ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ბუნება კი არა დეკორაცია შემოდის“ – ინტერვიუ ბათუმის მწვანე პოლიტიკაზე

15.06.2024
„ბუნება კი არა დეკორაცია შემოდის“ – ინტერვიუ ბათუმის მწვანე პოლიტიკაზე

ბათუმის მერია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას ახალი სკვერების მოწყობის ან არსებულის რეაბილიტაციის შესახებ, საქართველოს მთავრობამ კი ბათუმში გმირთა ხეივანი პომპეზურად, საქართველოს პრემიერის მონაწილეობით გახსნა. ამ პროექტში მთავრობამ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მწვანე სივრცე უნდა ერქვას რეალურად მწვანე, მცენარეებით დატვირთულ სივრცეს და არა იმას, რაც მყარ საძირკველზე, ანუ ბეტონზე დგას.

„ჩაბეტონებული სკვერები“ არ მოსწონს და მერიას ამ საკითხისადმი უფრო სერიოზული დამოკიდებულების გამოჩენას ურჩევს თეონა დიასამიძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი ბათუმში. ის ამ საკითხზე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

  • ქალბატონო თეონა ქალაქის მწვანე პოლიტიკა ამ დრომდე მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს, მეორე მხრივ ბიუჯეტიდან დიდი თანხა იხარჯება ახალი სკვერების მოსაწყობად, ასევე არსებულის რეაბილიტაციისთვის, რასთან გვაქვს საქმე?

ზოგადად პრობლემა, რასაც ქალაქის გამწვანება ჰქვია, ძალიან მასშტაბური და თვალსაჩინოა. ბათუმი არის მზარდი ქალაქი, მისი მასშტაბი გაიზარდა. გაზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება მიენიჭა გამწვანებულ ტერიტორიებს და ზოგადად გამწვანების პოლიტიკას.

როდესაც ქალაქი ფართოვდება, მისი გაფართოება და მოსახლეობის ზრდა, უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისობაში სარეკრეაციო სივრცეების განვითარებასთან. ამას ახერხებს  ბევრი ქვეყანა დღეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ. სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ ბათუმს კიდევ ახალი რეკრეაციული სივრცე შემატა. თუ ამ სივრცეს ვნახავთ, დავინახავთ მხოლოდ დეკორატიულ გამწვანებას, დავინახავთ რომ არსად არ ჩანს ე.წ. ზრუნვის პოლიტიკა გამწვანების კუთხით, თუნდაც ამ სივრცეში.

განახლებული „გმირთა ხეივანი“

  • მერია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას, რომ აწყობს ახალ სკვერებს და გამწვანებულ სივრცეებს ქალაქში

დიახ, ბოლო წლებში მერია აანონსებს ხოლმე, სკვერებისა და პარკების მშენებლობას ან რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას. მართლაც არის ხოლმე, სივრცეები სადაც ჩატარდა ეს სამუშაოები. არის არეალი, სადაც მოაწყვეს საბავშვო სივრცეები, მაგრამ თავისი შინაარსით ეს გამწვანება ზედაპირულია.

ეს სივრცეებიც არის მყარი მოპირკეთებით. მყარ მოპირკეთებას ეძახიან ისეთ სივრცეებს, სადაც ჭარბად არის გამოყენებული ბეტონი და არ არის ბუნებრივი ლანდშაფტი. არავის უზრუნია ამ კუთხით.

ეს ცხადყოფს არასისტემურ მიდგომას, არასისტემურ დაგეგმვას, რითაც სრულდება მწვანე სივრცეების მოწყობა დღეს ქალაქში.

პრობლემურია ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვაც. მერია ვერ იტყვის, ბოლო წლებში განსაკუთრებით, ასეთი სივრცეების მოწყობისას მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. ანუ, ვერ დაასახელებს მოქალაქეთა ჩართულობას, ამ ნაწილში. სარეაბილიტაციო პროექტები და ახალი სკვერების მოწყობის პროექტებიც ამგვარი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. შემდეგ მოქალაქეებს არ აკმაყოფილებთ საბოლოო შედეგები.

  • ნუ ერთიანი მწვანე პოლიტიკა არ არის საკმარისი და მერიამ თითოეული უბნის საჭიროების გამოკვეთაზე უნდა იმუშაოს?

დაგეგმვის და რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობა, მოსახლეობის ხედვების სურვილების გამოყენება არის წარმატებული სარეკრეაციო სივრცის წინაპირობა, ამას იყენებს ყველა ქვეყანა, ამის გარეშე შეუძლებელია. მითუმეტეს, როცა ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი.

ამგვარი კონსულტაციები იმართება მხოლოდ ერთეულ პირებთან, ან მცირე ჯგუფებთან, რომლებიც ვერ სწვდებიან ხშირად საკითხის არსს. ასეთ დროს საჭიროა ფოკუს ჯგუფების გამოკითხვა, სპეციალისტებთან, პარკებისა და სკვერების უშუალოდ მოსარგებლე მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

უცნაურია, როდესაც კონკრეტულ უბანში აწყობ რეკრეაციულ სივრცეს და არანაირ გამოკითხვას არ ატარებ, არანაირ ურთიერთობას არ ამყარებ იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან, მინიმუმ იმ ტერიტორიის მოსახლეობა არ გყავს ჩართული რეკრეაციული სივრცის მოწყობაში, ეს წარმოუდგენელია.

პირველ რიგში სწორედ ამ უბნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა პროცესი მიმდინარეობს და რა ტიპის სკვერი ეწყობა მათ ტერიტორიაზე. გარდა ამისა უნდა ჩატარდეს კვლევები, რომლითაც შეისწავლიან ზოგადად ამ მწვანე სივრცეებს, მათ მდგომარეობას განვითარების პოტენციალს.

  • ამ დრომდე მსგავსი კვლევები არ ჩაუტარებიათ?

მერიას წარედგინა ასეთი კვლევა, სპეციალური აღწერილობა და ინვენტარიზაცია ასეთი სკვერების და სივრცეების, რომლებსაც სჭირდებოდათ რეაბილიტაცია, აღდგენა, სტატუსის მინიჭება და ასე შემდეგ, თუმცა ეს პროცესი გარკვეულწილად უკვე შენელებულია. ამიტომ აუცილებელია, რომ შემუშავდეს მსგავსი კონცეფცია და განვითარდეს საჯარო მწვანე სივრცეები თანმიმდევრობით და პრიორიტეტებით, მოქალაქეთა ჩართულობებით. აუცილებელია რომ დამუშავდეს მიდგომები და სტანდარტები, რა ტიპის სკვერები გვჭირდება, რა ტიპის მოწყობა გვჭირდება ამ სკვერებში, გამწვანება როგორი გვჭირდება, მხოლოდ დეკორატიულია საჭირო თუ მრავალწლოვანი ნარგავები უნდა დაირგოს, რომ ქალაქზე ზრუნვის პოლიტიკა ჩანდეს.

აუცილებელია კატეგორიზაცია, რაც არ გვაქვს. ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე მუდმივად დგებოდა. განსაკუთრებით ბიუჯეტის დამტკიცების დროს. მუდმივად ვითხოვდით ორგანიზაციები, რომ გამწვანების პოლიტიკას მაღალი ყურადღება დათმობოდა.

ბათუმში ძალიან დაბალია გამწვანების კოეფიციენტი. თითოეულ მოსახლეზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს კოეფიციენტს, ყველაზე დაბალი სტანდარტით საჭიროა 9 კვ.მეტრი ერთ მოსახლეზე, ყველაზე კარგია თუ იქნება 50 კვ.მეტრი. ბათუმში ასეთი ტიპის კვლევაც არ ჩატარებულა, თუმცა არის – 5.3. ესეც ყოველთვის მოდის ბულვარის ხარჯზე, რეალურად ქალაქში სხვა მწვანე ლანდშაფტი არ გაგვაჩნია და ზუსტი აღრიცხვაც არ გვაქვს.

  • ორ კონკრეტულ სივრცეზე მინდა გკითხოთ, რომელთა მოსაწყობადაც დიდი თანხა დაიხარჯა, ეს არის ბაგრატიონის სკვერი გზაგამყოფ ზოლზე და გმირთა ხეივანი

ზოგადად, თანამედროვე ქალაქმშენებლობა და გამწვანება ცდილობს, რომ შიდა გამწვანებული ტერიტორიები ერთმანეთს დაუკავშიროს და ბმაში იყოს რეკრეაციული სივრცეები ერთმანეთთან, ბუნებრივი ლანდშაფტი და ბიომრავალფეროვნება, მწვანე პოლიტიკა რომ შექმნან.

მწვანე პოლიტიკა, რომელსაც შეერთებულია მათ შორის საქართველოც, ამ პოლიტიკის დანერგვას და გატარებას გულისხმობს. დღეს ნებისმიერი ლანდშაფტის არქიტექტორი თუ გარემოს დამცველი ცდილობს როგორმე ბუნება შემოიყვანოს ქალაქში და დაუბრუნოს ის ადამიანებს. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ სხვა რამეს. ბუნება კი არა დეკორაცია შემოდის ქალაქებში და ეს არ ქმნის მდგრადი გამწვანების პოლიტიკას.

ნაცვლად მრავალწლიანი ნარგავებისა ჩვენ ვხედავთ უფრო დეკორაციული მოწყობის სკვერს, ბეტონის საფარს, რომელიც დაიგება კონკრეტული სამსახურის მიერ და არანაირი მონაწილეობითი ფორმები ამ პროცესში არ ყოფილა.

  • რამდენად სწორია სკვერი ვუწოდოთ გზაგამყოფ ზოლზე არსებულ სივრცეს, რომლის ირგვლივაც ავტომანქანები ინტენსიურად მოძრაობენ?

სწორედ ამას ცხადყოფს ზემოთ დასახელებული კომპონენტები, როდესაც არ არის მოსახლეობის ჩართულობა ბუნებრივია ჩვენ იღებთ მსგავს ტერიტორიებს, რეკრეაციულ სივრცეებს, რომლებიც თავისი შინაარსით არ ქმნიან რეკრეაციულ სივრცეებს.

რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო ამის მოწყობა, არაერთხელ დაგვიყენებია ეს საკითხი ჩვენ და მოქალაქეების მხრიდანაც იყო მოთხოვნა, რომ აუცილებელი იყო აქ მწვანე საფარის მოწესრიგება, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ფართო ჯგუფისა და ექსპერტების მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება.

სწორედ იმ ხარვეზების გამო, რასაც ეს სივრცე განიცდის: ხმაურს, გამონაბოლქვს, არ არის უსაფრთხო, აქ მაღალი გამავლობის ავტომანქანები მოძრაობენ და არ იქმნება დასვენების გარემო იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის – ამის გამო ვიღებთ ასეთ გარემოს, რომ ეს კეთდება ციფრებისთვის და არა მოქალაქეებისთვის.

იმავეს ვაწყდებით გმირთა ხეივანთან დაკავშირებით. ისე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ მოქალაქეებს არ გვქონდა ინფორმაცია რა ტიპის განახლება მიმდინარეობდა ამ კონკრეტულ ადგილზე, რა ტიპის სამუშაოები ხორციელდებოდა, მივიღეთ სრულიად ხელოვნური დეკორაციული ადგილი, ამას გამწვანებას ვერ დავარქმევ, საერთოდ ვერ გავიგეთ რა არის და რატომ არის. ვერ გავიგეთ რატომ არის ეს ხელოვნური კალები, ვერ დავაკავშირეთ საკუთარ ქალაქთან, გაუცხოვდა ის ჩვენთვის, თუმცა არიან ადამიანები რომლებიც დიდი სიხარულით აზიარებდნენ, მაგრამ უმრავლესობას აქვს გაუცხოება. მივიღეთ ისევ და ისევ ბეტონის სივრცე.

განახლებული „გმირთა ხეივანი“

ასევე მიუღებელია ჩვენთვის, როდესაც მთავრობა ყიდის მიწის ნაკვეთებს მშენებლობის პირობით, სადაც მრავალწლიანი ხეები, შემდეგ კი ამ ხეებს ჩეხენ, რომ ადგილი გაათავისუფლონ მშენებლობისთვის.

ბიუჯეტში ახალი ნარგავების შესაძენად თანხებს ზრდიან, მაშინ როცა გვაქვს მწვანე კონცხი და სხვა შესაბამისი სამსახურები, რომ ნარგავები თავად გამოვიყვანოთ. ისევ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი არასისტემური მიდგომის და ჩართულობის არარსებობის მიზეზით ხდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.