სიახლეები

ეს კანონი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი სათუოს ხდის – DataFest Tbilisi

18.04.2024 • 3955
ეს კანონი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი სათუოს ხდის – DataFest Tbilisi

მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების შესახებ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ფესტივალი DataFest Tbilisi საქართველოს მთავრობის მიერ რუსული, აგენტების კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება და წერს, რომ რომ რეპრესირებულ ქვეყნებში მცხოვრები პროფესიონალების გამოცდილების გათვალისწინებით, რომელთაც წლების განმავლობაში უთმობდნენ ფესტივალის პლატფორმას, ჩანს, რომ ეს კანონიც ქართული სამოქალაქო სივრცის ანალოგიურად შეზღუდვას ისახავს მიზნად.

„კანონპროექტის ხელახლა ინიციირებამ იმედგაცრუება, ბრაზი და გაოგნება გამოიწვია.

დაფუძნების დღიდან დღემდე DataFest Tbilisi აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა სექტორს, ქვეყანასა და ექსპერტს შორის თანამშრომლობასა და კოლაბორაციას. მეტიც, ფესტივალმა შექმნა გარემო, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ გამოცდილებებისა და ინსპირაციის ერთმანეთისთვის გაზიარება. წლების განმავლობაში ამაყად გვითანამშრომლია არაერთ საერთაშორისო დონორთან, კერძო კომპანიასთან და საჯარო უწყებასთან, რათა ერთობლივი ძალებით შეგვექმნა საინტერესო და შთამაგონებელი გარემო ფესტივალის სტუმრებისთვის. 

აღნიშნული კანონი არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მიდგომას (ქართულ საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო დონორებს შორის თანამშრომლობის შეზღუდვით), არამედ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობასაც კი სათუოს ხდის. 

წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რეპრესირებულ ქვეყნებში მცხოვრები პროფესიონალებისთვის პლატფორმა მიგვეცა გამოცდილებების გასაზიარებლად. ვშიშობთ, რომ შემოთავაზებული კანონი ქართული სამოქალაქო სივრცის ანალოგიურად შეზღუდვას ისახავს მიზნად. 

გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა ახლა უფრო რელევანტურია – უნდა შევქმნათ პლატფორმა გამოცდილების, ცოდნისა და შთაგონების გაზიარებისთვის, რათა ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გამოვიყენოთ მონაცემები და ტექნოლოგია დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი საუკეთესო სტრატეგია იმის კეთებაა, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის — მონაცემთა ენთუზიასტების დაკავშირება და ერთმანეთისთვის ცოდნის, გამოცდილებისა და შთაგონების გაზიარება, რათა წვლილი შევიტანოთ ამ კანონის წინააღმდეგ გამარჯვებაში” – წერია განცხადებაში.

DataFest Tbilisi -მა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: