მთავარი,სიახლეები

ნესტან ანანიძემ „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო – „სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს“

23.01.2025
ნესტან ანანიძემ „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო – „სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს“

ნესტან ანანიძემ, სამოქალაქო აქტივისტმა და „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელმა, დღეს, 23 იანვარს, ნიდერლანდების საელჩოს ჯილდო  – „ადამიანის უფლებათა ტიტა“ მიიღო.

სიტყვით გამოსვლის დროს ნესტან ანანიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რის წინაშეც წლებია დგანან ქალები ხულოში. მან გაიხსენა სამოქალაქო საპროტესტო აქციები ხულოში, რომელსაც სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის მართავდნენ ახალგაზრდები.

მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა რეჟიმის ყველა პატიმარს, მათ შორის „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ხდება დღეს საქართველოში და მჯერა, რომ ეს ჯილდო არ მეკუთვნის მხოლოდ მე, ეს ჯილდო ეკუთვნის თითოეულ ადამიანს, რომლებიც  იბრძვიან ქუჩებში, ციხეებში, ციხეებთან, რეგიონებში, სოფლებში ადამიანის უფლებებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ყველა პოლიტპატიმარს, რომლებმაც ყველაზე მეტად იწვნიეს ეს ავტორიტარული რეჟიმი საკუთარ მხრებზე, საკუთარ სხეულებზე.

სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს, რომელიც არის პოლიტპატიმარი. მზია წარმოადგენს „ბათუმელებს“, რომელმაც არაერთხელ გააშუქა მოწყვლადი ჯგუფების, ჩაგრული ადამიანების ხმა და არაერთხელ აჩვენა, რომ ამ ადამიანებს აქვთ უფლებები და ამ ადამიანებს სჭირდებათ ღირსეული საცხოვრებელი გარემო. იქნებიან ეს ქართველი მუსლიმები, სოფლად მცხოვრები ქალები, სექსუალური უმცირესობები თუ სხვა.

მადლობა მინდა გადავუხადო ნიდერლანდების საელჩოს, რომელიც დაუღალავად შრომობს ჩვენს მხარდასაჭერად რეგიონში, თემებში.

მადლობა მინდა გადავუხადო დედაჩემს, რომელმაც მასწავლა, რომ როცა ვინმეს ჩაგრავენ, ხმა უნდა ამოვიღო და ვიდგე სამართლიანობის მხარეს“- თქვა ნესტან ანანიძემ დაჯილდოებისას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: