მთავარი,სიახლეები

ქუთაისსა და ახალციხეში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

16.01.2025 •
ქუთაისსა და ახალციხეში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მზიას!“ – 16 იანვრის ღამეს ჟურნალისტებმა ქუთაისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

„მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა” – აცხადებენ ჟურნალისტები.

მზია ამაღლობლისa და აქციებზე დაკავებული ყველა პირის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ახალციხეშიც. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 15 იანვარს ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„ჩემთვის ქვეყანა, სადაც მზია ამაღლობელი არის ციხეში, ეს არის უკვე რუსეთი“ – უთხრა გამოცემას თამუნა უჩიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონულმა კოორდინატორმა.

აქცია ახალციხეში. ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე სახელაშვილმა თქვა, რომ მომეტებულად აფასებს მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე სახელაშვილმა 4 მარტს ჩანიშნა.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით მას შემდეგ დააკავეს, როცა მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: