ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის უკანონო გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს.
სამსახურის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგის საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის/შემოწმების გავლისას, სამგზავრო ჩანთაში ოქროსა და ვერცხლის ზოდები აღმოაჩინეს.
გამოვლენილი იქნა საერთო ჯამში 133 125,24 ლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ზოდები, ასევე შენადნობის სახით დამზადებული ოქროს ფირფიტები (ოქროს საერთო წონა 560,78 გრამი, ხოლო ვერცხლის 6 230 გრამი). საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მწვანე დერეფნის გავლით ისე დატოვეს საბაჟო გამშვები პუნქტი – „ბათუმის აეროპორტის“ საბაჟო კონტროლის ზონა, რომ არ მიუმართავთ უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრისთვის და არ განუხორციელებიათ სავალდებულო დეკლარირება“ – იუწყება შემოსავლების სამსახური.