მთავარი,სიახლეები

ხულოელი ახალგაზრდები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ

08.12.2024
ხულოელი ახალგაზრდები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ

დღეს, 8 დეკემბერს, ხულოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა განცხადება გაავრცელეს და სოლიდარობა გამოუცხადეს საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ჟურნალისტებს .

ახალგაზრდები მიმართავენ პასუხისმგებელ ინსტიტუტებს, გაიაზრონ თითოეული ქმედების შედეგები და პატივი სცენ ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.

„ჩვენ, ხულოელი ახალგაზრდები, გულისტკივილით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, გამოვხატოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია და დავიცვათ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები.

საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანება არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი, ეს არის მშვიდობიანი, დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნის მშენებლობის ერთადერთი გზა. ჩვენს მომავალს თავისუფალ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ და სამართლებრივ გარემოში ვხედავთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე სასტიკად ნაცემ და დაკავებულ ყველა მოქალაქეს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.

მივმართავთ პასუხისმგებელ ინსტიტუტებს, გაიაზრონ თითოეული ქმედების შედეგები, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს და იმოქმედონ არა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ.

ჩვენ, ხულოელი ახალგაზრდები, ვირჩევთ მომავალს, სადაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება და თავისუფალი საზოგადოების ამომავალი წერტილი,“-აცხადებენ ახალგაზრდები.

განცხადებას ხელს აწერს 116 ადამიანი. ხელმოწერები გრძელდება.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

_______________

რა ხდება

საქართველოში მეცხრე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.

კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო – ადმინისტრაციული წესით ასობით მოქალაქე დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსით კი 23 ადამიანი, რომლებსაც 7 და 9 წლით პატიმრობა ემუქრება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: