაში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. 14 იანვარს ქალბატონ მზიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო დაცვის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მედიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აპროტესტებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ ქალბატონი მზიას მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

მზია ამაღლობელი „ბათუმელები“/“ნეტგაზეთის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობა. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება ქვეყანაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ კიდევ ერთმა გერმანულმა ფონდმა, კერძოდ, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდმა მოითხოვა ამაღლობელის გათავისუფლება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: