ბათუმში, გუშინ, 29 ნოემბერს 9 დაკავებულიდან ორ პირს დაზიანებები აღენიშნება – ამასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ მიმართა. მისი ინფორმაციით, ორივე პირთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო საქმის შესწავლა.
ნიკო მირცხულავა და ვლადიმერ თოდაძე ბათუმში გუშინ ძალის გამოყენებით დააკავეს.
საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ ისინი დღესაც მოინახულა. მათ ხვალ, 30 დეკემბერს, ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
30 ნოემბერს ბათუმში საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს, მათ შორის – არასრულწლოვანი და ერთი ქალი. მოგვიანებით არასრულწლოვანი და ქალი გაათავისუფლეს.
ბათუმში აქციაზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი, როგორც აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის[ საია] ბათუმის ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულები არიან: ლაშა ფალავანდიშვილი, ალბერტ არაქელოვი, ნიკო მირცხულავა, ვლადიმერ თოდაძე და სიმონ ბაჯელიძე. დააკავეს ასევე მიხეილ ბოლქვაძე და ნოდარ მამულაძე, ისინი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
- რა ხდება?
ბათუმში მესამე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. გუშინ ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, გუშინვე გაათავისუფლეს.
საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.






