მთავარი,სიახლეები

რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს სოფლებში – 3 შვილის დედა ხულოდან

23.04.2024 • 3426
რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს სოფლებში – 3 შვილის დედა ხულოდან

„რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ბევრი ახალგაზრდა დაკარგავს განვითარების და წინსვლის საშუალებას.

მეც მიმიღია მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციისგან და ზუსტად ეს მხარდაჭერა იყო ჩემთვის განვითარების სტარტი, რადგან სანამ არ გავხდებოდი ამ ორგანიზაციის პროგრამების მონაწილე, დავიწყებდი ორგანიზებულ ტრენინგებზე დასწრებას, შემდეგ ანაზღაურებად სტაჟირებას, იქამდე არაფერი არ ვიყავი, მხოლოდ ჩვეულებრივი დიასახლისი.

ამ კანონის მიღების შემდეგ მსგავსი რაღაცები, რაც იყო ჩემი განვითარების საფუძველი, ფიზიკურად ვერ იარსებებს.

მაშინ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, მაშინ დავინახე განათლების საჭიროება და მაშინ დავიწყე საკუთარი თავის განვითარებისთვის ბრძოლა. თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას წაგვართმევენ, სხვები ვეღარ მოახერხებენ განვითარდნენ ისე, როგორც მე.

რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს”, – გვეუბნება ლელა ვასაძე.

ლელა სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსელი და სამი შვილის დედაა ხულოდან. მან 29 წლის ასაკში გადაწყვიტა მიეღო უმაღლესი განათლება. ლელას შესახებ “ბათუმელებმა” გასულ წელს წერდა.

ქალის თქმით, მთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა შესაძლოა ითქვას, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მათი ხმით სხვები ნაკლებად ინტერესდებიან.

„იმ საშუალებების გაუქმება, რასაც ჩვენთვის ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ ამ ორგანიზაციებისთვის, არამედ ჩვენთვის, აქ მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ჩვენ გვჭირდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების პროექტებში ჩართვა, მათგან დაფინანსების მოპოვება თუ სხვა სახის მხარდაჭერა.

კრიტიკული მედიის არ არსებობა ავტომატურად შექმნის რეალურ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობას. ინფორმაციულ ვაკუუმს. დავკარგავთ რეალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. თუ აღარ გვექნება კრიტიკული მედია, ავტომატურად მივიღებთ იმ ინფორმაციას, რაც აწყობს ვიღაცას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს. ვიღაცას რაც აწყობს, ჩვენ დავინახავთ მხოლოდ იმას”, – ამბობს ლელა.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღება ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილის განადგურებასაც გამოიწვევს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„მე ახლა სამართალს ვსწავლობ და სწავლის დასრულების შემდეგ საერთოდ არ ვაპირებ საჯარო სექტორში წასვლას, ამიტომ, მთელი ოთხი წლის შრომა შესაძლოა წყალში ჩამიყაროს ამ კანონმა“ – ამბობს ლელა.

  •  რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: