ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია თანამდებობას ტოვებს. ელჩის ხელმოწერილ განცხადებას ფეისბუქში მის და ავრცელებს.
დავით სოლომონია წერს:
„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა.
მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე.
დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერი ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას“.
___
უკვე მეორე დღეა, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ისინი ჯგუფურად ესხმიან თავს მოქალაქეებს და სცემენ – ჟურნალისტებს, ქალებს, წაქცეულ ადამიანებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია 150-მდე ადამიანი.
პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჟურნალისტებს, ამ დროისთვის სხვადასხვა ტიპის დაზიანება აქვს მიყენებული 30-ზე მეტ ჟურნალისტს. მინიმუმ 2 ჟურნალისტი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია კლინიკაში, მათ ოპერაცია დასჭირდათ.
28 ნოემბერს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას 2028 წლამდე, რასაც თბილისსა და საქართველო სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.






