მთავარი,სიახლეები

პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს

13.01.2025 •
პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 იანვარს, 11 საათზე განიხილება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურა მზია ამაღლობლისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

მზია ამაღლობელს დღეს, 13 იანვარს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

  • რა ხდება? 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: