სიახლეები

რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით, ანუ გძულდეს მოყვასი შენი!

07.05.2024 •
რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით, ანუ გძულდეს მოყვასი შენი!

ავტორი: გიორგი ლებანიძე, ფილოსოფიის და რელიგიის ფაკულტეტი, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი

__

„რუსული კანონის“ ხელახალი ინიციირებით ივანიშვილის რეჟიმი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების შევიწროება, დასავლეთისთვის სხვა არჩევანის არდატოვება, გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს, რუსი ფაშისტ-იმპერიალისტების გულის მოსაგებად (თუ საქმე მათი პირდაპირი მითითების შესრულებასთან არ გვაქვს).

რეჟიმის თითოეულ ამ მიზანზე ბევრი დაიწერა და ითქვა, ამდენად მათზე არ ვისაუბრებ. მე მინდა, რომ იმ მიზანზე ვისაუბრო, რაზეც საკმარისი ანალიზი არ მომისმენია, არადა საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

დღეს, ისევე როგორც 26 მარტის ღამეს, თბილისის ქუჩები ახალგაზრდებით გაივსო. ამ ორ მოვლენას შორის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კავშირია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ამ კავშირის ადეკვატურად გააზრება ქართულ საზოგადოებას მოქმედების სწორად განსაზღვრაში დაეხმარება.

ივანიშვილის რეჟიმი ემყარება საზოგადოების პოლარიზებას, მის გახლეჩასა და ოპონენტთა დემონიზებას. ეს მეთოდი მათი მოგონილი არაა, მსგავს ხრიკებს ბევრ სხვა ქვეყნებში არსებული დესტრუქციული პოლიტიკური აქტორები იყენებენ. ამ მიდგომის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია გერმანელი ნაცისტი ინტელექტუალი, კარლ შმიტი, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკა იწყება იმის განსაზღვრით, თუ ვინ არის მტერი.

ივანიშვილის რეჟიმის შმიტისეული ფორმულაა: ყველა ვინც არ არის ქოცი, არის მტერი, ანუ არა-ქოცი = მტერს = ნაცს = უსამშობლოს = ქართველთმოძულეს = არაადამიანს = მონსტრს = „ლგბტქ-ს“ = კონჩიტა ვურსტს = ანტიქრისტეს = ომის პარტიის წევრს = გლობალისტ-მასონს = ლიბერასტს = ფაშისტს = ქართველთყლაპიას, და ა.შ.

ოპონენტთა ეს დემონიზებული იმიჯი ივანიშვილის კორუმპირებულ, პრორუსულ და სახელმწიფოს მიმტაცებელ რეჟიმს აძლევს საშუალებას, საკუთარი თავი მისაღებ არჩევანად გაასაღოს დაშინებული, დაზაფრული და მოტყუებული მომხრეებისთვის. ლოგიკა ასეთია: სჯობს, ცხვირზე თითები მოიჭიროთ და ისე მისცეთ ხმა ჩვენს გახრწნილ პარტიას, რადგან ერთადერთი ალტერნატივაა ომის პარტია, კონჩიტა, ქართველობის დაკარგვა, გაჰომოსექსუალება, მეორე-ფრონტი, მიშა და ა.შ.

სწორედ ამ აპოკალიფსურ მითს დაემუქრა დანგრევით საერთო ეროვნული დღესასწაული, რომელმაც 25 აპრილის ღამეს მთელი საქართველო მოიცვა და რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ფაქტობრივად ყველა – ქოციც, ნაციც, ანტი-ქოციც, ანტი-ნაციც, ანტი-ქოცნაციც, ლიბერალიც, კონსერვატორიც, აპოლიტიკურიც, ათეისტიც, მუსლიმიც და ქრისტიანიც მოიცვა ერთობის განცდამ.

საყოველთაო დღესასწაულში ჩართულ რეჟიმის ყველაზე მძაფრად დაშინებულ მომხრეებსაც კი ბუნებრივად გაუჩნდებოდათ კითხვა – იქნებ მთლად ისეც არაა საქმე, როგორც პროპაგანდა ქადაგებს? იქნებ ჩემი მეზობელი, ნათესავი, კოლეგა, მთლად ისეთი მონსტრიც არაა, როგორადაც მას იმედი, პოსტ-ტივი და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტული საშუალებები წარმოადგენენ? იქნებ მათ ჩემი და ჩემი შვილების გაჰომოსექსუალება არ აქვთ არსებობის ერთადერთ მიზნად ქცეული? იქნებ შესაძლებელია ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომელშიც ჩემი მეზობელი და ნათესავი მონსტრად, არაადამიანად და მოსისხლე მტრად არ მიმაჩნია?

თურმე სანაცეთის წიაღიდან (წალენჯიხა) აღმოცენებულ კვარას, ანტიქოცი კაცის შვილს – ქოჩორას, „ლგბტ“ სამკლავურის მომრგებ კაშიას, ევროპა-მადიდებელ ბუდუს და რუსოფობ ჯაბას შეუძლიათ, რომ მეც და ჩემი მტრად-მონათლული ანტი-ქოცი თანამემამულე ერთნაირად გაგვაბედნიეროს.

საზოგადოების ერთმანეთის მტრებად გახლეჩას რომ დაემუქრა საფრთხე, სწორედ ეს გახდა იმისი ერთ-ერთი, თუ არა უმთავრესი მიზეზი, რის გამოც რეჟიმმა „რუსული კანონი“ მკვდრეთით აღადგინა.

მიზანია „აზრზე მოიყვანოს“ თავის დაზაფრული და მოტყუებული მომხრეები, შეახსენოს მათ, რომ ვინც არ არის ქოცი, არის მტერი, მონსტრი, ქართველთყლაპია, ანტიქრისტე, კონჩიტა-სტეროიდებზე და ა.შ.

ამდენად უმნიშვნელოვანესია, რომ იმ სახალხო მოძრაობამ, რომელიც ამ დღეებში თბილისის ქუჩებში იბადება, მკაფიოდ შეინარჩუნოს ეროვნული ერთობის გზავნილი. მუდმივად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მიზანი არა რუსეთთან ომი, არამედ ამ ომის არდაშვებაა, არა ნაცების დაბრუნება – არამედ ორივე ბელადის (სააკაშვილის და ივანიშვილის) წარსულში დატოვება და ევროკავშირში ინტეგრირების იმ ისტორიული შანსის გამოყენებაა, რომელიც შეიძლება მეორედ აღარასოდეს მოგვეცეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: