სიახლეები

ეს კანონი გახდება ბერკეტი ხელისუფლებებისთვის მათთვის არასასიამოვნო პირების წინააღმდეგ – თემო რეხვიაშვილი

18.04.2024 • 4070
ეს კანონი გახდება ბერკეტი ხელისუფლებებისთვის მათთვის არასასიამოვნო პირების წინააღმდეგ – თემო რეხვიაშვილი

„ეს კანონი, უჩემოდაც ბევრი ამბობს, რომ შეავიწროებს სხვადასხვა ადამიანს, შეზღუდავს დაფინანსების მიღებას კეთილი საქმეებისთვის, გახდება ბერკეტი ამ და მომავალი ხელისუფლებებისთვის, მათთვის არასასიამოვნო პირების წინააღმდეგ“ – ასე აფასებს რუსულ კანონს მსახიობი, მწერალი, ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის გამარჯვებული [საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი] თემო რეხვიაშვილი.

„ეს კანონი იმიტომაც უნდა გაიწვიოს მთავრობამ უკან (და არაფრით აღარ დააბრუნოს), რომ ვნებს ჩვენს, ასე თუ ისე ერთიანობის თუ არა, „ერთმანეთის ატანის“ მცდელობას. მტერ ქვეყნებზე უფრო საშიში კი, თანამოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება მგონია და ასეთ შემთხვევაში, ღირსეული მთავრობა, წესით, პირველ რიგში, ამაზე უნდა ფიქრობდეს.

საერთოდ დეპოლარიზაცია არაა მხოლოდ უბრალო პუნქტი, რომელიც ევროპის კავშირში შესასვლელად გვჭირდება, ეს ბევრად უფრო დასაფიქრებელი და გასაანალიზებელი საკითხია.

საპარლამენტო ოპოზიციისგან კი მეტის მოლოდინები მაქვს (უფრო სწორად არ მაქვს, წესით უნდა მქონდეს, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ოპოზიციაშიც არ გვიმართლებს), როდესაც პარლამენტში ზიხარ მეტი ინტელექტუალური რესურსის გაწევაა საჭირო, ევროპის დროშას მხრებზე ხალხიც იხვევს და „არა რუსულ კანონს”, ხალხიც გაჰყვირის, მათ ბევრად მეტი მოეთხოვებათ და ბევრად მაღალი სტანდარტები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე აქვთ.

ყველას ვუსურვებ ამ პროცესების მშვიდობიანად ჩავლას, არ შეიძლება არც ამ და არც სხვა კანონების მიღება, რომლებიც ადამიანებს ზღუდავს და ცხოვრებას უმწარებს“ – ამბობს თემო რეხვიაშვილი.

  • რა ხდება? 

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ფოტო: კადრი „მაუწყებლის“ ვიდეომასალიდან

______________________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: