მესამე დღეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტიტეტში სტუდენტები მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესში უნივერსიტეტის ჩართულობას აპროტესტებენ.
სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში ათევენ. 14 ნოემბრის ღამეს ბსუ-ს პირველ კორპუსში გაითიშა შუქი და გათბობა, ხოლო წუხელ, 15 ნოემბერს, ფანჯრებს, საიდანაც წინა ღამით საკვებს და წყალს აწვდიდა ხალხი სტუდენტებს, სახელურები მოხსნეს და ჩაკეტეს.
სტუდენტებმა 15 ნოემბრის ღამე პირველი კორპუსის მთავარ შესასვლელში გაათენეს.
დღეს, 16 ნოემბერს ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა ფანჯრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„სამწუხაროა, როცა ამ თემასთან დაკავშირებით გვიხდება ჩვენ კომენტარის გაკეთება. ეს ის სივრცეა, სადაც პირველ დღეს გაათენეს, ფანჯრები იყო ღია. შემდგომ ლოკაცია შეიცვალეს და მოხდა იმ ფანჯრების ჩაკეტვა, რადგან ეს ფანჯრები გადის პირდაპირ ქუჩაში და ღიად დატოვების შემთხვევაში უნივერსიტეტის შენობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უსაფრთხოების გამო ჩაიკეტა მხოლოდ ეს ორი ფანჯარა. ახლა სადაც არიან იმ ცენტრალურ სივრცეში ექვსი ფანჯარაა, შემოსასვლელი ცენტრალური კარია, ასე რომ მათ არანაირი პრობლემა საკვების შემოტანის არ აქვთ,“ – თქვა მერაბ ხალვაშმა.
რექტორის კომენტარი უნივერსიტეტის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.
რექტორის განმარტებით უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის პროტესტში ხელი არ შეუშლია. რაც შეეხება ელექტროენერგიის გათიშვას, მერაბ ხალვაში ამბობს, რომ 14 ნომებრის ღამეს უნივერსიტეტში შუქის გათიშვა „ქალაქში საერთო გათიშვას“ უკავშირდება და შუქი უნივერსიტეტს მისი ინიციატივით არ გაუთიშავს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და წინასაარჩევნო პროცესში უნივერსიტეტის ჩართულობას.
სტუდენტების პროტესტი 14 ნოემბერს დაიწყო. ახალგაზრდები მას შემდეგ ღამეს უნივერსიტეტში ათევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

სტუდენტები ბსუ-ს მთავარ შესასვლელში
16. 11. 2024






