მთავარი,სიახლეები

ყველა მათგანს თვალის ბუდე აქვს ჩამტვრეული და სახე დალეწილი, ვინც საავადმყოფოშია – ნიკა სიმონიშვილი

03.12.2024 •
ყველა მათგანს თვალის ბუდე აქვს ჩამტვრეული და სახე დალეწილი, ვინც საავადმყოფოშია – ნიკა სიმონიშვილი

პოლიციამ ნაცემი და დაკავებული აქციის მონაწილეების – ყველას იზოლატორში გადაყვანა ვერ შეძლო. ზოგიერთის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ისინი ხელწერილის საფუძველზე პირდაპირ კლინიკებში გადაიყვანეს. დაზარალებულები იურისტმა, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა მოინახულა.

იურისტის შეფასებით ყველა დაკავებულს სახე აქვს დალეწილი.

  • ბატონო ნიკა, რამდენად მძიმე შემთხვევებთან გვაქვს საქმე – რა ინფორმაციის მიღება შეძელით დაზარალებულებისგან?

პოლიციამ დაკავებულები იზოლატორში ვეღარ გადაიყვანა, რადგან ძალიან მძიმე ხარისხის დაზიანებები ჰქონდათ მიღებული და კლინიკაში გაწერეს ხელწერილის საფუძველზე. მე ისინი ვნახე კლინიკაში. აქვთ ძალიან მძიმე ხარისხის დაზიანებები – ძირითადად თავის არეში, სახის ძვლებიც აქვთ მოტეხილი, ყველა მათგანს ჰქონდა თვალის ბუდე ჩამტვრეული, მრავლობითი მოტეხილობები სახის არეში, გაბზარული საფეთქელი, ზოგ შემთხვევაში ცხვირი მოტეხილი.

ამავდროულად ყველა მათგანს თვალის ბუდე ჰქონდა ჩამტვრეული და სახე დალეწილიყო, სახე არა ეტყობოდათ ფაქტობრივად ამ ადამიანებს ისე იყვნენ დალეწილი.

სახეში ურტყამდნენ მათი დამკავებლები, არ ვიცი ესენი სპეცრაზმელები იყვნენ თუ რომელ სტრუქტურას წარმოადგენენ, გამეტებით ურტყამდნენ მათ სახეში. იმდენი დაზიანება სხეულის დანარჩენ არეში არ ჰქონდათ მიღებული, რამდენიც კონკრეტულად სახის არეში, იმისთვის, რომ უფრო მეტად დასახიჩრებულიყვნენ და ეს ყოფილიყო უფრო მეტად გამოსაჩენი.

ცემა არ ყოფილა ერთჯერადი ფაქტი, მანამდე სანამ მანქანაში მოათავსებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან, ფიზიკური ანგარიშსწორება რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა.

დაკავებისას იწყებოდა ცემა, შემდგომ ამას სხვა პოლიციელები აგრძელებდნენ, ხოლო როდესაც მანქანასთან მიიყვანდნენ, იქ უკვე ჯგუფურად ხდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ჰყვებოდნენ იმასაც, რომ მათ სხეულებზე ხტუნაობდნენ პოლიციელები, ამდენად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისად მძიმეა, გამომდინარე დაზიანების ხარისხიდან რამდენიმე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.

ესენი არიან ის ხალხი, რომლებმაც ყველაზე მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღეს იმ ღამეს, როდესაც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ პოლიციები დემონსტრანტებს.

ნიკა სიმონიშვილი

ნიკა სიმონიშვილი

  • საუბარი იყო დაკავებულების მანქანებში ცემაზე, მანქანაში წიწაკის სპრეის გაშვებასა და კარის დახურვაზე, მსგავს ფაქტზე გიამბოთ რომელიმემ?

დიახ, იყო შემთხვევა, როდესაც დაკავების და ცემის შემდეგ წიწაკის სპერეი სახეში შეასხეს, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ იმდენად დიდი ტკივილი განიცადა ცემის შემდეგ, რომ სახეში წიწაკის სპრეის შესხმის შემდეგ ვეღარ იგრძნო ტკივილი.

რაც შეეხება მანქანაში ცემის ფაქტებს, ნაწილ მათგანს კუსტარულად გადაკეთებულ მარშუტკებში ყრიდნენ და უსწორდებოდნენ, ნაწილს მანქანებში უსწორდებოდნენ, მანქანებში მიმდინარეობდა ჯგუფური ძალადობა. მაგალითად, ვესაუბრე გია ჯვარშელეიშვილს, რომელიც არის უფლებადამცველი, ისიც მსგავს ფაქტებს ჰყვება, რომ დაკავების ე.წ. მარშუტკაში შეაგდეს ის, სხვა ადამიანებიც შემოადგეს იქ და მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, წიხლებს ურტყამდნენ.

  • ნივთების დაკარგვასა და წართმევაზეც იყო საუბარი, მსგავსი ფაქტი დაასახელეს?

ერთმა დაკავებულმა გვითხრა, რომ პირადი ნივთები ამოაცალეს, მათ შორის მანქანისა და სახლის გასაღები, თავიდან მათ ეს უცნაურად მოეჩვენათ, თუმცა, შემდგომ დღეებში ეს ჩვეულ პრაქტიკად იქცა – პირადი ნივთები წაართვეს სხვა ადამიანებსაც.

როგორც ვიცი, ზოგიერთ დაკავებულს ჩანთები წაართვეს, ნაწილს საფულე, მობილური ტელეფონი და სხვადასხვა პირადი ნივთი.

საქართველოში აქციების დაშლის, ძალის გამოყენების შემთხვევები კარგად გვახსოვს, მაგრამ უფრო დაკავებისას, დაშლის პროცესში ძალის გადამეტებაზე ვსაუბრობდით, უკვე დაკავებულის ცემა ახალი, ამ ხელისუფლების პრაქტიკაა?

პარალელს გავავლებდი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, მაშინ ჩვენ ვნახეთ მასობრივი დაკავებების პრაქტიკა და იმ მასობრივი დაკავებების დროს ხდებოდა ხოლმე ფიზიკური ანგარიშსწორება. დაკავების დროს და მის შემდეგაც

მაგრამ ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, ასეთი რაღაც არ გვახსოვს, არ გვახსოვს იმიტომ, რომ ასეთი სახის ანგარიშსწორება მაშინ არ მომხდარა. ყველა დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს.

უნდა ვთქვათ, რომ მათი რიცხვი ცოტა არ არის. მათ მძიმე დაზიანებები აქვთ მიღებული, ასეთ პრაქტიკას აქამდე ჩვენ ვერ ვხედავდით, ახლა უკვე პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა ეს ყველაფერი.

  • ამ აქციებზე პოლიცია კომუნიკაციაშია აქციის მონაწილეებთან, ესეც ახალია?

ნაკლებად მახსენდება ასეთი პრაქტიკა, თბილისში მაგალითად პოლიციელები კომუნიკაციაში ნაკლებად შემოდიან. შეიძლება ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს, ხალხიც იცნობს პოლიციელებს და ეს არის მიზეზი. კომუნიკაციაში არ შედიან აქციის მონაწილეებთან, ერთადერთი ვინც ჟურნალისტებთან საუბრობს ხოლმე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, სხვა მსგავსი შემთხვევები მე არ მახსენდება.

ისინი არ ისჯებიან იმიტომ, რომ გარანტია აქვთ მიღებული და სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, რომ ასეთი სისასტიკე გამოეჩინათ.

აღმოჩნდება, რომ კამერებია გათიშული ან ამ ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლებელია და გამორიცხულია რომ ისინი დაისაჯონ. ანუ, ხვალ ჩვენ შეიძლება არც ვიცოდეთ, რომ შეიძლება ამ ადამიანების გვერდით აღმოვჩნდეთ, ისე, რომ არც ვიცოდეთ, რომ გუშინ ისინი რაღაცას გვესროდნენ.

პოლიციის, როგორც ინსტიტუტის მიმართ იკარგება ნდობა. როცა ძალადობისგან დაცვა გჭირდება, შეიძლება უბრალოდ აღარ ენდო მას.

როცა ნდობა იკარგება ინსტიტუციის მიმართ და ინსტიტუციები აღარ მუშაობენ, თვითმართლმსაჯულებაზე შეიძლება გადავიდნენ ადამიანები, ყველაზე ცუდი შედეგი იქნება ეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: