ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ბულვარში მდებარე ზღვის წყლის საქაჩი ძველი სატუმბო სადგურის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გეგმავს. ეს სადგური, რომელიც ბათუმის კონცხზე „ალი და ნინოს“ მიმდებარე პლაჟზეა განთავსებული, ბათუმის დელფინარიუმს ზღვის წყლით ამარაგებს.
სატუმბო სადგურის მშენებლობაზე ტენდერი 502 ათას 180 ლარითაა გამოცხადებული.

ზღვის წყლის სატუმბო სადგური ბათუმში / ფოტო: თებერვალი, 2024 წ.
ახალი სადგური იმ პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით ბათუმის დელფინარიუმის [ქალაქის მერიის შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“] დაკვეთით მომზადდა.
პროექტის მიხედვით დაანგრევენ არსებულ სადგურის შენობას და ახალს არა იმავე, არამედ სხვა ადგილზე ააშენებენ. ახალი სადგურის შენობას ზღვაზე გადასახედი პირსის [სადაც ადრე „ალი და ნინოს“ ქანდაკება იდგა] მეორე მხარეს, პლაჟზე ააშენებენ.

ზღვის წყლის ახალ სატუმბო სადგურს სავარაუდოდ ამ ადგილზე ააშენებენ
„ბათუმელები“ შეეცადა დეტალების გარკვევას, თუ რატომ იცვლება ადგილი, ასევე რა გახდა დემონტაჟის მიზეზი, თუმცა, ვერც მერიის სამმართველოდან და ვერც დელფინარიუმიდან პასუხები ვერ მივიღეთ.
ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2024 წლის 29 ივნისს დაიწყება და 4 ივლისს დასრულდება.
ახალი სატუმბო სადგური ტენდერში გამარჯვებულმა 2024 წლის 11 დეკემბრამდე უნდა ააშენოს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი 3 წელი უნდა იყოს.

ბათუმის კონცხი ერთ-ერთი არამდგრადი და ავარიული უბანია ბათუმის სანაპიროზე. ზღვის შტორმის დროს აქ გროვდება ჭარბი რაოდენობით ნატანი [ქვიშა-ხრეში], რომელიც შემდეგ პერიოდულად ზღვაში, წყალქვეშა კანიონში იკარგება. ამ პროცესების შედეგად პლაჟი ბათუმის კონცხთან ხან ფართოვდება, ხან კი ვიწროვდება.
ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში მყისიერად ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას კი შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს.
ფოტოებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის 13 თებერვალს გადაიღო, ნათლად ჩანს, თუ პლაჟის რა ნაწილი წარეცხა ზღვამ 3 თვეში, სწორედ სატუმბო სადგურთან. ზღვიდან გამომდინარე საფრთხის გამო გადაიტანეს თავის დროზე პლაჟიდან ქანდაკება „ალი და ნინოც“.
ამ თემაზე:


