სიახლეები

მზია ამაღლობელს გამოეხმაურა ნობელიანტი, ვისი წიგნითაც ის დღეს პროცესზე მივიდა

14.01.2025
მზია ამაღლობელს გამოეხმაურა ნობელიანტი, ვისი წიგნითაც ის დღეს პროცესზე მივიდა

ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მარია რესამ პლატფორმა X-ზე გააზიარა პოსტები, რომლებსაც დართული აქვს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ფოტოები, სადაც მან მიიტანა მარია რესას წიგნი – “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” .

„საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… [ეს] წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს“, -წერს მარია რესა.

ამის შემდეგ მარია რესამ მზია ამაღლობელზე კიდევ ერთი პოსტი გააზიარა, რომელსაც თან დაურთო სტატიის ლინკი, სადაც მოთხრობილია ამბავი ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის დაკავების შესახებ.

დღეს, 14 იანვარს, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი თავის სასამართლოზე მიიყვანეს ხელში წიგნით: “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”.

ამ წიგნის ავტორია ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მარია რესა. დამფუძნებელი ონლაინ გამოცემისა “რაპლერი”.

მარია რესამ ნობელის პრემია 2021 წელს მიიღო. მანამდე ფილიპინების პრეზიდენტ დუტერტეს კრიტიკის გამო ის არაერთგზის გამხდარა სოცქსელებში კამპანიური თავდასხმების ობიექტი, ხოლო სამართალდამცველებმა ბრალიც წარუდგინეს და ცოტა ხნით დაპატიმრებულიც იყო.



11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს “გაზეთი ბათუმელების” – 2001 წელს დაარსებული ქართული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციისა, რომელიც ამჟამად ორ ონლაინ მედიაპლატფორმას – netgazeti.ge-სა და batumelebi.ge-ს მართავს – თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მზია ამაღლობელი.

იგი პირველად დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოს ღობის საგუშაგო ნაწილი ნაგებობის კედელზე პლაკატის გაკვრისთვის. პლაკატზე ეწერა “იფიცება საქართველო” და წარმოადგენდა ამაღლობელის პროტესტს იმ ღამეს მსგავსი ქმედებისთვის ცხრა მოქალაქის რეპრესიული დაკავების წინააღმდეგ.

გათავისუფლებიდან მოკლე ხანში იგი მეორედ დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის ბრალდებით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ელოდება საქმის მასალებს და თავს იკავებს კომენტარებისგან. სანამ დეტალებზე არ საუბრობს დაცვის მხარე, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებმა მიმართეს თავიანთ ჩვეულ ტაქტიკას და გაავრცელეს რამდენიმეწამიანი ვიდეოკადრები კონტექსტის გარეშე ამაღლობელის რეპუტაციის შესალახად. თუმცა TV ფორმულას ვიდეოკადრები აჩვენებს დაკავებამდე სიტუაციას, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ქოლავენ ამაღლობელს პოლიციელები ძირს და აწვებიან მხრებზე. ამაღლობელმა ასევე განაცხადა პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ დაკავების შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: