სიახლეები

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან მიდის

04.12.2024
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან მიდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი თანამდებობას ტოვებს. გათავისუფლების მოთხოვნით მან შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უკვე მიმართა. პატაკი გათავისუფლების მოთხოვნაზე ირაკლი შაიშმელაშვილმა თავად გამოაქვეყნა.

სამსახურიდან წასვლის მოთხოვნის მიზეზად ის განცხადებაში ოჯახურ პირობებს ასახელებს.

განცხადება 3 დეკემბრით თარიღდება.

დღეს, 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებენ.

პოლიციამ დღეს საღამოს დააკავა სულ მცირე 9 პოლიტიკოსი და აქტივისტი.

___

  • რა ხდება

საქართველოში მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.

28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შემდეგი – „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. კობახიძის ამ განცხადებას ხალხის ქუჩაში გამოსვლა და უწყვეტი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოს ქალაქებში.

2 დეკემბრიდან გაფიცვა დაიწყეს სკოლებმა და უნივერსიტეტებმა.

საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გადადგეს მთავრობა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: