ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ არ აპირებს დარეგისტრირდეს რეესტრში, რომელიც რუსული კანონის საფუძველზე შექმნა სახელმწიფომ.
დღეს, 2 სექტემბერს, ორგანიზაციამ ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა ფეისბუქში.
„საფარი“ რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებს.
ჩვენ, სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად, ვაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას.
ჩვენ არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ გვიკრძალავენ ქალებისა და ბავშვების დახმარებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ისევ დავეხმარებით ადამიანებს, რომლებიც ძალადობას უპირისპირდებიან.
მთავარი ბრძოლა წინ გველის, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდამხარ ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ საბოლოოდ არ გაუქმდება რუსული კანონი. ქართველი ხალხის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანობა საბოლოო გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს!“, – წერს „საფარი“.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, რუსული კანონის ფარგლებში შექმნილ რეესტრში დარეგისტრირების ვადა ორგანიზაციებისთვის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.
რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსს მიანიჭებს.
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია უარს იტყვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარის“ იარლიყზე, მაშინ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მას მაინც დაარეგისტრირებენ და 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
ენათმეცნიერ მარინე ბერიძის განმარტებით, „…ინტერესების გამტარებელს [რიგით ქართველში] მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს. [ეს ტერმინი] მტრული ორგანიზაციების მონიშვნის საშუალებაა რიგითი ქართველისთვის“.
___
ენათმეცნიერი: “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი” მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის შესიტყვებაა