დაბა ქედაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე შსს-მ ტენდერი 4,8 მილიონი ლარით გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, ქედის რაიონული სამმართველოს შენობის აშენება დაგეგმილია დაბა ქედაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობია 3 450 კვადრატული მეტრი.

ტერიტორია [წითელი ფერით] დაბა ქედაში, სადაც პოლიციის შენობა უნდა ააშენონ
შენობის ფასადის ძირითადი ნაწილები მოპირკეთდება ტრავერტინის ქვით, ასევე გათვალისწინებულია ლესვა და ღებვა ე.წ. მიუნხენის ფაქტურით. ცოკოლზე და კიბის საფეხურებზე გაიკვრება ბაზალტის ფილები. კარ-ფანჯარა და ვიტრაჟები მოეწყობა მუქი ფერის
იზოალუმინით.
ტერიტორიაზე დაირგვება ხე-ნარგავები, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები, ასევე დამხმარე შენობა და ღია პარკინგი. დამონტაჟდება განათებები.
შენობის საერთო ფართი იქნება 1 178.75, ხოლო დამხმარე შენობის ფართობი 111,07 კვადრატული მეტრი“ – აღნიშნულია პროექტში.

პოლიციის შენობა ქედაში / რენდერი პროექტიდან
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 27 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 4 813 113 ლარი.
ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 დღეში უნდა დასრულდეს.
„შესრულებულ სამუშაოებზე, გამოყენებულ მასალებზე, დანადგარებზე და აგრეგატებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის, დიზელ-გენერატორებზე 4 წლის, სახურავის ვარგისიანობაზე 5 წლის, ხოლო რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე 25 წლის განმავლობაში“, – აღნიშნულია ტენდერში.






