სიახლეები

მტკიცედ მოვუწოდებ „ოცნებას“, დააბრუნოს საქართველო EU-ს და დემოკრატიის გზაზე

29.11.2024
მტკიცედ მოვუწოდებ „ოცნებას“, დააბრუნოს საქართველო EU-ს და დემოკრატიის გზაზე

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დააბრუნოს ქვეყანა დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.

გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.

მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.

მთავრობაზეა დამოკიდებული, გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს“.

___

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების თაობაზე, რასაც გუშინ, 28 ნოემბერს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. დააკავეს 43 მოქალაქე, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

მოქალაქეები საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

ქვეყნის ანტიკონსტიტუციურ მთავრობას პროტესტი გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 110-ზე მეტმა თანამშრომელმა და ელჩმა.

გაფიცულია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: