აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს 2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. ამ ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლების ნაწილში ისევ ვერ სრულდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა ჩიხშია.
არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი.
ანგარიშის მიხედვით 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების გეგმა 12 მილიონ 10 700 ათასი ლარით განსაზღვრეს. ხოლო ფაქტობრივი შესრულება შეადგენს 1 მილიონ 422 500 ლარი შეადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება:
„სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო. საანგარიშო პერიოდში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 20,8 ათასი ლარი, ხოლო არაწარმოებული აქტივების (მიწის)
გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 401,7 ათასი ლარი.“
არაფინანსური აქტივების განკარგვის ნაწილში ბიუჯეტი გასულ წელსაც ვერ შესრულდა. ამ მხრივ დაგეგმვის ნაკლოვანებებზე მიუთითებდა სახელმწიფო აუდიტიც.
აუდიტი თავის ანგარიშში წერდა, რომ აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა 2023 წლის ბოლოსაც დაფიქსირდა და 2022 წლის ბოლოსაც.
უფრო მეტიც აუდიტი მკაფიოდ მიუთითებდა მთავრობას არ გაბეროს ციფრები და პროგნოზი ანალიზის საფუძველზე გააკეთოს:
„საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე.“
მთავრობამ ეს გაფრთხილება 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არ გაითვალისწინა. ამ მხრივ, იდენტური მდგომარეობაა ბათუმის ბიუჯეტშიც.


